ახალი ამბები

შსს: დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული ბადრაგირებისას გაიქცა

23 ივნისი, 2017 • 3984
შსს: დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული ბადრაგირებისას გაიქცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 ივნისს იუმორისტ დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების დროს გაიქცა. სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე კი დაკავებულის გადაყვანაზე პასუხისმგებელ პოლიციელებს სასამართლომ გირაო შეუფარდა. ასევე მათ შეუჩერდათ უფლებამოსილება.

შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღობის ფაქტზე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა 1992 წელს დაბადებული ბ.კ., რომელიც შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლების: უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ზ.გ-ს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ა.ტ-ს და უბნის უმცროსი ინსპექტორის ი.ქ-ს მიერ გადაყვანილი იქნა შსს-ს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში. იზოლატორში შესახლებამდე, ბადრაგირების დროს, ბ.კ-მ გაქცევა და მიმალვა შეძლო.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო. პოლიციის ზემოხსენებულ სამივე თანამშრომელს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 342-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2017 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღნიშნულ პირებს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო. სასამართლომ მათ ასევე შეუჩერა უფლებამოსილება.

ამავე ყაჩაღობის ფაქტზე პოლიციამ ბრალდებულის სახით 1991 წელს დაბადებული ზურაბ ქ. დააკავა, რომელიც დაზარალებულმა დავით როსტომაშვილმა და მისმა ქალიშვილმა, ქეთევან როსტომაშვილმა ამოიცნეს, როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირი. ბ.კ-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და იგი იძებნება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

მასალების გადაბეჭდვის წესი