ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე თვითმყოფადობის და ფასეულობების შესახებ ჩანაწერს განმარტავს [Video]

23 ივნისი, 2017 • 3377
ირაკლი კობახიძე თვითმყოფადობის და ფასეულობების შესახებ ჩანაწერს განმარტავს [Video]

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რა იგულისხმება ეროვნული თითმყოფადობასა და ფასეულობების ჩანაწერში, რომელიც კონსტიტუციის პირველი თავის მეხუთე მუხლს საკომიტეტო განხილვაზე დაემატა:

“აქ არის კომპლექსური ნორმა ჩამოყალიბებული, რომელიც კავშირშია პირდაპირ განათლებასთან, კულტურასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან და კომპლექსურად უნდა დავინახოთ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. ეროვნული იდენტობა, თვითმყოფადობა ყალიბდება ამ ყველაფრის გათვალისწინებით. განათლების სისტემა, კულტურის სისტემა არის ის, რაც საბოლოო ჯამში, აყალიბებს ეროვნულ თვითმყოფადობას და ხელს უწყობს ეროვნული ფასეულობების დაცვას. ეს არის საერთო კომპლექსური ნორმა, რომელიც ჩამოყალიბებულია კონსტიტუციაში, შესაბამის მუხლში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს კონსტიტუციის კანონპროექტის მუხლობრივ განხილვაზე, რომელიც დღეს, 23 ივნისს, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში გაიმართა, გადაწყდა, რომ კონსტიტუციის პირველ თავის მეხუთე მუხლში, რომელიც სოციალური სახელმწიფოს შესახებ მუხლია, ჩაიწეროს – “სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების მეცნიერების და კულტურის განვითარებაზე.

აქამდე ეს მუხლი ასე იყო ფორმულირებული –  სახელმწიფო ზრუნავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.

მუხლს დაემატება ეროვნული ფასეულობები და თვითმყოფადობა. ინიციატივის ავტორი დეპუტატი ნუკრი ქანთარიაა. მას ასევე სურდა, რომ კულტურის შესახებ ჩანაწერი დაკონკრეტებულიყო და ხელოვნება და ლიტერატურა ჩაწერილიყო, თუმცა ამ ინიციატივაზე უარი ეთქვა, რის შემდეგაც ქანთარია ეროვნული ცნობიერების და ფასეულობის შესახებ ჩანაწერის იდეით გამოვიდა.

ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, რომ უნდა გაჩნდეს ეროვნული ფასეულობების და ცნობიერების დაცვის შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერი. ინიციატივის საპასუხოდ პარლამენტის თამჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მას არ ესმის ტერმინის “ეროვნული ცნობიერების” შინაარსი და არც “ცნობიერების”:

“ეროვნული ცნობიერების ჩანაწერი სახიფათოა კონსტიტუციაში. ცნობიერების განვითარებაზე ზრუნვა?.. განათლება გასაგებია. ცნობიერების განითარებაზე ზრუნავს, არ ვიცი. ეს ადამიანების იდეოლოგიზაციას ნიშნავს და როცა ეროვნული წერია, ეს ნიშნავს ნაციონალისტურ იდეოლოგიზაციას”,- განაცხადა კობახიძემ.

ამის საპასუხოდ ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ ეს ინიციატივა არ არის არც ნაციონალისტური და არც შოვინისტური:

“ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქე უნდა იყოს ცნობიერებით თავისი სამშობლოს განცდით”,- თქვა ქანთარიამ და ამავე კონტექსტში ახსენა ტერმინი “თვითმყოფადობა”.

კობახიძე ტერმინს თვითმფმყოფადობა დაეთანხმა და ქანთარიას ამგვარი ფორმულირება შესთავაზა – სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თითმყოფადობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე.

დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით იურიდიულ კომიტეტზე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი მუხლობრივად განიხილა. ახლა პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილბების კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს. საპარლამენტო განხილვები ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი