ახალი ამბები

მიზეზი, რის გამოც ბრალდებულ დეკანოზს არ აზიარებენ

23 ივნისი, 2017 • 2889
მიზეზი, რის გამოც ბრალდებულ დეკანოზს არ აზიარებენ

პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ქორეპისკოპოსმა იაკობმა ეპიტემია დაადო და მას ამის გამო არ აზიარებენ.

“მეუფე იაკობმა ბრძანა, რომ იმ განცხადებების გამო, რომელიც მან გააკეთა საპატრიარქოს თანამდებობის პირების მისამართით, მას დაადო ეპიტემია, რომელიც ისევ მღვდელმთავარმა უნდა მოუხსნას”, – თქვა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

კითხვაზე, რაზეა დამოკიდებული ეპიტემიის მოხსნის საკითხი, პატრიარქის მდივანმა ჯერ თქვა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო შემდეგ განაცხადა: “ეს დამოკიდბეულია იმაზე, რა შედეგი დადგება სასამართლო პროცესების შემდეგ”.

ქორეპისკოპოს იაკობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს, რომელიც TV პირველთან ამბობს, რომ მღვდელს ზიარების უფლება ეპიტემიის შემთხვევაშიც უნარჩუნდება. მისი თქმით, ზიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეეზღუდოს, თუ მღვდელი, რომელსაც ბრალდებას უყენებენ, საეკლესიო სამართალს ემალება.

“ეპიტიმია – ეს გახლავთ საეკლესიო სასჯელი, თუმცა უნდა განვმარტოთ, რომ არსებითად განსხვავდება ამ სიტყვის კლასიკური გაგება. საეკლესიო სასჯელი არ ითვალისწინებს ადამიანის დასჯას დანაშაულისთვის. მისი მიზანია, ეპიტიმიის გამოყენებით ადამიანს დაეხმაროს, განაშოროს მას ვნებები და ამა თუ იმ ცოდვებისაკენ მიდრეკილება. საეკლესიო სასჯელის დანიშნულება განკურნებაა. ეპიტიმია წამალია გარკვეული ცოდვის საწინააღმდეგო”, – ამბობს “ამბიონთან” მიცმეულ ინტერვიუში მღვდელი გიორგი კიკვაძე.

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ მღვდლისთვის ზიარების აკრძალვა სერიოზული ნაბიჯია და არგუმენტაციას მოითხოვს.

ზიარება ქრისტიანული რელიგიის რიტუალია, რომლის დროსაც მორწმუნე პურს და ღვინოს იღებს, რომლის მეშვეობითაც, მოძღვრების მიხედვით, ქრისტეს სიწმინდეს ეზიარება. დეკანოზი გიორგი მამალაძე მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. იგი დაკავებიდან დღემდე არ ზიარებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი