ახალი ამბები

დეკანოზის პროცესზე პროკურატურის მოწმე ირაკლი მამალაძე იკითხება

23 ივნისი, 2017 • 2312
დეკანოზის პროცესზე პროკურატურის მოწმე ირაკლი მამალაძე იკითხება

ამ დროისთვის თბილისისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ბრალდების მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის პირდაპირი წესით დაკითხვა პროკურორის მიერ.

“ბრალდების მხარის მიერ იყო რამდენიმე კითხვა გაჟღერებული ისეთი ფორმით, რომლის დასმის უფლებაც მას არ ჰქონდა. ბუნებრივია, დაცვის მხარის მიერ გაპროტესტდა ეს კითხვები, როგორც მასზე გაცემული პასუხები.

სასამართლომ რამდენიმე ასეთი პროტესტი კითხვის განრიდების შესახებ დააკმაყოფილა. დაკითხვა საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მაგრამ, ბუნებრივია, ჯერ არ დაუსრულებია ბრალდების მხარეს მისი პირდაპირი წესით დაკითხვა”, – განაცხადა დეკანოზის სახაზინო ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა.

მისივე თქმით, ირაკლი მამალაძე დაკითხვის დროს ეხებოდა ისეთ თემებს, რომლებსაც არანაირი შეხება ჰქონდა მკვლელობის მომზადებასთან.

“საპატრიარქოს თემებზე რაღაც ამბებს ჰყვებოდა, რასაც ვერანაირი კავშირი მოვუძებნე განსახილელ საქმესთან. ახლა გადავიდა უკვე არსებით კითხვებზე პასუხების გაცემა. როგორც კი მორჩება მისი პირდაპირი წესით დაკითხვა, მაშინ შეგვეძლება ჯვარედინი დაკითხვის საშუალება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯვარედინი დაკითხვის დროს მას მოუწევს ისეთ კითხვებზე პასუხების გაცემა, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა მის მიერ არა მხოლოდ დღევანდელ ჩვენებასთან, არამედ წინა ჩვენებებთან, ასევე, მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან,” – ამბობს დეკანოზის სახაზინო ადვოკატი, პაატა მეხრიშვილი.

სასამართლოში იმყოფებიან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებიც. ბრალდებულის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, მას ჯერ არ მოუსმენია საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი