ახალი ამბები

კონსტიტუციას ეროვნულ ფასეულობებზე და თვითმყოფადობაზე ზრუნვის ჩანაწერი დაემატება [Video]

23 ივნისი, 2017 • 6241
კონსტიტუციას ეროვნულ ფასეულობებზე და თვითმყოფადობაზე ზრუნვის ჩანაწერი დაემატება [Video]

საქართველოს კონსტიტუციის კანონპროექტის მუხლობრივ განხილვაზე, რომელიც დღეს, 23 ივნისს, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მიმდინარეობს, გადაწყდა, რომ კონსტიტუციის პირველ თავის მეხუთე მუხლში, რომელიც სოციალური სახელმწიფოს შესახებ მუხლია, ჩაიწეროს – “სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების მეცნიერების და კულტურის განვითარებაზე.

აქამდე ეს მუხლი ასე იყო ფორმულირებული –  სახელმწიფო ზრუნავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.

მუხლს დაემატება ეროვნული ფასეულობები და თვითმყოფადობა. ინიციატივის ავტორი დეპუტატი ნუკრი ქანთარიაა. მას ასევე სურდა, რომ კულტურის შესახებ ჩანაწერი დაკონკრეტებულიყო და ხელოვნება და ლიტერატურა ჩაწერილიყო, თუმცა ამ ინიციატივაზე უარი ეთქვა, რის შემდეგაც ქანთარია ეროვნული ცნობიერების და ფასეულობის შესახებ ჩანაწერის იდეით გამოვიდა.

ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, რომ უნდა გაჩნდეს ეროვნული ფასეულობების და ცნობიერების დაცვის შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერი. ინიციატივის საპასუხოდ პარლამენტის თამჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მას არ ესმის ტერმინის “ეროვნული ცნობიერების” შინაარსი და არც “ცნობიერების”:

“ეროვნული ცნობიერების ჩანაწერი სახიფათოა კონსტიტუციაში. ცნობიერების განვითარებაზე ზრუნვა?.. განათლება გასაგებია. ცნობიერების განითარებაზე ზრუნავს, არ ვიცი. ეს ადამიანების იდეოლოგიზაციას ნიშნავს და როცა ეროვნული წერია, ეს ნიშნავს ნაციონალისტურ იდეოლოგიზაციას”,- განაცხადა კობახიძემ.

ამის საპასუხოდ ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ ეს ინიციატივა არ არის არც ნაციონალისტური და არც შოვინისტური:

“ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქე უნდა იყოს ცნობიერებით თავისი სამშობლოს განცდით”,- თქვა ქანთარიამ და ამავე კონტექსტში ახსენა ტერმინი “თვითმყოფადობა”.

კობახიძე ტერმინს თვითმფმყოფადობა დაეთანხმა და ქანთარიას ამგვარი ფორმულირება შესთავაზა – სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თითმყოფადობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი