ახალი ამბები

გიორგი მამალაძის ოჯახი პატრიარქს დეკანოზის თავდებით გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს

23 ივნისი, 2017 • 1917
გიორგი მამალაძის ოჯახი პატრიარქს დეკანოზის თავდებით გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს

გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოში 21 ივნისს, პატრიარქთან შეხვედრისას, ილია მეორეს სთხოვეს, რომ დეკანოზს თავდებში დადგომოდა.

ამის შესახებ ცნობილი გახდა შეხვედრის საუბრის ჩანაწერიდან, რომელიც თავად საპატრიარქომ გამოაქვეყნა.

თავდებობის შესახებ პატრიარქს დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ უთხრა:

“ამ დროის მანძილზე, მამაო რომ ციხეში ზის, თქვენო უწმინდესობავ, თქვენი თავდებობით შეიძლება მამაოს გარეთ გამოშვება იმ დროის მანძილზე, რაც სასამართლოს სხდომები მიდის. ამ დროის მანძილზე შეიძლება, რომ მამა გიორგი გარეთ გამოვიდეს თქვენი თავდებობით, თქვენო უწმინდესობავ, და თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროდ, იქნებ მონასტერში წავიდეს, იქნებ თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ აქ მოვიდეს. უბრალოდ, მისთვის ციხე არის დამთრგუნველი. ეს სიმართლე დამტკიცდება აუცილებლად, უბრალოდ, ამ ყველაფწერს თვეები სჭირდება და ეს თვეები, თქვენო უწმინდესობავ, არა მარტო მისთვის, მისი შვილებისთვისაც, მისი მეუღლისთვის, ოჯახისთვის ეს ყველაფერი არის მძიმე გადასატანი. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი თხოვნით მოგმართავთ, იქნებ თავდებობით გამოუშვათ მამაო და ეს სასამართლო სხდომები ჩვეულებრივად გაგრძელდება, და ამ სასამართლო სხდომებზე, სადაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ…”

ამ დროს მას მამა დავით ჭინჭარაული აწყვეტინებს სიტყვებით: “თორნიკე, ეს ძალიან კარგი რამ მოხდა, თქვენი ოჯახის შეხვედრა პატრიარქთან”… რა დროსაც თორნიკე მამალაძემ უთხრა, რომ ძალიან დიდი ხანი ელოდებოდა პატრიარქთან შეხვედრას და ითხოვა, რომ კიდევ ორი სიტყვით მიმართავდა და დაასრულებდა.

მამა დავითი მას პასუხობს: “თორნიკე, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, უწმინდესიც ეცდება, რომ ეს გაკეთდეს, თუ შესაძლებელია”.

მეუფე თეოდორემ მას ასევე უთხრა, რომ ეს არ არის მთლიანად მათზე დამოკიდებული და  მათი სურვილია, სიმართლე დადგინდეს.

მამა დავითმა თორნიკე მამალაძეს ასევე უთხრა: “როგორც გითხარით, სამართლებრივად მხარში გიდგავართ. პოლიტიკურ სახეს ნუ მივცემთ”.

“მთავარი არის სიმართლე. ეს ყველას გვინდა და თითოეული ჩვენგანის სურვილია. მაგრამ ძალიან ცუდია, როდესაც ეს გადადის ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში. პოლიტკაშიც გადადის, პოლიტიკოსები პოლიტიკურად იყენებენ ამას და ეკლესიის მოწინააღმდეგეები – ეკლესიის საწინააღმდეგოდ. მთავარია, თითოეულმა ჩვენთაგანმა გავითვალისწინოთ, რომ არ მივცეთ არავის უფლბა ამ საქმით მანიპულირების. ეს აროს პრიბლემა, რომ ყველა იყენებს ამ საქმეს სათავსოდ. არც მამა გიორგის სასარგებლოდ იყენებს არავინ და არც ეკლესიის სასარგებლოდ. სამწუხაროდ, ეკლესიას ძალიან ბევრი მტერი ჰყავს ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც,,”- განაცხადა მეუფე თეოდორე ჭუაძემ.

თავად პატრიარქს არაფერი უთქვამს თორნიკე მამალაძის თხოვნაზე თავდებობასთან დაკავშირებით.

დეკანოზი გიორგი მამალაძე “ციანიდის საქმეზე” “მკვლელობის მომზადების” ბრალებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურორმა ამის შესახებ საჯაროდ 13 თებერვალს განაცხადა. პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან „ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს. მამალაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც, პროკურატურის თქმით, მიფრინავდა ბერლინში, სადაც იმ პერიოდში პატრიარქი მკურნალობდა.

გენერალურმა პროკურორმა 13 თებერვალს  განაცხადა, რომ გამოძიებას ამის შესახებ მოქალაქემ შეატყობინა. “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”. 13 თებერვალს პროკურატურამ ასევე გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია: “როგორც გაირკვა, გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი