ახალი ამბები

უმრავლესობის წევრების ცნობით, ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთვება

22 ივნისი, 2017 • 10561
უმრავლესობის წევრების ცნობით, ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთვება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების ნაწილი “ნეტგაზეთთან” საუბარში უარყოფს გავრცელებულ ცნობებს ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის გაუარესების თაობაზე, თუმცა აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო კამპანიაში არ მიიღებს მონაწილეობას, როგორც ამას წინა არჩევნების დროს აკეთებდა.

დეპუტატი ნუკრი ქანთარიას “ნეტგაზეთთან” საუბარში იხსენებს, რომ ბოლოჯერ ბიძინა ივანიშვილს მსახიობ გივი ბერიკაშვილის გასვენებაში, 13 აპრილს შეხვდა და მას შემდეგ კონტაქტი არ ჰქონია:

“რაც შეეხება ბატონი ბიძინას წინასაარჩევნო პროცესში ჩართვა/არჩართვას, არა მგონია, რომ ისეთი ფორმით ჩაერთოს, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინ ჩაერთო. შეიძლება მან თავისი აზრი გამოთქვას ან არ გამოთქვას. ივანიშვილის ჯანმრთელობაზე – ეს, მე მგონი, “შემოგდებულია”. ვიცი, რომ ჯანმრთელადაა,  ეს ნამდვილად ვიცი. ნორმალურად გრძნობს თავს და არ თვლის საჭიროდ, რომ გამოვიდეს და რახან ეს საუბარი დაიწყო, დაენახოს ადამიანებს. ეს შემოგდებულია და გასაგებია, რისთვისაც. საცდელია, თუ რა რეზონანსი მოყვება საზოგადოებაში. ესეც კამპანიის ნაწილია, როგორც ჩანს”,- განაცხადა ქანთარიამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

დეპუტატ გუგული მაღრაძის თქმით, 2 თვის წინ ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით. ყოფილ პრემიერს არც მას შემდეგ დაკავშირებია, რაც ივანიშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. გუგული მაღრაძე ამბობს, რომ ივანიშვილის შვილის – ბერას მიერ გაკეთებული განმარტებით მიიღო ინფორმაცია:

“ბატონი ბიძინა არის ძალიან ჯანმრთელი ცხოვრების ადამიანი. მახსოვს, პირველ შეხვედრაზე, როდესაც სუფრასთან ვიჯექი. დიეტოლოგები რომ წერენ, როგორ უნდა იკვებო, დაახლოებით ასეთი მენიუ აქვს. დილით ვარჯიშობს და ნეტა ეგეთი ჯანმრთელობა ყველას ჰქონდეს”,- ამბობს მაღრაძე.

მისივე თქმით, ივანიშვილი დიდი ალბათობით ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთვება:

“ბიძინა ივანიშვილი, სხვათა შორის, არც საპარლამენტო არჩევნებზე არ ყოფილა ძალიან ჩართული. უბრალოდ, ბიძინამ თქვა რამდენიმე ადამიანზე, რომ რეკომენდაციას უწევს. არა მგონია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს”.

პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, მიიღებს თუ არა ივანიშვილი წინასაარჩევნო პროცესში მონაწილეობას. რაც შეეხება ივანიშვილის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს, ვოლსკი პასუხობს:

“რაში დასჭირდათ ასეთი ინფორმაციის გავრცელება?! ჩვენი ურთიერთობა, რაც იგი წავიდა პოლიტიკური ფორმატიდან, ძალიან იშვიათი გახდა და იმ საკითხებზეა, რომელიც პირად ურთიერთობებს ეხება. განზრახვა იმისა, რომ ასეთი ინფორმაცია გავრცელებულიყო, უკავშირდება იმას, რომ თქვენ დღეს მე ეს მკითხოთ და დღის წესრიგში იყოს ეს საკითხი”.

17 ივნისს “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კონფიდენციალურმა წყარომ მას მიაწოდა ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ. წყაროს ცნობით, ყოფილ პრემიერს ინსულტი აქვს და მისი  მდგომარეობა მძიმეა. ამ ინფორმაციას ყოფილი პრემიერის შვილი ბერა ივანიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

2017 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო თოქშოები გამართა რეგიონებში, რომლის საშუალებით იგი ქართული ოცნების მხადაჭერისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი