გია ჟორჟოლიანი: ორი დღის წინ ვესაუბრე ბიძინა ივანიშვილს [ვიდეო]

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და “სოციალ-დემოკრატების” ფრაქციის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ორი დღის წინ ტელეფონით ესაუბრა. დეპუტატის განცხადებით, ივანიშვილი თავს კარგად გრძნობს.

“გუშინწინ, 20 ივნისს, ველაპარაკეთ. საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. ჯანმრთელობის თაობაზე არაფერი მიკითხავს იმიტომ, რომ არაფერი ეტყობოდა და არც მაქვს ეჭვი, რომ რაიმე პრობლემა აქვს. პირიქით, ის დაინტერესდა ჩემი ჯანმრთელობით: მე ოპერაცია გავიკეთე რამდენიმე დღის წინ და ამაზე უფრო მეტი ვილაპარაკეთ. მის ჯანმრთელობაზე არ გვილაპარაკია, რადგან ეს თემა არ არსებობს. ტყუილია, სასაცილოა ეს ყველაფერი,” – ამბობს გია ჟორჟოლიანი და აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერი საქართველოში იმყოფება.

17 ივნისს “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კონფიდენციალურმა წყარომ მას მიაწოდა ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ. წყაროს ცნობით, ყოფილ პრემიერს ინსულტი აქვს და მისი  მდგომარეობა მძიმეა. 17 ივნისს ივანიშვილის ინსულტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია “ქართუ ფონდში” არ დაადასტურეს. 18 ივნისს ეს ინფორმაცია ბერა ივანიშვილმა უარყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.