ფოტო: pixabay

შშმ პირთა დასჯის მეთოდები პანსიონატებში და ომბუდსმენის რეკომენდაციები

დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პანსიონატის ბენეფიციარი მ.ხ. 2016 წლის 25 სექტემბერს პოლიციის ძალით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში. პანსიონატში სახალხო დამცველის აპარატს თავიდან განუცხადეს, რომ მ.ხ-ს დააბრუნებდნენ, როდესაც მისი აგრესიული ქცევის გამომწვევ, კიდევ ერთ შშმ პირს სხვა დაწესებულებაში გადაიყვანდნენ. მოგვიანებით, პანსიონატში ეს ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ მ.ხ. ცენტრში გამოკვლევების მიზნით მოხვდა.

2016 წელს სახალხო დამცველის ოფისმა შშმ პირებისათვის განკუთვნილი 5 პანსიონატის მონიტორინგისას მსგავსი რამდენიმე შემთხვევა აღრიცხა. ომბუდსმენი აცხადებს, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გადაყვანა ან გადაყვანაზე მუქარა შშმ პირების დასჯის მეთოდად გამოიყენება და მათ შორის წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვისათვის პანსიონატებიდან ბენეფიციარების განრიდება დამკვიდრებული პრაქტიკაა. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფად კი ფსიქო-სოციალური საჭიროების ქალები სახელდებიან. სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა რამდენიმე შემთხვევაც, როდესაც შშმ ქალს მოტყუებით მოაწერინეს ხელი ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიღებაზე და პერსონალი სტაციონარის დატოვების უფლებას არ აძლევდა. მათი სტაციონარებში მოთავსება სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის თანხლებით მოხდა.

მაგალითად, მარტყოფის პანსიონატში აღმოჩნდა, რომ ბენეფიციარები ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არა მხოლოდ კონფლიქტების განსამუხტად,  გადატვირთულობის გამოც გადაჰყავდათ.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, სპეციალიზებული დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობა, ფსიქო-სოციალური სერვისები, პროფესიული კადრების ნაკლებობდა და მათი დაბალი პროფესიონალიზმი არსებით გამოწვევებს უქმნის იქ მცხოვრებ შშმ პირებს. დაწესებულებებში ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, ბენეფიციარები საზოგადოებისაგან იზოლირებული არიან და ოჯახებთან კონტაქტს ვერ ახერხებენ. არსებობს დაწესებულებების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ხარვეზები და სამედიცინო დახმარების მიღების პრობლემა. ბენეფიციარებმა არ იციან საკუთარი უფლებების შესახებ.

იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ისინი გადაწყვეტენ, რომ მათზე განხორციელებული სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე განაცხადონ, გამოძიება არაეფექტურია.

მ.შ-მ მასზე ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ პროკურატურაში 2016 წლის მარტში განაცხადა. პროკურატურამ გამოძიება წამოიწყო, თუმცა, ომბუდსმენის განცხადებით, დროში გაჭიანურებული გამოძიება დეკემბერში იმით დასრულდა, რომ ფაქტი არ დადასტურდა.

ომბუდსმენი მოუწოდებს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს, რომ აკრძალოს პრაქტიკა და არ მოხდეს ბენეფიციარების ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გადაყვანა, ანდა გადაყვანაზე მუქარის დასჯის მეთოდად გამოყენება. ბენეფიციარებზე ძალადობის პრევენციისათვის კი მოხდეს ყველა შემთხვევის რეგისტრირება და მსხვერპლთა დახმარება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევები სახალხო დამცველის ანგარიშის, სახელწოდებით “საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ”, ერთ-ერთი ნაწილია. ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული 2016 წელს გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი პრობლემები.

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებრივი გარემო საქართველოში" - 22.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებრივი გარემო საქართველოში” – 22.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი

სახალხო დამცველის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ საქართველომ 2014 წელს მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება, დღემდე არ შექმნილა კონვენციის აღსრულების ეფექტური მექანიზმი; არ განხორციელებულა არსებითი ცვლილებები ეროვნული კანონმდებლობის კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, შედეგად კი, შშმ პირების თანაბარუფლებიანი გარემოს შესაქმნელად სახელმწიფოს წინაშე არაერთი გამოწვევა დგას.

“სამწუხაროდ, მთელი რიგი პრობლემებისა მოუგვარებელი რჩება წლიდან წლამდე. სრულყოფილი რეალიზაცია უფლებების არ ხდება ქვეყანაში, ისევე როგორც დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისთვის გადადგმული ნაბიჯები არ არის საკმარისი. გამოწვევად რჩება კონვენციის განხორციელება. დღემდე არ არის შექმნილი აღსრულების ეფექტიანი მექანიზმი,” – აცხადებს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი.

ანგარიშის თანახმად, პრობლემად რჩება შშმ პირების სოციალური დაცვა, საცხოვრებლის უფლების რეალიზება და დასაქმება, ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობა. საჯარო დაწესებულებების უმრავლესობა არ იყენებს სერვისებისა და ინფორმაციის მიწოდების ადეკვატურ ფორმებს შშმ პირებისათვის. ხშირად მათთვის შექმნილი სერვისები ვერ ფარავს სამიზნე ჯგუფების საჭიროებებს და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი არ არის.

საქართველოში არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ზუსტი სტატისტიკა და არ ხდება მისი ანალიზი, რაც აფერხებს სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვის პროცესს. არსებული მონაცემი, რომელიც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს გააჩნია, არის მხოლოდ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში მიღებული, თვითიდენტიფიკაციის საფუძველზე, რაც არ იძლევა ინფორმაციას პირის საჭიროებების შესახებ. ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკა მხოლოდ სოციალური პაკეტის მიმღებ და სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებზე სრულყოფილ სურათს არ იძლევა.

საქართველოში დღემდე შშმ პირებისთვის სოციალური სტატუსის მინიჭება მათი დიაგნოზის საფუძველზე ხდება, ანუ მოქმედებს სამედიცინო მოდელი, რაც მსხილაძის თქმით, სოციალური მოდელით უნდა ჩანაცვლდეს. ეს მოდელი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად ითვალისწინებს მის საცხოვრებელ გარემოს და სხვა ფაქტროებს.

“სოციალური მოდელი ითვალისწინებს და პირის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით განსაზღვრავს, რა სჭირდება მას, როგორ პროგრამაში უნდა ჩაერთოს და რა სახის უნდა იყოს მისთვის გამოყოფილი დახმარება. სამედიცინო მოდელი ხისტად განსაზღვრავს საჭიროებებს მხოლოდ დიაგნოზის საფუძველზე,” – ამბობს მსხილაძე.

ჯანდაცვის სამინისტროში დაწყებულია სამუშაოები მოდელის შესაცვლელად, თუმცა სახალხო დამცველის ოფისისათვის უცნობია, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, ცვლილების პროცესი კი შეუსაბამოდ გაიწელა.

სახალხო დამცველი ოფისი ასევე ნეგატიურად აფასებს ინკლუზიური განათლების პროცესს და აცხადებს, რომ პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს, განსაკუთრებით -რეგიონებში. გამოწვევად რჩება სწავლების ხარისხი და უწყვეტობაც. ომბუდმსენის ოფისი განათლების სამინისტროს ურჩევს, სპეც.მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა გაზარდოს და დანერგოს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის მორგებული დაფინანსების მოდელები.

2016 წლის მონაცემებით, საჯარო სექტორში დასაქმებული იყო 52 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხოლო კერძო სექტორში- მხოლოდ 32, რაც სახალხო დამცველი ანგარიშის თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირებისათვის გატარებული სხვადასხვა დასაქმების ღონისძიების არაეფექტურობაზე მეტყველებს.

ცალკე ნაწილი დაეთმო სახალხო დამცველის ანგარიშში შშმ პირების საარჩევნო უფლებას. ამ უფლებით სრულად შშმ პირები დღემდე ვერ სარგებლობენ. მაგალითად, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 73 საარჩევნო ოლქში შემავალი 3634 საარჩევნო უბნიდან ადაპტირებული მხოლოდ 1115 უბანი იყო, ხოლო ადაპტირების ხარისხი არ შეესაბამებოდა კონვენციით დადგენილ სტანდარტებს.

სახალხო დამველი რეკომენდაციით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შშმ ქალები და გოგონები მოიაზროს ცალკე სამიზნე ჯგუფად და იზრუნოს მათთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებაზე. შშმ ქალები და გოგონები დღემდე ვერ სარგებლობენ მათზე მორგებული სამედიცინო მომსახურებით. ამ კუთხით მწვავე პრობლემად დგას რეპროდუქციული და სქესობირივი ჯანმრთელობის საკითხები.

სახალხო დამველის ოფისმა გამოწვევების შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადა კონკრეტული სამინისტროებისთვის, მთავრობისა და პარლამენტისათვის. როგორც სახალხო დამცველის მოადგილე ეკა მსხილაძე ამბობს, რეკომენდაციები თითქმის უცვლელი რჩება, რადგან შშმ პირების უფლებრივი გარემო განსაკუთრებულ ცვლილებებს არ განიცდის.

“რიგ საკანონმდებლო აქტებში კვლავ მეორდება ტერმინოლოგია, რომელიც პირდაპირ წინააღდეგობაში მოდის კონვენციასთან – ეს გხვდება როგორც განათლების შესახებ კანონში, ასევე ჯანდაცვის შესახებ კანონში. როგორიც არის: დაინვალიდება, უნარშეზღუდული და ა.შ.”- ამბობს მსხილაძე.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ შექმნას გაეროს კონვენციის იმპლემენტაციისათვის ეფექტური მექანიზმი და დააწესოს შშმ პირთა შესახებ სტატისტიკის წარმოების ვალდებულება.

ასევე მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, დანერგოს სტატუსის მინიჭების სოციალური მოდელი, ხელი შეუწყოს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს. განსაკუთრებით- შშმ ბავშვები დააბრუნოს ბიოლოგიურ ოჯახებში და გაზარდონ მათი ოჯახებისათვის ხელმისაწვდომი სერვისები, რადგან სერვისების სიმწირის გამო იზრდება მათი მიტოვების რისკიც.

შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ომბუდსმენის ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებს იზიარებენ, თუმცა ისურვებდნენ, რომ რეკომენდაციებს უფრო მკაცრი ტონი ჰქონოდა. ისინი ასევე აცხადებენ, რომ კონვენციის რატიფიცირების მიუხედავად შშმ პირთა უფლებრივი გარემო ძალიან მცირე ტემპით ვითარდება.

“რატომ არ იცვლება გარემო? ალბათ, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც არსებობს და რაც ანგარიშში შეიძლება არის, მაგრამ ძალიან მცირე დოზით – ეს არის კოორდინირება სახელმწიფო დონეზე. ფაქტორივად, იგნორირებულია და არ სრულდება კონვენციის 33-ე მუხლი. ეს არის პრობლემა, რომლის მოსაგვარებლადაც ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. არსებობს ცალ-ცალკე გეგმები, მიდგომები, მაგრამ ერთობლივად არაფერი მუშაობს და ვერც იმუშავებს, თუ იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი ორგანო არ შეიქმნა ქვეყანაში,”- აცხადებს კოალიცია “დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” გამგეობის თავჯდომარე გიორგი ძნელაძე.

ძნელაძის პოზიციას ეთანხმება ორგანიზაცია “პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის” წარმომადგენელი გია კაკაჩიაც და აღნიშნავს, რომ შშმ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ასევე უნდა გააქტიურდნენ ადგილობრივი თვითმმარველობები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი