ახალი ამბები

სუბარის თქმით, ბოიკოტის მიუხედავად, კონსტიტუციას “ერთი სიით გასული” რამდენიმე პარტია განიხილავს

22 ივნისი, 2017 • 1749
სუბარის თქმით, ბოიკოტის მიუხედავად, კონსტიტუციას “ერთი სიით გასული” რამდენიმე პარტია განიხილავს

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თქმით, ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის საპარლამენტო განხილვების დატოვება პროცესს ლეგიტიმაციას არ უკარგავს და დამტკიცების შემთხვევაში, ეს არ იქნება ერთი პარტიის მიერ მიღებული დოკუმენტი. სოზარ სუბარის თქმით, დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ქართულ ოცნებასთან ერთად მისი მოკავშირე რამდენიმე პარტიაა:

დღეს დარბაზში არის არა ერთი პარტია, არამედ რამდენიმე პარტია, რომელიც ერთი სიით გავიდა. ოპოზიციას რაც უნდოდა, ნაციონალურ მოძრაობას ვგულისხმობ, მიიღეს რამდენიმე წლის წინ მათი კონსტიტუცია, რომელზეც არავის არაფერი ჰკითხეს. დღეს, როცა დარბაზში მიდის მსჯელობა, იქ მხოლოდ ქართული ოცნება არ არის, იქ არის რამდენიმე პარტია” – უთხრა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოზარ სუბარმა. 

20 ივნისს “პატრიოტთა ალიანსმა” კონსტიტუციის განხილვის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა. ირმა ინაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ხალხი მოატყუა და ისინი ამ ტყუილში და ფარსში  მონაწილეობას არ მიიღებენ. 

21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტი “ნაციონალურმა მოძრაობამაც” გამოუცხადა. რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას ცუდი განზრახვა აქვს და ამ განზრახვის შესრულებაში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ.

დღის ბოლოს საპარლამენტო განხილვებს ბოიკოტი საპარლამენტო უმცირესობამაც გამოუცხადა. დავით ბაქრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმის საპარლამენტო განხილვაში მონაწილეობა იმიტომ მიიღეს, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღება ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის რეჟიმში არ უნდა წარმართულიყო. თუმცა, მისი თქმით, განხილვამ აჩვენა, რომ ხელისუფლება თავისი დღის წესრიგით მოქმედებს და ამიტომ “ევროპული საქართველო” განხილვაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.

კონსტიტუციის საპარლამენტო განხილვებს ბოიკოტს უცხადებს 14 არასამთავრობო ორგანიზაციაც. და, შესაბამისად, საკომიტეტო განხილვებში ჩართვას არ აპირებს.  ამის შესახებ მათ დღეს, 22 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი