ჩუგოშვილი: კონსტიტუციის განხილვის პროცესს სამართლებრივი ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს

პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, კონსტიტუციის საპარლამენტო განხილვის პროცესს სამართლებრივი ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს. მისივე თქმით, ოპოზიციის მონაწილეობა პროცესის პოლიტიკური ლეგიტიმაციისთვის უკეთესი იქნებოდა.

დეპუტატის თქმით,კონსტიტუციის საპარლამენტო განხილვის პროცესში პარტიები რომ არ მონაწილეობენ, ეს კარგი არ არის:

“სხვა პარტიები ამ განხილვაში არ იღებენ მონაწილეობას და მხარს არ უჭერენ. ძალიან სამწუხაროა. კონსტიტუციის შემუშავების პროცესი ძალიან მძიმე პროცესი იყო, ბევრი კომპრომისი გახდა საჭირო, როგორც გუნდის შიგნით, ასევე ბევრი რამე დავთმეთ პარტიებთან. ასევე, არასამთავრობოების რეკომენდაციით, ბევრი რამ გავითვალისწინეთ,”- ამბობს ჩუგოშვილი.

მისივე აზრით,  პოლიტიკური ლეგიტიმაციისთვის უკეთესი იქნებოდა, განხილვებში მონაწილოეობა ოპოზიციასაც მიეღო:

“ბოლოს მივიღეთ ისეთი სიტუაცია, რომ დარბაზში მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები არიან, რაც ძალიან სამწუხაროა,  მაგრამ, როგორც ჩანს, მიზანი ეს იყო, რომ ეს პროცესი დაზარალებულიყო. პროცესი არის ლეგიტიმური, რადგან უმრავლესობას ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს  ნიშნავს, რომ სამართლებრივად აქვს გადაწყვეტილებების მიღების ლეგიტიმური უფლება.”

14 არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის საპარლამენტო განხილვებს ბოიკოტს უცხადებს და, შესაბამისად, საკომიტეტო განხილვებში ჩართვას არ აპირებს. ამის შესახებ მათ დღეს, 22 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

20 ივნისს “პატრიოტთა ალიანსმა” კონსტიტუციის განხილვის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა. ირმა ინაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ხალხი მოატყუა და ისინი ამ ტყუილში და ფარსში  მონაწილეობას არ მიიღებენ. 

21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტი “ნაციონალურმა მოძრაობამაც” გამოუცხადა. რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას ცუდი განზრახვა აქვს და ამ განზრახვის შესრულებაში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ.

დღის ბოლოს საპარლამენტო განხილვებს ბოიკოტი საპარლამენტო უმცირესობამაც გამოუცხადა. დავით ბაქრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმის საპარლამენტო განხილვაში მონაწილეობა იმიტომ მიიღეს, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღება ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის რეჟიმში არ უნდა წარმართულიყო, თუმცა, მისი თქმით, განხილვამ აჩვენა, რომ ხელისუფლება თავისი დღის წესრიგით მოქმედებს და ამიტომ “ევროპული საქართველო” განხილვაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.