NATO-საქართველოს თანამშრომლობა ჟენევის დისკუსიებზე კვლავ რუსეთის განხილვის საგანი გახდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 2017 წლის მე-40 რაუნდის შემდეგ გაავრცელა, ნათქვამია, რომ აფხაზურმა, რუსულმა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავების გამო.

შესაბამისად, როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ვითარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, ერთი მხრივ, საქართველოს,  მეორე მხრივ კი, აფხაზური და ოსურის მხარეების მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა ერთობლივი განცხადების პროექტის განხილვის აუცილებლობას.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობითვე,  აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს “საქართველოს მზარდ პოლიტიკურ აგრესიაზე, სხვადასხვა საერთაშორისო მოედანზე მისი ბოლოდროინდელ კონფრონტაციულ გამოხტომებზე, რაც არ ეხმარება ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრას და მხოლოდ ქართულ პროპაგანდის მიზნებს ემსახურება. მსგავსი ცალმხრივი ნაბიჯები ჟენევის დისკუსიების ფარგლებში დევნილთა თემების განხილვას აზრს უკარგავს და მთელ მოლაპარაკებათა პროცესს სერიოზულ ზიანს აყენებს”.

რუსეთის საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა სოხუმთან და ცხინვალთან საზღვრის დემარკაციაზე და დელიმიტაციაზე ერთობლივი მუშაობა, “ვინაიდან ადგილობრივ მცხოვრებლებს არ აქვთ ზუსტი წარმოდგენა, სად გადის საზღვარი, ეს ხდება მრავალი საყოფაცხოვრებო ინციდენტის მიზეზი”.

ჟენევის დისკუსიების შემდეგ  თითქმის იდენტური ტექსტის განცხადებები გაავრცელეს აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა.

ქართული მხარის ცნობით კი, საქართველოს წარმომადგენლებმა “კვლავ მწვავედ დააყენეს რუსეთის ანექსიის პოლიტიკის შედეგები”.

“მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყოველდღიურად ხდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევა. კერძოდ, საქართველოდან სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ნაცვლად რუსეთი, პირიქით, აძლიერებს სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. რეგულარული ხასიათი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნებსაც, რაც ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენებით მუქარის მკაფიო გამოხატულებაა”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითვე, საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.

“აღნიშნულ თემებზე გაიმართა საგნობრივი დისკუსია, რომლის შედეგადაც მონაწილეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა ერთობლივი განცხადების მიღების მიზნით”.

ინტენსიური განხილვის საგანს, როგორც ქართული მხარე აცხადებს, ასევე წარმოადგენდა “საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე შედეგები. საქართველოდან მონაწილეებმა დააყენეს ასევე საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებებისა და გატაცებების მავნე პრაქტიკა და მოუწოდეს მონაწილეებს, კვიპროსის მაგალითის მსგავსად, პრაგმატული გზები გამოიძებნოს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლების უზრუნველსაყოფად”.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებსაც ქართული მხარის ცნობითვე ყურადღება დაეთმო, ეს არის “კულტურული ძეგლების მდგომარეობა; ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის ერთობლივი მუშაობის აუცილებლობა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აუცილებლობა; გიგა ოთხოზორიას მკვლელის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობა”.

“თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და მონაწილეებმა აღნიშნეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვის მნიშვნელობა. თუმცა ამ თემაზე დისკუსიის დაწყებისთანავე რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკების დარბაზი. მსგავსი უპასუხისმგებლო მიდგომა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მანდატისა და სამშვიდობო პროცესების მიმართ მოსკოვის დამოკიდებულებას.

ჟენევის მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები. ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. ასევე- ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2017 წლის 10-11 ოქტომბერს გაიმართება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი