ახალი ამბებისამართალი

სააგენტოს პოზიცია, რომელიც ფარულად გვისმენს – სასამართლო პროცესის მეორე დღე

21 ივნისი, 2017 • 7043
სააგენტოს პოზიცია, რომელიც ფარულად გვისმენს – სასამართლო პროცესის მეორე დღე

“არც ერთ ქვეყანაში არაა სრულიად დამოუკიდებელი ის ორგანო, რომელიც ფარულ მიყურადებას ახირციელებს,” – უთხრა მოსამართლეებს დავით გაბეხაძემ, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა. ეს სააგენტო ახორციელებს ამჟამად ფარულ მიყურადებას, თუმცა სუს-ს მისი კონტროლის მექანიზმი ისევ გააჩნია.

საკონსტიტუციო სასამართლო მეორე დღეა განაგრძობს ზეპირ მოსმენას „უკანონო მოსმენების წინააღმდეგ” 326 მოქალაქის სარჩელზე. სასამართლოს პლენუმმა უნდა გადაწყვიტოს, სარჩელზე არსებითი განხილვა დაიწყება თუ პირდაპირ არაკონსტიტუციურად გამოცხადდება ფარული მოსმენების კუთხით პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეგულაციები.

დავით გაბეხაძე მოსამართლეებს მოუყვა, რა გაკეთდა მას შემდეგ, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის აპრილში ფარული მოსმენების კუთხით არსებული რეგულაციები გააუქმა.

„ჩვენ დავიწყეთ უცხო ქვეყნების პრაქტიკის შესწავლა. თითქმის ყველა ქვეყანაში ორგანო, რომელიც ფარულ მოსმენას ახორციელებს, ინტეგრირებულია რომელიმე ძალივან უწყებასთან”, – აღნიშნა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელმა დავით გაბეხაძემ. მან სააგენტოს დებულებიდან გამოკვეთილი ინტონაციით წაიკითხა ჩანაწერი: „სააგენტო დამოუკიდებლად ასრულებს მისთვის განსაზღვრულ უფლებამოსილებებს”.

მოსამართლე მაია კოპალეიშვილი რამდენჯერმე ჩაეკითხა მოწმეს, რა არის პრევენციის და რისკის მექანიზმი.

„გასაგებია, რომ თქვენ საუბრობთ სასამართლო კონტროლზე, მაგრამ მოსამართლეს ინფორმაცია მიეწოდება ფარული მოსმენის შემდეგ. ან როგორ დავიჯეროთ, რომ სააგენტო საკუთარ დარღვევებზე მიუტანს ინფორმაციას სასამართლოს?”- იკითხა მაია კოპალეიშვილმა.

ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელმა, დავით გაბეხაძემ განმარტა, რომ მონაცემთა ბაზებზე წვდომა აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსაც.

„ეს მხოლოდ ინსპექტირების დროს ხომ?”- დააზუსტა მაია კოპალეიშვილმა, რაზეც მოწმისგან პასუხი მიიღო: “კი, ინსპექტირების დროს”.

მოსამართლე მერაბ ტურავამ ყურადღება გაამახვილა ე.წ. „მეორე გასაღებზე”, რაც კანონის შეცვლამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ჰქონდა.

„ადრე თქვენ ელოდით თანხმობას ინსპექტორისგან და შემდეგ იწყებოდა მოსმენა. ალბათ დროში ჭიანურდებოდა პროცესი და ამიტომ აღარ ელოდებით ამ მეორე გასაღებს, მაგრამ ინსპექტორი ხედავს მოსმენის პროცესს ელექტრონულად და შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მოსმენა, ასეა არა”, – დაინტერესდა მერაბ ტურავა.

„ასეა, ახლა ჩვენ მეტი ოპერირების საშუალება მოგვეცა“, – დაეთანხმა მოსამართლეს სააგენტოს წარმომადგენელი დავით გაბეხაძე. „ – ადრე ხანდახან 5-6 დღე ველოდებოდით ინსპექტორისგან თანხმობას, რადგან ხშირად გვიანდებოდა მისთვის სასამართლო განჩინების ჩაბარება, საქმე ფუჭდებოდა…”

„იქნებ დააზუსტოთ, რომელი უფრო ფუჭდებოდა: ადამიანის უფლებების საქმე, თუ დეპარტამენტის?” – ჩაეკითხა მოწმეს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი.

დავით გაბეხაძემ ადამიანის უფლებებზე დასმულ კითხვა უპასუხოდ დატოვა. თქვა მხოლოდ ის, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საქმის კურსშია, როცა მოსმენა ხორციელდება და მას შეუძლია მომენტალურად გამორთოს პროგრამა, თუკი კანონდარღვევას დააფიქსირებს.

სააგენტოს წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ ახალი უწყების ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და მას დამოუკიდებელი ბიუჯეტი აქვს. მოსამართლეებმა მას შეახსენეს, რომ ამ სააგენტოს ნებისმიერ მასალაზე წვდომის უფლება სუს-ის ხელმძღვანელს აქვს.

სასამართლოს პლენუმი ამჯერად სუს-ის წარმომადგენელს მოუსმენს.  ახალ სააგენტოზე და, შესაბამისად, ფარულ მოსმენებზე კონტროლის ბერკეტი ამ უწყებას აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი