ახალი ამბები

ფოფხაძე: მართლმადიდებლობა არის და იქნება ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი და მამოძრავებელი

21 ივნისი, 2017 • 3498
ფოფხაძე: მართლმადიდებლობა არის და იქნება ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი და მამოძრავებელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების კუთხით პრობლემა არ აქვს.

“რა დასკვნაც არ უნდა გააკეთოს ვენეციის კომისიამ ან სხვა ორგანიზაციამ, ერთი სუბიექტის გაძლიერება სხვა სუბიექტების ავტომატურ შესუსტებას არ ნიშნავს. საქართველოს ისტორიის რეალურ მოცემულობას ვერავინ შეცვლის. საქართველოში მართლმადიდებლობის როლი ვერსად შეიცვლება და ვერ დაიკარგება, ეს არის და იქნება ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი და მამოძრავებელი ,”- განაცხადა გედევან ფოფხაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

კონსტიტუციური ცვლილებების პროექტით, “ყოველ ადამიანს აქვს რწმენისა და სინდისის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა რწმენის ან სინდისის გამო, აგრეთვე მისი იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება რწმენის ან სინდისის შესახებ. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.”

ხოლო, კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით,  “ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება . დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.”

კონსტიტუციის პროექტით, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის თანახმად, შესუსტდა ჩანაწერი რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი