ახალი ამბები

კომისიის რეკომენდაციით, “რეალური სივრცე” GBP-ის ეთერში უნდა დარჩეს

21 ივნისი, 2017 • 2501
კომისიის რეკომენდაციით, “რეალური სივრცე” GBP-ის ეთერში უნდა დარჩეს

21 ივნისს საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის მესამე ტურის გამარჯვებულები გამოავლინეს. კომისიამ აღმასრულებელ საბჭოს  რეკომენდაცია გაუწია შემდეგ პროექტებზე:

მიმართულება: სოციალური

სოციალური თოქ-შოუ
ქეთევან კაპანაძე „რეალური სივრცე“

მიმართულება: კულტურა

კულტურულ-შემეცნებითი გადაცემა
გიორგი ასანიშვილი „ნაცნობი მელოდიები“

კულტურის სიახლეების მიმოხილვა
თეონა ჯორბენაძე „Modem/Art“

მიმართულება: შემეცნებით-საგანმანათლებლო

ჯანსაღი ცხოვრება
მარი მალაზონია „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

სოფლის მეურნეობა
თამარ ბოლქვაძე „ფერმა“

მიმართულება: საბავშვო-ახალგაზრდული

საბავშვო შემეცნებითი გადაცემა
დალი ხოჯავა „სუპერგმირი“

საბავშვო-ახალგაზრდული შემეცნებითი გადაცემა
ნინო კელაურიძე „წიგნების თარო“

თამარ ციციშვილი „ხარ თუ არა მეხუთეკლასელზე ჭკვიანი?!“

მიმართულება: შემეცნებით-გასართობი

კულინარიული შოუ
ნინო გოგოლაური „გურმანია“

GBP-ის ინფორმაციით, გადაცემების შერჩევაზე პასუხისმგებელმა კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, გაიცეს რკომენდაცია, რომ საჭიროა წარმოებაში ჩაშვების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დამატებით იმუშავებს პროექტის ავტორებთან ერთად პროექტების რეალიზაციის ტექნიკურ შესაძლებლობებზე, ფორმატების დახვეწაზე ბადესთან თავსებადობის კუთხით, პროექტების ვიზუალური მხარის და დიზაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთიან ვიზუალურ კონცეფციასთან თავსებადობის ნაწილში.

ასევე, რეკომენდაცია გაუწია პროექტის „ხანმოკლე მეოცე საუკუნე“ ავტორებს და აღმასრულებელ საბჭოს, პროექტი დაფორმატდეს ვებპლატფორმისთვის. ასევე, რეკომენდაცია გაუწია აღმასრულებელ საბჭოს, განიხილოს პროექტ „ოკულარის“ ცალკეული ელემენტების ვებპლატფორმისთვის გარდაქმნის საკითხი.

კონკურსი 3 აპრილს გამოცხადა და სამი ეტაპისგან შედგებოდა. სულ 153 პროექტი შემოვიდა, მათგან 37 მეორე ტურში მოხვდა. მეორე ტურში გადასულმა აპლიკანტებმა კომისიის წინაშე პროექტის პრეზენტაცია გამართეს, მესამე ტურის კანდიდატად მათგან 15 დასახელდა. გარდა ამისა, 17 მაისს გამართულ სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რეკომენდაცია გაეწია გენერალურ დირექტორთან პროექტების, „მედია-რენტგენი“ – შალვა რამიშვილი, „ხანმოკლე XX საუკუნე“ – ლექსო ქურხული და „ჩემი ქალაქის მეეზოვე“ – ზურაბ ინაშვილი, განხორციელების შესაძლებლობის შესახებ.

მათი ინფორმაციით, გენერალურმა დირექტორმა განიხილა შესარჩევი კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია და მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე კონკურსის ფარგლებში მომზადებულიყო პილოტები აღნიშნულ პროექტებზე, რომლებსაც კომისია შეაფასებდა მესამე ტურში გადასულ სხვა პროექტების პილოტებთან ერთად.

საზოგადოებრივ მაუწყებელის სამეურვეო საბჭომ 7 მარტს მხარი დაუჭირა მენეჯმენტის მიერ წარდგენილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არსებული გადაცემები მაუწყებლის ეთერში მხოლოდ  2017 წლის 17 ივლისამდე დარჩება, სექტემბრიდან კი ახალ სეზონს მაუწყებელი განახლებული საეთერო ბადით გააგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი