ახალი ამბები

აფგან მუხთარლის მხარდამჭერი ერთკაციანი აქცია ევროსასამართლოსთან

21 ივნისი, 2017 • 4403
აფგან მუხთარლის მხარდამჭერი ერთკაციანი აქცია ევროსასამართლოსთან

დღეს, სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობის წინ ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ საქართველოდან გატაცებული აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გამართა.

„ვინაიდან საქართველოდან ჩვენი გასაჭირის შესახებ ინფორმაცია არ მიდის სათანადო ტემპით და ამით სარგებლობს ხელისუფლება, რაც კონკრეტულად ამ შემთხვევაში აფგან მუხთარლის გატაცების გამოძიების ხელოვნურად გაჯანჯლებაში გამოიხატა, მე გადავწყვიტე უშუალოდ მივაწოდო ინფორმაცია საფრანგეთის და გერმანიის პენ კლუბის წარმომადგენლებს. ამიტომაც ვმართავ აფგანის მხარდამჭერ აქციას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან და ევროპის საბჭოსთან.

მუხთარლის გატაცების გარდა, მე ვისაუბრებ იმ ტენდენციებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში შეიმჩნევა საქართველოში – როგორც მედიის სფეროში,  ასევე სასამართლო ხელისუფლებაში. მაქსიმალურად ზუსტად აღვუწერ ახალი ჰიბრიდული რეჟიმის ჩამოყალიბებაზე საქართველოში. ვისაუბრებ  ე.წ.საკონსტიტუციო რეფორმების ფარგლებში ხელისუფლების მიერ შემოგდებული სულ ახალ “სიურპრიზზეც”. და კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ამჯერად ხელისუფლებისთვის იქნება მწარე “სიურპრიზი”. ჩათვალონ, რომ ეს მათ უსირცხვილობაზე ჩემი პირადი პასუხია“, – აცხადებს ირაკლი კორძაია.

ირაკლი კორძაია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ახლა ის დამოუკიდებელი ჟურნალისტია.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. 30 მაისს ქართული მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში გაუჩინარებული ჟურნალისტი ბაქოში აღმოჩნდა დაპატიმრებული. საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ ჟურნალისტი გაუჩინარების შესახებ მათთან შეტყობინება 30 მაისს შევიდა და, შესაბამისად, სწორედ 30 მაისს დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყებიდან ორ დღეში, ანუ 1 ივნისს საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მუხთარლის “გაუჩინარების” საქმეში, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა გამორიცხეს.

მუხთარლის ქართველმა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა კი გვითხრა, რომ 29 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ გამოძიებას 15 ივნისის მდგომარებითაც კი არ ჰქონდა დათვალიერებული შემთხვევის ადგილი. ადვოკატის თქმით, 15 ივნისის მდგომარეობით, კვლავ ამოსაღები იყო ქუჩის ვიდეოკამერების ჩანაწერების ნაწილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი