“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

“ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს, რომელზეც კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი ორი მოსმენით უნდა მიიღონ, ბოიკოტი გამოუცხადა.

რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას ცუდი განზრახვა აქვს და ამ განზრახვის შესრულებაში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ:

“ჩვენ არ ვიცით, რას განვიხილავთ, არ ვიცით, რატომ ვიხილავთ დაჩქარებულად კონსტიტუციას. არ ვიცით, რა აუცილებელია საგანგებო სხდომის მოწვევა, რა აუცილებელია  სამ დღეში ორი მოსმენით მიღება. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ცუდი განზრახვა აქვს. ჩვენ ამ ცუდი განზრახვის ასრულებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს ვუცხადებთ,” -განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ.

დეპუტატის თქმით, რასაც ხელსიუფლება სიტყვიერად ამბობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე,  პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტი მისგან განსხვავებულია:

“რეალრუად, ჩვენ არ ვიცით, რა დოკუმენტს განვიხილავთ. ხელისუფლება ცდილობს საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ისინი არ ასრულებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს,” – აღნიშნა გოცირიძემ.

21 ივნისს რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტი “პატრიოტთა ალიანსმაც” გამოუცხადა. ირმა ინაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ხალხი მოატყუა და ისინი ამ ტყუილში და ფარსში  მონაწილეობას არ მიიღებენ.

საპარლამენტო უმრავლესობას მიმდინარე კვირაში კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის ორი მოსმენით მიღება სურს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.