ახალი ამბები

პარლამენტი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს

21 ივნისი, 2017 • 1877
პარლამენტი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს

დღეს, 21 ივნისს, პარლამენტი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ისინი არსებულზე ბევრად უფრო სრულყოფილ კონსტიტუციას მიიღებენ, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს კონსტიტუცია ერთი პარტიისაა და მასზე კონსენსუსი არ არსებობს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საზოგადოების ჩართულობით მიმდინარეობდა:

“შემდეგ იყო კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან და მათ დასკვნაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და კონსტიტუცია ბევრად უფრო სრულყოფილი ხდება. ჩვენ დღეიდან გადავდივართ საპარლამენტო განხილვის რეჟიმზე, წინ გვაქვს დებატები და მსჯელობა,” – ამბობს თალაკვაძე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ამ პროცესს ყველაზე მთავარი რამ აკლია, ეს არის კონსენსუსი.

“მთელი ამ დროის განმავლობაში უმრავლესობამ ყველაფერი გააკეთა, რომ კონსენსუსი არ ყოფილიყო. ამ პროექტს მხარს არც ერთი პოლიტიკური პარტია უჭერს, არც საზოგადოება. არასამთავრობო სექტორი კონსტიტუციის ბევრ ნაწილს აკრიტიკებს, ვენეციის კომისიამ ფუნდამენტური შენიშვნები დადო. ამ შენიშვნებიდან რასაც მიესალმა “ქართული ოცნება”, იმასაც არ აკეთებს. ეს არის მარტო დარჩენილი უმრავლესობა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ”

დეპუტატის თქმით, ისინი პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ ისაუბრებენ კონსტიტუციის ყველაზე პრობლემურ ნაწილებზე, ეს არის პრეზიდენტის თავი და საარჩევნო სისტემა:

“ამის გარდა მთელი რიგი პატარა საკითხებია, რომლებიც ამაზე უმნიშვნელოა, მაგრამ პრობლემატურია, იქნება ეს უშიშროების საბჭო თუ სხვა. საბოლოო ჯამში, კონსტიტუციას ალბათ მაინც მიიღებენ, მაგრამ ეს იქნება ყოველგვარი ლეგიტიმაციის და კონსენსუსის გარეშე, ერთი პარტიის მიერ მიღებული კონსტიტუცია,” – აღნიშნავს კაპანაძე.

პარლამენტის სხდომა 13:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ჯერ არ დაწყებულა. საპარლამეტნო უმრავლესობა სხდომის დღის წესრიგზე მართავს კონსულტაციებს. დღევანდელ სხდომაზე, სავარაუდოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსაც აირჩევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი