გახსნილი კონვერტები ყრია ძირს. მარეული #48-ე უბანი © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

საარჩევნო სისტემაზე “ოცნების“ გადაწყვეტილება მიუღებელი და გაუმართლებელია – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მიუღებელია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება პროპორციულ საარჩევენო სისტემაზე გადასვლის გადავადებასთან დაკავშირებით.

19 ივნისს ცნობილი გახდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეინარჩუნოს შერეული საარჩევნო სისტემა და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდეს 2024 წლის არჩევნებისთვის. ამასთან, უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, 2020 წლის არჩევნებისთვის ბარიერი ერთჯერადად 3%-მდე შემცირდება. ამავე დროს, ძალაში დარჩება გადაწყვეტილება საარჩევნო ბლოკების გაუქმების შესახებ.

“ცალსახად და ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელია. მიუხედავად ჩვენი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებულ პაკეტში შემოთავაზებული გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნების წესისა და ბლოკების გაუქმებისადმი 5%-იანი ბარიერის შენარჩუნების პირობებში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაინც დადებითად შევაფასეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

ეს მოსაზრება გაიზიარა ასევე ვენეციის კომისიამ და პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა პროპორციული სისტემის შემოღება.  საკონსტიტუციო კომისიაში გამართული 4-თვიანი მუშაობის, ვენეციის კომისიასთან შემდგარი შეხვედრების და მისი შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, სრულიად არაადეკვატურია მმართველი პარტიის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება პროპორციული სისტემის ძალაში შესვლის კიდევ უფრო გადავადების შესახებ.

მსგავსი მიდგომა აზრს უკარგავს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, რომლის უმთავრესი მიზანი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირება და კონსენსუსზე დამყარებული კონსტიტუციის მიღება უნდა ყოფილიყო. ამის სანაცვლოდ, „ქართულმა ოცნებამ“ დაინტერესებული მხარეების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე და მათი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ერთპიროვნულად, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, შეცვალა გადაწყვეტილება 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ”, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში და აღნიშნულია:

“მმართველი პარტიის მიერ მოყვანილი არგუმენტი პარტიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის შესახებ, რამაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია, დაუსაბუთებელი და არადამაჯერებელია. რჩება შთაბეჭდილება, რომ შერეული სისტემის შენარჩუნებით მმართველი გუნდი ცდილობს შეიქმნას გარანტიები, რომელიც ხელს შეუწყობს უპირატესობის მოპოვებაში 2020 წლის არჩევნებზე.

გვსურს შევახსენოთ მოქმედ საპარლამენტო უმრავლესობას, რომ წინა მოწვევის პარლამენტში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეეცვალა საარჩევნო სისტემა. ამის ნაცვლად მათ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოახდინეს, რომელიც ითვალისწინებდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლის არჩევნებისთვის.

მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იყო კომპრომისის შედეგი კოალიციაში, რისი საბოლოოდ განხორციელება ვერ მოხერხდა ოპოზიციის მხარდაჭერის არარსებობის გამო. დღეს, უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, „ქართული ოცნება“ კვლავაც აჭიანურებს საკუთარი ინიციატივის მიღებას, ამჯერად პარტიის შიგნით უთანხმოების მიზეზით.

მსგავსი ლავირება და საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის მუდმივად თავის არიდება, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ფართო კონსენსუსის პირობებში, არასერიოზული და გაუმართლებელია”.

არასამთავრობოების განცხადებით, ასეთი მიდგომა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არასამთავრობო სექტორის და სხვა დაინტერესებული მხარეების სამომავლო თანამშრომლობას უმრავლესობასთან ამ თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა მოჩვენებითია და  თანამშრომლობის კონსტრუქციული ფორმატების მიუხედავად, არსებითი ცვლილებების მიღწევა ვერ ხერხდება.

“გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 19 ივნისს გაცხადებული გადაწყვეტილების კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში განხორციელებული ცვლილებები იქნება არა კონსენსუსის და ფართო საზოგადოების შეთანხმების საგანი, არამედ ერთი პარტიის მიერ დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილების შედეგი. მივიჩნევთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, ყოველგვარი გადავადების გარეშე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით”.

არასამთავრობოები მმართველ პარტიას მოუწოდებენ:

• გაითვალისწინოს ვენეციის კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, ასევე საკუთარი დაპირება საზოგადოების მიმართ და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღოს მაქსიმალური კონსენსუსის შედეგად და აუჩქარებლად, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები არ ტოვებდეს ერთი პარტიის ინტერესებზე მორგებულის შთაბეჭდილებას.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო (TI-Georgia)

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ლიბერალური აკადემიასამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)

ადამიანის უფლებათა ცენტრიინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

მედიის განვითარების ცენტრი (MDF)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com