გალი, როგორც ჩიხი [ფოტო]

პარასკევი გალში სავაჭრო დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლებიდან და ქალაქის შემოგარენიდან გალის ცენტრალურ ბაზარში ვაჭრები ჩამოდიან. ოდესღაც გალის ბაზარი  თავისი სიდიდითა და ხალხმრავლობით მთელ აფხაზეთში იყო ცნობილი. დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. დილის ათ საათზე ბაზრის შესასვლელთან მანქანის გასაჩერებელი ბევრი თავისუფალი ადგილია.

დღეს გალის ბაზარში იგივე საქონელი იყიდება, რაც სოხუმში- ჩინური და თურქული იაფფასიანი ნივთებიდან დაწყებული, სახლის კვერცხითა და ყველით დამთავრებული. წლების წინ დასავლეთ აფხაზეთიდან ჩამოსულ ადამიანებს ყველაფერი ქართულ ენაზე გვხვდებოდა. დღეს მსგავსი არაფერია. ქალაქის მთელი ცენტრალური ნაწილის ფეხით მოვლის დროს არც ერთი ქართული წარწერა არ შემხვედრია. ასევე არ შემხვედრია წიგნის მაღაზიები და გაზეთების ჯიხურები. მინდოდა მენახა, რომელ ენაზე უფრო პოპულარულია გამოცემები. ჩემს კითხვაზე, სად შეილება ვიყიდო ჟურნალი, ხანდაზმულმა მოვაჭრე ქალმა გაიცინა: ვინ კითხულობს ახლა გაზეთს. ყველას ინტერნეტი აქვს. ჩემს შვილს ჩემთვის ზუგდიდიდან ჩამოაქვს რუსულ ენაზე ჟურნალი “პადრუგა”.

ბაზართან ახლოს საპასპორტო განყოფილებაა. გალის ბევრი მცხოვრები ამ შენობაში ისე დადის, როგორც სამსახურში – იმისთვის, რომ “სამშობლოში თავიანთი ცხოვრების უფლება დააკანონონ”.

გენო ხასაია საპასრპორტო განყოფილების ფანჯარაში უკვე გაცვეთილ საბჭოთა პასპორტს აწვდის.

“მას შემდეგ, რაც აფხაზური პასპორტები გაგვიუქმეს, ენგურზე საბჭოთა პასპორტებით გვიშვებენ”, – ამბობს გენო.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ახალი ბინადრობის მოწმობის აღებას, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს, პასუხობს, რომ აიღებს.

ნინო ბერაიას საბჭოთა პასპორტი არ აქვს, საქართველოს მოქალაქეა. გალის მკვიდრზე იქორწინა და აფხაზეთში მასზე “ფორმა ექვსი” გასცეს. მათ ერთი თვის შვილს კი, იმედოვნებენ, რომ “მწვანე პასპორტს” მისცემენ.

“აფხაზეთში ჩვენ არავინ ვართ იმ ქაღალდის ნაგლეჯებით, რომლებსაც პასპორტების ნაცვლად გვაძლევენ. აქაც და საქართველოშიც, როგორც უცხოპლანეტელებს, ისე გვიყურებენ. არც აქ და არც იქ არავის ვჭირდებით. გალიდან გაუსვლელად კი ცხოვრება არ გამოდის, აქ მედიცინა საერთოდ არ არის. ბავშვი ზუგდიდში გავაჩინე და გამოკვლევებზეც იქ უნდა ვატარო იმის მიუხედავად, რომ ამ გაუგებარი დოკუმენტებით სიარული საზღვარზე ძალიან რთულია”, – ამბობს ნინო.

ნინოსგან განსხვავებით, გალელ ლუიზა შამუგიას სულ სხვა პრობლემები აქვს. ლუიზა სამ მცირეწლოვან დისშვილს ზრდის. ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა მათთვის ახლა განათლების საკითხია.

“ასე თუ ისე ვახერხებთ რუსულად საუბარს, ბავშვებიც ლაპარაკობენ. ქართულ ენას გალის მხოლოდ ერთ სკოლაში ასწავლიან. სკოლებში სწავლება მხოლოდ რუსულადაა. გამოდის, სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად მხოლოდ სოხუმში წახვალ. სოხუმში ბავშვების შენახვა ძალიან რთული იქნება, მით უმეტეს, გალელების მიმართ იქ დამოკიდებულებაც არ არის კარგი. თბილისში კი კარგი ქართულის გარეშე ვერც ერთ უნივერსიტეტში ვერ მოხვდები. ისინი, ვინც თბილისში ჩააბარეს, ქართულ ენას დამატებით სწავლობენ. ჩვენთვის რუსეთიც დაკეტილია იმიტომ, რომ არ გვაქვს საბუთები. ამ ჩვენი “ფორმა ცხრით” იქ ნათესავებთანაც ვერ ჩავდივართ. ასეთი მდგომარეობა ძალიან მოქმედებს ფსიქიკაზე. ირგვლივ არაფერი გვახარებს”.

შორენა აქუბარდიას გალის ცენტრალურ პარკში შევხვდით. შორენა ამბობს, რომ ბოლო წელს ქალაქში ცხოვრება უკეთესი გახდა.

“ქალაქი ბევრად სუფთაა. მუდმივად რაღაც სადღესასწაულო კონცერტები იმართება. ბავშვები ხშირად გაჰყავთ სოხუმში ექსკურსიებზე”, – ამბობს შორენა.

ახლა დილაა და შორენა ორ შვილთან და დისშვილთან ერთად მოსამზადებელი კლასის დაწყებამდე პარკში ისვენებს. ბავშვები ყურადღებით გვისმენენ.

“იმედია, ისინი, ჩვენგან განსხვავებით, თავიანთ მიწა-წყალზე სრულუფლებიანი მოქალაქეები იქნებიან. ძალიან გაგვაწავლეს ამ ქაღალდებით, ჯერ “ფორმა ცხრაო”, ახლა ეს ახალი ბინადრობის მოწმობა. არადა, ამბობენ, მაგ ახალი საბუთით მანქანის ყიდვასაც ვერ შეძლებთო. არ მინდა ასეთი მომავალი ჩვენი შვილებისთვის”, – ამბობს ქალი. მალე 12 საათი ხდება და შორენას ბავშვები  მოსამზადებელ კლასში მიჰყავს. მე კი გზას უკვე ქალაქის გარეუბნებისკენ ვაგრძელებ.

“ჩემი მაღაზია გალში ყველაზე პატარაა”, – ამბობს ნათია ლუკავა,- და “ყველაზე მარტოსული”, – ვფიქრობ მე, როდესაც შორიდან მიტოვებული მრავალსართულიანი შენობის ჩრდილში პატარა ჯიხურს ვხედავ. თითქმის ოცი წელია ნათია პურის ფულს ტკბილეულისა  და გაზიანი სასმელების გაყიდვით შოულობს.

“მხოლოდ ვაჭრობით ვშოულობთ ფულს. გლეხებიც კი, რომლებიც მიწაზე შრომობენ, მოსავალს ყიდიან”.

ბინადრობის მოწმობის გაცემის საკითხზე კი ამბობს, რომ “ეს არასწორია” – ბინადრობის მოწმობას აძლევენ გალის მკვიდრებს. ჩვენ აქ დროებით კი არ ვართ, სამუდამოდ ვართ. ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ჩვენი თავიდან მოშორება და ენგურს გაღმა გაგზავნა უნდათ. მაგრამ იქითაც რომ არ ვჭირდებით არავის?! იცით, როგორ იტანჯებიან იქ დევნილები? ზოგიერთი დღემდე სასტუმროში ცხოვრობს. აქ კიდევ ჩვენი მშობლების სახლებია, არსად წავალთ. გალი ადგილობრივების გარეშე ვერ გადარჩება. აქ შრომისმოყვარე ხალხია. უკეთესად ვიცხოვრებდით, ხელს რომ არ გვიშლიდნენ. არადა, ჩაგვკეტეს, როგორც რეზერვაციაში”.

მართლაც, როდესაც გალის რკინიგზის სადგურს უყურებ, რომელსაც 1992 წლიდან მატარებლები არ უნახავს, ხვდები, რომ გალი ჩიხია.

გალი; მაისი, 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

გალი; მაისი, 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

2

2.

3

4

5

5.

6

7

8

9

10

11

14

19

20

25

26

გალი; მაისი, 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

გალი; მაისი, 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

IMG_5262

IMG_5274

გალი; მაისი, 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

IMG_5293

IMG_5328

IMG_5377

IMG_5455

IMG_5460 IMG_5463

IMG_5472

IMG_5477

IMG_5481

ბიოლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიანა კოტოვა არის ჟურნალისტი სოხუმში. მუშაობს "ABAZA TV" თვის და რადიო "თავისუფლებისთვის". ნეტგაზეთისთვის მარიანა კოტოვა ამზადებს მასალებს 2016 წლის თებერვლიდან პროექტის "სამხრეთ კავკასიის ამბები" ფარგლებში.