ჩემი კითხვები თქვენს კითხვებზე ადეკვატურია – ვოლსკის პასუხი ჟურნალისტებს მუხთარლის საქმეზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე ძალიან ბევრი კითხვები ჰქონდა და კიდევ უფრო ბევრი გაუჩნდა.

“როგორ ხდება, რომ 2015 წლიდან ადამიანი საქართველოში ცხოვრობს, მოღვაწეობს და არავისთვის მიუმართავს და აზერბაიჯანსაც პრეტენზია არ ჰქონია? როგორ ხდება, რომ ცენტრალური უბნიდან ვიღაცას იტაცებენ და ამის არც ერთი მოწმე არსებობს? როგორ ხდება ის, რომ თუკი ადამიანი გატაცებულია, მეორე დღეს გამოდის და თავზე ლაფს ასხამს ჩვენს ქვეყანას? ამასთან დაკავშირებით გამოდიან ვიღაცები და განაგრძობენ იმის მტკიცებას, რომ ის ადამიანი გატაცებულია და იმყოფება ძალიან ძლიერი პრესის ქვეშ. ასე რომ, ძალიან ბევრი საკითხებია ისეთი, რაც შეკითხვებს ბადებს,” – ამბობს მმართველი გუნდის ლიდერი, რომელსაც შსს–ს პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება და მის კითხვებზე მკაფიო პასუხებს ელოდება.

გია ვოლსკის თქმით, არავითარი პრობლემა არსებობს იმისა, რომ გიორგი მღებრიშვილი ოპოზიციას შეხვდეს, თუმცა შს მინისტრი დღემდე არ/ვერ მიდის პარლამენტში კითხვებზე პასუხების გასაცემად.

“რასაკვირველია, არსებობს შეხვედრის რეჟიმი: დახურული ან კომიტეტის ფორმატში, სადაც საქმეზე ლაპარაკი არავითარ პრობლემას წარმოადგენს. პრობლემას წარმოადგენს ცირკის მოწყობის მცდელობა, რაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ განელებიათ ჩვენს ოპონენტებს,” – ამბობს ვოლსკი.

შსს “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე” არ ასაჯაროებს იმ ვიდეოკამერების ჩანაწერებს, რომლებიც აკონტროლებს ქუჩებს, საიდანაც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაუჩინარდა. თუმცა OCCRP-იმ მოიძია ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც აფგან მუხთარლის კონკრეტულ დროს უნდა გაევლო – 2-საათიან ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ კადრები შეცვლილი და დაზიანებულია. ნეტგაზეთის კითხვაზე, აჩენს თუ არა ეს გარკვეულ ეჭვებს გამოძიების მიმართ, ვოლსკი პასუხობს:

“არა… ამოღებულია სხვადასხვა საუკეთესო რაკურსიდან გადაღებული ძალიან ბევრი ვიდეო. გაყალბებული ვიდეო ამოღებულია იმ ობიექტიდან, საიდანაც შსს–ს არ ამოუღია. ანუ ამოიღო ვიღაცამ და შემდგომ მოხდა ყველაფერი, თუკი ამას გაყალბება ჰქვია. წინასწარი მონაცემებია ასეთი, მაგრამ გამოძიებამ ყველაფერი უნდა დაადასტუროს. მე მეტსაც ვიტყოდი – ის ვიდეოჩანაწერი, რომელიც გაყალბებულია, უნდა ამოიღონ და შეისწავლონ გარემოება, როგორ, საიდან და ვის ხელში მოხდა ეს ჩანაწერები. საერთოდ, ვფიქრობ, რომ საქართველოს წინააღდეგ, მით უმეტეს, ასეთი პროგრესის პირობებში, გამორიცხული არ არის, რომ იყოს გარკვეული დამოკიდებულებები და სურვილები, რომ ეს ვითარება შეარყიონ და როგორმე შექმნან სტრესული სიტუაცია. სამწუხაროდ, ვფიქრობ, უნებლიეთ, მაგრამ ბევრი 1–2-კაციანი ოპოზიციური პარტია ცდილობს ამ წინაპირობისთვის საკმაოდ ნოყიერი ნიადაგის შექმნას. თუმცა, მგონია, რომ ყველაფერი მაინც იქნება კარგად.”

რუსთავი 2–ის ჟურნალისტის კითხვამ, გულისხმობს თუ არა “ოცნების” დეპუტატი იმას, რომ აფგან მუხთარლი არ გაუტაციათ საქართველოდან აზერბაიჯანში, გია ვოლსკი გააღიზიანა:

“თქვენ თუ ეგრე გაიგეთ, თითქოს ვამბობ, არ გაუტაციათ, მაშინ ძალიან სერიოზული პრობლემები გაგაჩნიათ რედაქციაში იმიტომ, რომ სხვა რამეს ვამბობ: კითხვებია ძალიან ბევრი, გამოძიება მიმდინარეობს და პასუხები უნდა გაეცეს-მეთქი. არ მითქვამს, რომ არ გაუტაციათ. მე ვამბობ, რომ პირადად მე კითხვები წარმომეშვა-მეთქი. ჩემი კითხვები გაცილებით ადეკვატურია, ვიდრე თქვენი კითხვები.”

ნეტგაზეთის კითხვაზე, შეუშალა და უშლის თუ არა ხელს გამოძიების ობიექტურად წარმართვას ის ფაქტი, რომ ხელისუფლების პირველმა პირებმა ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე გამორიცხეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან შესაძლო გატაცების საქმეში ქართველი ძალოვნების/სამართალდამცველების მონაწილეობა, ვოლსკი პასუხობს:

“რა შუაშია? ეს გამორიცხული იმიტომაც არის, რომ საქართველოს არანაირი ინტერესი აქვს, თავის ქვეყანას ასეთი ზიანი მოუტანოს, როგორც ბევრი სხვა შეიძლება იყოს ამაში დაინტერესებული. გამორიცხულია იმიტომ, რომ ქართველი ძალოვნები არიან ყოველთვის თავისი მოწოდების სიმაღლეზე მიუხედავად მცდელობისა, რომ რაც შეიძლება მეტი დისკრედიტაცია მოახდინონ. ისინი [ძალოვანი უწყებები] ძალიან მკაფიოდ არიან ჩამოყალიბებული ერთ მთავარ პოზიციაზე, რაც, ალბათ, თქვენც უნდა გიხაროდეთ – არ არსებობს, ისეთი ქმედება განახორციელონ, რაც ქვეყანას ზიანს მოუტანს. ასეთი “გატაცება”, ასეთი ვითარების შექმნა საქართველოს მიმართ, ასეთი დამოკიდებულება, როგორსაც ბევრი ცდილობს, რომ გაიტანონ საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არის დამაზიანებელი. რასაკვირველია, საკუთარი ქვეყნის დაზიანების არც პათოსი გვაქვს, არც სურვილი და არც პასუხისმგებლობა.”

გია ვოსლკის თქმით, თუ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შესაძლო გატაცების საქმეში მონაწილეობდა რომელიმე ქართველი სამართალდამცველი, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მან არა მარტო დაარღვია კანონი, არამედ დააზიანა ქვეყანა:

“თუმცა ვფიქრობ, რომ არანაირი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ. ჩვენი სამართალდამცავი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ან არ ფლობენ ინფორმაციას, ანდა აქვთ რაიმე სხვა დამოკიდებულება თავისი სამშობლოს მიმართ. გეუბნებით, ზოგიერთი მიმართულების, მათ შორის, მედიასაშუალებების მხრიდან მიმდინარეობს გამიზნული კამპანია, სტრატეგიული მიმართულება ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციის.”

ჩვენს კითხვას, ძალოვანი სტრუქტურების გამიზნულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს თუ არა ვოლსკი იმ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც თითქმის ერთი თვეა უშედეგოდ ითხოვენ შს მინისტრთან და სუს–ის უფროსთან შეხვედრას კითხვებზე პასუხების მისაღებად, მმართველი გუნდის ლიდერი არ პასუხობს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თბილისში ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს: “მუხთარლი ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”. – ამბობს სადიგოვი.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. 30 მაისს ქართული მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში გაუჩინარებული ჟურნალისტი ბაქოში აღმოჩნდა დაპატიმრებული. საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ ჟურნალისტი გაუჩინარების შესახებ მათთან შეტყობინება 30 მაისს შევიდა და, შესაბამისად, სწორედ 30 მაისს დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყებიდან ორ დღეში, ანუ 1 ივნისს საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მუხთარლის “გაუჩინარების” საქმეში, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა გამორიცხეს.

მუხთარლის ქართველმა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა კი გვითხრა, რომ 29 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ გამოძიებას 15 ივნისის მდგომარებითაც კი არ ჰქონდა დათვალიერებული შემთხვევის ადგილი. ადვოკატის თქმით, 15 ივნისის მდგომარეობით, კვლავ ამოსაღები იყო ქუჩის ვიდეოკამერების ჩანაწერების ნაწილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.