ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

20 ივნისი, 2017 • 1921
“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს, სადაც კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი ორი მოსმენით უნდა განიხილონ,  ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა დღეს, 20 ივნისს გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადეს.

გიორგი ლომიას განცხადებით, კონსტიტუციაზე მუშაობაში რამდენიმე თვე ტყუილად დაკარგეს.

“ოპოზიციის ინიციატივებიდან თითქმის არაფერი არის გათვალისწინებული. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში ნახსენები იყო, რომ უფრო პლურალისტური დამოკიდებულება უნდა იყოს პარტიების მიმართ. აქედან გამოდმინარე, თქვენ უკან დასახევ გზას არ გვიტოვებთ და ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში უნდა გადავიდეთ,” – აღნიშნა “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის თავმჯდომარემ.

ირმა ინაშვილის თქმით, შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება შეურაცხმყოფელია არა მარტო პოლიტიკური სპექტრისთვის, არამედ საყოველთაო სახალხო განხილვებში მონაწილე ადამიანებისთვისაც.

“თქვენ საზოგადოებას ატყუებდით, როცა ამბობდით, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ. ახლა ტოვებთ შერეულ საარჩევნო სისტემას, როგორც მოწყალებას, ისე აგდებთ ბარიერის სამ პროცენტამდე დაწევის თემას. ეს იმისთვის გჭირდებათ, რომ პოლიტიკური პარტიები გააჩუმოთ და მოთაფლოთ. თქვენ ხალხი მოატყუეთ. ამ ტყუილში და ამ ფარსში ჩვენი ფრაქცია მონაწილეობას არ მიიღებს. ჩვენ რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს ვუცხადებთ. პირველ სხდომაზე მოვალთ, რათა საპარლამენტო ტრიბუნა გამოვიყენოთ, იმ ათ წუთში დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და დაგემშვიდობებით, ”  – აღნიშნა ინაშვილმა.

რიგგარეშე სხდომა 21 ივნისს, 13:00 საათზე ქუთაისში, პარლამენტის სასახლეში გაიხსნება. საპარლამენტო უმრავლესობას სურს კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი მიმდინარე კვირაში ორი მოსმენით მიიღოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი