ახალი ამბები

წინასწარ გამორიცხული ვერსია აფგან მუხთარლის საქმეში

20 ივნისი, 2017 • 2588
წინასწარ გამორიცხული ვერსია აფგან მუხთარლის საქმეში

მუხთარლის საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მასში ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობას უკვე გამორიცხავენ. რაზე მიანიშნებს ეს?

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თბილისში ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს: “მუხთარლი ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”. – ამბობს სადიგოვი.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. 30 მაისს ქართული მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში გაუჩინარებული ჟურნალისტი ბაქოში აღმოჩნდა დაპატიმრებული. საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ ჟურნალისტი გაუჩინარების შესახებ მათთან შეტყობინება 30 მაისს შევიდა და, შესაბამისად, სწორედ 30 მაისს დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყებიდან ორ დღეში, ანუ 1 ივნისს საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მუხთარლის “გაუჩინარების” საქმეში, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა გამორიცხეს. მუხთარლის ქართველმა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა კი გვითხრა, რომ 29 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ გამოძიებას 15 ივნისის მდგომარებითაც კი არ ჰქონდა დათვალიერებული შემთხვევის ადგილი. ადვოკატის თქმით, 15 ივნისის მდგომარეობით, კვლავ ამოსაღები იყო ქუჩის ვიდეოკამერების ჩანაწერების ნაწილი.

“ჩვენი ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებმა დაიწყეს გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, თუმცა გამოძიების პროცესში შეიძლება სხვა მუხლებიც შემოვიდეს. მე მოვისმინე სხვადასხვა შემაშფოთებელი ბრალდება ჩვენი სამართალდამცავი უწყებების მიმართ, მათ შორის, სახალხო დამცველის მხრიდან. მან ფეისბუკის საშუალებით   ჩემთვის აბსოლუტურად გასაოცარი და განმაცვიფრებელი განცხადება გააკეთა.  აბსოლუტურად გამორიცხულია,  ჩვენი რომელიმე სამართალდამცავი მონაწილეობდეს ამგვარ გაუგონარ ფაქტში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა 1 ივნისს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გოგა ხატიაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ გამოძიების დასრულებამდე მტკიცებით ფორმაში რომელიმე ვერსიის გამორიცხვამ, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების სავარაუდო მონაწილეობის თაობაზე, შესაძლოა გამოძიების ინტერესები მნიშვნელოვნად დააზარალოს.

“როდესაც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი იმპერატიულ ფორმაში გამორიცხავს, ეს უფრო მეტად დამაზიანებელია, რადგან როცა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ამ განცხადებას მოისმენენ, შესაძლოა, სათანადო გულისხმიერებით აღარ მოეკიდნონ ამ ვერსიას”, – ამბობს გოგა ხატიაშვილი.

გარდა უშუალოდ აფგან მუხთარლის ეჭვისა პროცესში საქართველოს სამსახურების თანამშრომლების მონაწილეობის შესახებ, ასევე არსებობს აზერბაიჯანელი დეპუტატის, ელმან ნასიროვის საჯარო განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაკავება იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგი, თუმცა სუს-მა ეს ცნობა კატეგორიულად უარყო. გარდა წულუკიანისა და კვირიკაშვილისა, საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლების შესაძლო ჩართულობა პროცესში ასევე გამორიცხა თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა. ერთადერთი პირი მმართველი გუნდიდან, რომელსაც მუხთარლის საქმეზე ნათქვამი აქვს, რომ გამოძიების ეტაპზე არაფრის გამორიცხვა შეიძლება, მათ შორის არც ქართული სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავაა. “თუ გამოვრიცხავთ, მაშინ საერთოდ რატომ ვატარებთ გამოძიებას?”.

“როდესაც გამოძიება მიმდინარეობს, რაღაცის გამორიცხვა სრულიად არაადეკვატურია”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში გიორგი გოგია, Human Rights Watch-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.

“ამით შედეგს გამორიცხავ”, – აგრძელებს იგი.

გიორგი გოგიას თქმით, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირები აკეთებენ მსგავს განცხადებებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამით გამოძიებას მითითებას აძლევენ, რა გამოიძიონ და რა – არა.

‘ანუ გავლენას ახდენ გამოძიებაზე. ეს უკვე ჩრდილს აყენებს გამოძიებასაც და მის შედეგებსაც. თუ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები დასკვნას გამოძიებამდე აკეთებენ (და როცა რაღაცას გამორიცხავ, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ამას, თუ არა დასკვნა) ამით სანდოობასაც აყენებენ ეჭვქვეშ”, – ამბობს გიორგი გოგია.

უმაღლესი თანამდებობის პირები თავიანთ ზემოხსენებულ განცხადებებში ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ისინი გმობდნენ სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაციას და მხარდაჭერას უცხადებდნენ შესაბამის ორგანოებს. გიორგი გოგიას ვკითხეთ, როდესაც უწყებების პრესტიჟის დაცვაა მოტივი, არის თუ არა გამართლებული გამოძიების დასრულებამდე რაღაცების გამორიცხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან?

“დაუსჯელობის განცდა არ უნდა იყოს წაქეზებული”, – ამბობს გოგია და დასძენს, რომ სწორედ ეს აყენებს ჩრდილს სტრუქტურას.

“როცა კითხვის ნიშნები ჩნდება ქვეყნის შგნით თუ გარეთ და არ ტარდება ეფექტური გამოძიება, ეს აყენებს ჩრდილს [ინსტიტუტებს] და ქვეყნის ერთგულებას საერთაშორიო სტანდარტებისა და ვალდებულებებისადმი”, – აცხადებს გოგია.

უფრო მეტი აფგან მუხთარლის საქმის შესახებ გაიგეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი