ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ

2014 წელს თბილისში 27 წლის ლაშა მახარაძე მოკლეს. მკვლელობაზე გარდაცვლილის მეგობარი, გიორგი ოქროპირიძე გაასამართლეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის არ აღიარებს დანაშაულს და აცხადებს, რომ შსს-ს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მისგან „ზონდერობას“ ითხოვდა, რაზედაც უარი უთხრა და სწორედ ამიტომ დააკავეს. თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ოქროპირიძემ ევროპის სასამართლოს მიმართა. ციხიდან ახლახან გამოგზავნილ წერილში ის წერს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება და თუ ევროსასამართლოდან საჩივრებს უკან არ გამოითხოვს, დედის ლიკვიდაციით ემუქრებიან. 2017 წლის 27 მარტს გიორგი ოქროპირიძის დედის სახლს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს. ფაქტს პოლიცია იძიებს.

„ბათუმელებმა“ ოქროპირიძის სისხლის სამართლის საქმე და მასზე ომბუდსმენის ანგარიშები შეისწავლა. წაიკითხეთ, რატომ ირწმუნება ოქროპირიძე, რომ პოლიტპატიმარია და როგორ უმტკიცებს მას დანაშაულს სახელმწიფო, რომლის მაღალი რანგის პოლიტიკოსები პატიმრის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ.

მნიშვნელოვანი დეტალები ოქროპირიძის საქმეში

ლაშა მახარაძე 2014 წლის 2 სექტემბერს, დღისით, თბილისის ცენტრში მოკლეს. ამის მიუხედავად, საქმეში არსებობს ერთადერთი თვითმხილველი – ვლადიმერ ბერძენიშვილი, რომელზეც მსჯავრდებული აცხადებს, რომ სწორედ ბერძენიშვილია მკვლელი, მაგრამ რადგან ეს უკანასკნელი მაშინდელი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის ნათესავია, მას მაღალი თანამდებობის პირები ხელს აფარებენ.

აბაშიძის ქუჩაზე, სადაც მკვლელობა მოხდა, დამონტაჟებულია 20-მდე ვიდეოსათვალთვალო კამერა. ოქროპირიძე ჩანაწერების ამოღებას ითხოვდა. ამის მიუხედავად, საქმეში არ მოიპოვება არც ერთი სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რაც თვალნათლივ ასახავს იმ დღის დანაშაულს, ან ავტომანქანის მოძრაობას, რომლითაც დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ. გამოძიება ამას იმით ხსნის, რომ კამერები, ძირითადად, ან მწყობრიდან იყო გამოსული, ან არ ჰქონდათ ჩართული.

შს სამინისტრომ 2014 წლის 12 სექტემბერს გიორგი ოქროპირიძის დაკავებასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გაავრცელა: „გიორგი ოქროპირიძე დააკავეს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო წარმომადგენლებმა. შესაბამისი დანაყოფებისა და ევროკავშირის მონიტორების მისიის წარმომადგენლების აქტიური მუშაობის შედეგად აღნიშნული პირი სოფელ ერგნეთში ქართულ მხარეს გადმოეცა“. ამ ეპიზოდს გამოძიება მხოლოდ ერთი მოწმის მეშვეობით ამტკიცებს. ცხინვალში დაკავების ეპიზოდი ბუნდოვანია.

გიორგი ოქროპირიძეს პირველმა ნაფიცმა მსაჯულებმა 2015 წლის 5 ივნისს ვერ გამოუტანეს ვერდიქტი. ქართული კანონმდებლობით დადგენილი საპატიმრო ვადებით, 12 ივნისს ის უნდა გაეთავისუფლებინათ წინასწარი პატიმრობიდან. ნაცვლად ამისა, მას ახალი ბრალი წაუყენეს „ცრუ დასმენის“ მუხლით. პროკურატურამ „ცრუ დასმენად“ შერაცხა 2014 წლის 22 სექტემბერს, ბათუმის ციხეში ყოფნის პერიოდში, ოქროპირიძის მიერ სახალხო დამცველისადმი მიცემული ახსნა-განმარტება, სადაც ის აღწერდა, თუ როგორ აწამებდნენ. სწორედ ამ მიმართვის გამო ოქროპირიძეს განმეორებით შეუფარდეს 9-თვიანი წინასწარი პატიმრობა, ანუ დატოვეს საპატიმრო დაწესებულებაში.

გიორგი ოქროპირიძეს ნაწილობრივ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს მეორედ შეკრებილმა ნაფიცმა მსაჯულებმა. მათ შორის უფროსი მსაჯული იყო აშშ-ს საელჩოს დაცვის თანამშრომელი. თუკი დამტკიცდება, რომ ის სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი იყო, კანონი ვერდიქტის ანულირებას ითვალისწინებს;

სასამართლომ იარაღის შენახვა, შეძენა, ტარების ნაწილში ოქროპირიძე გაამართლა. ლაშა მახარაძე იარაღით არის მოკლული.

საქმეში ფიგურირებს ერთი მთავარი და ერთი ირიბი მოწმე, რომელთა ჩვენებების საფუძველზეც ძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ოქროპირიძემ ჩაიდინა მკვლელობა. მოწმეების მიერ წინასწარ გამოძიებასა და სასამართლო გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებს შორის არსებობს მთელი რიგი ურთიერთგამომრიცხავი ცნობები.

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია

 

ბრალდება

ოფიციალური ვერსიით, აგვისტოს ომის რეზერვისტი გიორგი ოქროპირიძე ლაშა მახარაძის მკვლელობის შემდეგ სამხრეთ ოსეთში გაემგზავრა, რუსეთში მიმალვის მიზნით.

12 სექტემბრით დათარიღებული ვიდეომასალით შს სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ოსურმა მხარემ მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული ოქროპირიძე დააკავა და ქართულ მხარეს გადმოსცა.

გიორგი ოქროპირიძე დღემდე პირიქით ირწმუნება, რომ შს სამინისტრომ მისი დაკავების შესახებ განზრახ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა _ ის დააკავეს არა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, არამედ ხაშურის რაიონში; და ის დააკავეს არა 12 სექტემბერს, არამედ 5 სექტემბერს. შესაბამისად, გიორგი ოქროპირიძე მიიჩნევს, რომ ის შვიდი დღის განმავლობაში, ბრალის წარდგენის გარეშე, უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. ოქროპირიძე ყვება, რომ ერთი კვირის განმავლობაში ის ჰყავდათ თვალახვეული, დაატარებდნენ სხვადასხვა ადგილას და ასმენინებდნენ ოსურ საუბარს.

ინტერნეტგამოცემა abkhazia.com-ი 5 სექტემბერსვე, წყაროს მითითების გარეშე წერს: „ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ოქროპირიძე უკვე დაკავებულია, როცა ის ქვეყნის დატოვებას არალეგალურად ცდილობდა. განცხადებას შსს-ში, სავარაუდოდ, მოკლე ხანში გააკეთებენ. ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ და არც უარყოფენ შსს-ში“.

გიორგი ოქროპირიძის დაკავების კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან

გიორგი ოქროპირიძის დაკავების კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან

სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში აღნიშნავს 5 სექტემბერს სხვა მედიაორგანიზაციების მიერ ანალოგიური შინაარსის ინფორმაციის გავრცელებაზე.

შს სამინისტრო 2014 წლის 12 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს, რომ ოქროპირიძე დააკავეს ოსმა სამართალდამცავებმა და ევროკავშირის მონიტორების დახმარებით ის ქართულ მხარეს გადმოეცა.
2008 წლის ომის შემდეგ ქართული და ოსური მხარე ერთმანეთს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით უკავშირდება. სწორედ ამ გზით ცვლიან მხარეები ინფორმაციას დაკავებულების შესახებ. მაგალითად, თუ რუსი სამხედროები ან ცხინვალის პოლიცია აკავებს ამა თუ იმ ქართველს „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთისთვის, ისინი მისიის ცხელ ხაზზე გადმოსცემენ ინფორმაციას ქართულ მხარეს და პირიქით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ „ბათუმელებისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ოქროპირიძის სამხრეთ ოსეთში დაკავებასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი 2014 წლის 7-10 სექტემბერს ოთხჯერ გააქტიურდა. თუმცა, მისიის განცხადებით, „არ არსებობს მონაცემები, როდის ან როგორ გაათავისუფლეს ან გადასცეს ქართულ მხარეს“. ამასთან, EUMM-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ცხელი ხაზი პირველად ქართულმა მხარემ გააქტიურა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ მხარეს პირველი ცხელი ხაზის დროს, ანუ 2014 წლის 7 სექტემბერს უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია ოსური მხარისთვის ძებნილის შესახებ. თუმცა საქმის მასალების მიხედვით ოქროპირიძე 5 სექტემბერს ოსურ მხარეს იმიტომ დააკავეს, რომ მან „თბილისში კაცი მოკლა“, რაც არ შეიძლებოდა ცხინვალში სცოდნოდათ იმ დროისთვის.

გამოდის, რომ თუ კი ოქროპირიძე მართლაც სამხრეთ ოსეთში დააკავეს, იგი ქართულ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გვერდის ავლით გადმოსცეს, ანუ კომუნიკაცია მხარეებს შორის ცხელი ხაზის მეშვეობით არ დასრულებულა, რაც არ ხდება, რადგან მხარეებს პირდაპირი კომუნიკაცია ოფიციალურად არ აქვთ. მისიის განმარტებით, დაკავებულების გადმოცემის შესახებ ინფორმაციას მხარეები, როგორც წესი, ცხელი ხაზის მეშვეობით უზიარებენ ერთმანეთს.

შესაბამისად, სამხრეთ ოსეთში დაკავების ეპიზოდი რამდენიმე კითხვას აჩენს:

  • თუკი მართლაც ოსურმა მხარემ გადმოსცა ოქროპირიძე ქართულ მხარეს, რატომ არ გაუზიარეს გადმოცემის დეტალები, დრო მხარეებმა ერთმანეთს ცხელი ხაზის მეშვეობით;
  • თუკი ოსურმა მხარემ საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავა ოქროპირიძე, რატომ არ არის საქმის მასალებში ამის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი;
  • საქმის მასალებში არ ჩანს, ვინმემ გადაიხადა თუ არა ჯარიმა;
  • საქმის მასალებში დოკუმენტურად არ ჩანს, ოქროპირიძე „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს, თუ ქართული მხარის მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე. ერთადერთი მოწმის ჩვენებით, ის დააკავეს იმიტომ, რომ „თბილისში“ კაცი მოკლა, თუმცა გაუგებარია, როგორ უნდა მიეღო ამის შესახებ ოსურ მხარეს ინფორმაცია 5 სექტემბერს, მაშინ, როცა ცხელი ხაზი 7 სექტემბერს გააქტიურდა.
  • დაკავებული პირების გადმოცემის დროს ოსური და ქართული მხარის წარმომადგენლები ერთმანეთს პირისპირ, ფიზიკურად ხვდებიან. საქმის მასალებში არ ჩანს ოქროპირიძის გადმოცემის ამსახველი რაიმე მასალა, მაშინ, როცა შსს-მ გაავრცელა ოქროპირიძისთვის ბრალის წაყენების ამსახველი ვიდეომასალა ერგნეთთან, ოღონდ ქართულ მხარეს.

ოქროპირიძის სისხლის სამართლის საქმის მასალებში ამ კითხვებზე პასუხი არ არის.

მთავარი მოწმის ჩვენებები და მასში არსებული ცდომილებები

გიორგი ოქროპირიძის წინააღმდეგ როგორც სასამართლოში, ისე წინასწარ გამოძიებაში ჩვენება მიცემული აქვს ვლადიმერ ბერძენიშვილს. ბერძენიშვილი არის ერთადერთი მოწმე, რომელიც ამბობს, რომ დაინახა როგორ მოკლა გიორგი ოქროპირიძემ ლაშა მახარაძე. პირველი ჩვენება ვლადიმერ ბერძენიშვილს წინასწარ გამოძიებაში 2014 წლის 4 სექტემბერს მიუცია.

2- oq2- oq3 - oq

მეორე მოწმე – ნინო ანდრიაძე

ნინო ანდრიაძე გიორგი ოქროპირიძის საქმეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოწმეა. სწორედ მან უთხრა გამოძიებას, რომ ოქროპირიძე სამხრეთ ოსეთში წაიყვანა, რათა მოსკოვის მიმართულებით გაპარვაში დახმარებოდა.

ნინო ანდრიაძე მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძის დედასთან – ცირა გოდერძიშვილთან მუშაობდა 2012 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ნინო ანდრიაძის შვილი, გიორგი ანდრიაძე და გიორგი ოქროპირიძე მაშინ, გარკვეული პერიოდი, ერთ საპატიმრო დაწესებულებაში იხდიდნენ სასჯელს (ოქროპირიძე ევროსასამართლოსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული მორიგების აქტით გათავისუფლდა. ის 2010 წელს მკვლელობის მუხლით იყო მსჯავრდებული). სწორედ ეს აკავშირებდა ამ ორ ოჯახს.

სასამართლო პროცესებზე გიორგი ოქროპირიძე მუდმივად აცხადებდა, რომ შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ნინო ანდრიაძე თავადაც მსხვერპლია, რადგან მას თავისი პრობაციონერი შვილის და ასევე სიძის დაკავებით ემუქრებიან და ზეწოლის პირობებში ჩამოართვეს ჩვენება (სამსახურის ბოროტად გამოყენების მუხლით ასევე ნასამართლევია ნინო ანდრიაძის სიძეც, როგორც თავად ანდრიაძემ განაცხადა). თუმცა, ნინო ანდრიაძე ოქროპირიძის ამ განცხადებას გამუდმებით უარყოფდა.

4 - oq

5 - oq

მადინა თედეევას კომენტარი

გამოძიების მასალებში არ ჩანს, რომ პროკურატურა დაუკავშირდა მადინა თედეევას, რომელიც, ნინო ანდრიაძის ჩვენების მიხედვით, ოქროპირიძისთვის ყალბი პასპორტის დამზადებაში უნდა დახმარებოდა. თავად მადინა თედეევაც აცხადებს, რომ თბილისიდან მას ამ საკითხზე პოლიცია არ დაკავშირებია. „ბათუმელებთან“ სატელეფონო კომენტარში მადინა თედეევამ თქვა:

„რაზეა საუბარი, აზრზე არა ვარ. არაფერი მაგისდაგვარი არ იყო. მე ის ვიცოდი, რომ ნინო უნდა მოსულიყო აქ და ვისთან ერთად მოდიოდა, მე არ ვიცოდი. ნინო მოდიოდა ჩვენთან სტუმრად. დანარჩენი, არც პასპორტზე არ იყო ლაპარაკი და არც არაფერზე. ტყუილი ჩვენება არის ისა, არავითარი“.

მადინა თედეევა ამბობს, რომ ნინომ „საზღვარი“ როგორც კი გადაკვეთა, მაშინვე დააკავეს: „ნინო სამი დღე აქა ყავდათ, არც მინახია. საზღვრიდან რომ წამოიყვანეს, მაშინ გავიგე პოლიციისგან. პიროვნება ყავს თანაო და საზღვრის გადმოკვეთის გულისთვის დაკავებული არიანო. ეს გამოძიება სამი დღე გაგრძელდა. მერე ისევ თვითონვე წამოიყვანეს და გამოაცილეს საზღვარზე“.

მადინა თედეევას თქმით, სამხრეთ ოსეთში ასეთი წესი მოქმედებს: „საზღვარის დამრღვევთ აჯარიმებენ კი, 2000 მანეთის ჯარიმას გადაიხდიან საზღვარის დარღვევისთვის. სასამართლო პროცესი ტარდება ხოლმე და მერე დეპორტაციით გამოუშვებენ. ეგ არ ვიცი, თუ ჩატარდა სასამართლო პროცესი (ნინო ანდრიაძის). ეგ ყველაფერი დახურულ კარს მიღმა ხდება“.

კითხვაზე, არის თუ არა მისი ბიძაშვილი იზოლდა, იგივე ზოია თედეევა, რომელთანაც ნინო ანდრიაძის ჩვენების მიხედვით, ღამე გაათიეს მან და გიორგი ოქროპირიძემ, მადინა თედეევა პასუხობს, რომ – არა: „წნელისში (სოფელი) თუ ცხოვრობს იზოლდა, არც ეგ ვიცი“.

„ბათუმელები“ შეეცადა დაკავშირებოდა იზოლდა თედეევასაც. საქმის მასალებში მითითებულ ტელეფონის ნომერზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საერთოდ არ იციან ვინ არის იზოლდა თედეევა. ტელეფონით საუბრისას ასევე დასძინეს, რომ ტელეფონის მფლობელი ოჯახი ცხოვრობს სოფელ კოდაში, ქართულ ტერიტორიაზე.

როგორ გამოუშვეს ცხინვალის ციხიდან ნინო ანდრიაძე

ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ეგრეთ წოდებული `სახელმწიფო საზღვრის~ დამრღვევებს, ტყეში ხილის შესაგროვებლად წასულ გლეხებსაც კი, საზღვრის დარღვევის მოტივით ოსური მხარე აპატიმრებს და მხოლოდ მას შემდეგ ათავისუფლებს, რაც ქართული მხარე იხდის გამოსასყიდ თანხას. სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე ჰკითხეს ნინო ანდრიაძეს გიორგი ოქროპირიძის ადვოკატებმა, რატომ გამოუშვა ოსურმა მხარემ ის ჯარიმის გარეშე, მაშინ, როცა დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არალეგალურად შეიპარნენ. „უფასო იყო ეგ? ჩემი 3 ათასი დოლარი ამომაცალეს“, – ასე უპასუხა ნინო ანდრიაძემ კითხვას.

სხვა მტკიცებულებები

სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, ლაშა მახარაძეს სამივე ტყვია მოხვედრილი აქვს ქვემოდან ზემოთ. ვლადიმერ ბერძენიშვილის ჩვენების მიხედვით, ლაშა მახარაძე იყო ჩაცუცქულ მდგომარეობაში, როცა მას გიორგი ოქროპირიძემ ესროლა.

ოქროპირიძის ადვოკატები საქმის მონაწილე პირების გადაადგილების დადგენის მიზნით ითხოვდნენ სატელეფონო კომპანიებიდან ანძების ამონაწერს. დაცვის მხარეს მიაჩნდა, რომ ამ გზით დამტკიცდებოდა მკვლელობის მომენტში სად იმყოფებოდნენ ბერძენიშვილი და ოქროპირიძე და ასევე გადაადგილდებოდნენ თუ არა ნინო ანდრიაძე და გიორგი ოქროპირიძე ცხინვალის მიმართულებით. სასამართლომ არ მიიჩნია საჭიროდ ამ ჩანაწერების ამოღება.

ნაფიცი მსაჯულები

გიორგი ოქროპირიძის საქმე განიხილეს ნაფიცმა მსაჯულებმა. პირველმა ნაფიცმა მსაჯულებმა, საქართველოს ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის ისტორიაში პირველად, ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. ეს მოხდა 2015 წლის 5 ივნისს. იმავე დღეს ქვეყნის მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ, პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ერთი ხმა დააკლდათ გამამტყუნებელი ვერდიქტის მისაღებად. კანონმდებლობით ირაკლი შოთაძეს არ შეიძლებოდა სცოდნოდა რამდენი ხმა დააკლდათ, შესაბამისად, დაირღვა ნაფიც მსაჯულთა თათბირის საიდუმლოება.

ოქროპირიძის საქმეში ნაფიც მსაჯულთა საიდუმლოების დარღვევის სხვა ფაქტიც დაფიქსირდა, რის შესახებაც საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშში, სადაც ვკითხულობთ:

„დაზარალებულის ახლობელმა გააკეთა საჯარო სატელევიზიო განცხადება, საიდანაც ირკვეოდა, რომ ნაფიც მსაჯულთა პირველი შემადგენლობის ორმა წევრმა მას აცნობა მსაჯულთა თათბირის მიმდინარეობის დეტალები“. 2015 წლის 7 ივლისს გარდაცვლილი ლაშა მახარაძის დედამ და მისმა ნათესავმა პირდაპირ ეთერში განაცხადეს, რომ მათ სახლში მისული იყო ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯული, ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც მათ მიაწოდა ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სათათბიროში მიმდინარე პროცესებზე.

ოქროპირიძის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც, როცა 5 ივნისს მან განაცხადა: „…ჩემთვის გასაკვირი იყო ის ვერდიქტი, რაც დადგა და მე დღეს რომ ვყოფილიყავი ნაფიცი მსაჯული, რა თქმა უნდა, ვიქნებოდი იმ შვიდ ნაფიც მსაჯულს შორის, რომელმაც ოქროპირიძე გაამტყუნა“.

უმკაცრესი იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო მოწოდებები. მან ასევე დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და 8 ივნისს განაცხადა: „ჩემთვის არის აღმაშფოთებელი, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირის გასამართლება ვერ მოხერხდა. ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი ფაქტი. ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ ინსტიტუტმა, ნაფიც მსაჯულების ინსტიტუტმა, განიცადა სრული კოლაფსი და სრული კრახი. ჩვენ ვართ ვალდებული, რომ ამას გადავხედოთ და ის, რაც ხარვეზია, გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, დაზარალებული ოჯახი, რომელიც არის ლაშა მახარაძის ოჯახი, მათ აქვთ სრულიად სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს. ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ, რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ. ჩემთვის არის მიუღებელი, რომ ეს ინსტიტუტი ჩავარდა რეალურად. ეს არის სრული კოლაფსი და ჩვენ ამას უნდა გადავხედოთ და რაც შეიძლება ძალიან მალე“.

პრემიერის განცხადებას უმალ მოჰყვა პროკურატურის რეაგირება _ ოქროპირიძეს იმავე დღეს წაუყენეს ახალი ბრალი. თავისი შინაარსით უპრეცედენტო იყო თავად ეს ბრალიც და უკავშირდებოდა ოქროპირიძის დაკავების პერიოდს – საქმე იმაშია, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს, დაკავების დღიდან, მოშიმშილე პატიმარი ბათუმის მესამე საპყრობილეში გადაიყვანეს. სწორედ მაშინ მიმართა მან სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს. პატიმარი მიუთითებდა, რომ მას ბადრაგირებისას და მესამე საპყრობილეში არაადამიანურად ეპყრობოდნენ – სცემდნენ, შეურაცხყოფდნენ და პროვოკაციებს უწყობდნენ მკვლელობის „დაბრალების მოთხოვნით“. სწორედ ამ მიმართვის გამო, „ცრუ დასმენის“ მოტივით დაიწყო (9 თვის შემდეგ) ახალი გამოძიება ოქროპირიძის წინააღმდეგ და მას განმეორებით მიუსაჯეს ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობა. საქმეზე სასამართლო გამოძიება დღემდე გრძელდება, მოწმეების დაკითხვა კი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი ოქროპირიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს, ანუ 2015 წლის 26 დეკემბრის შემდეგ.

სახალხო დამცველმა „ცრუ დასმენაზე“ გამოძიების დაწყება მკაცრად გააკრიტიკა და შეაფასა, როგორც „საშიში“ და „საგანგაშო“ პრეცედენტი. მან თქვა: „მსგავსი პრეცედენტი ბევრ ლეგიტიმურ კითხვას აჩენს არა მხოლოდ გიორგი ოქროპირიძის მიმართ წაყენებული ბრალის დასაბუთებულობასა და მართებულობასთან დაკავშირებით, არამედ არსებითად ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე სახელმწიფოს მიერ არაერთგზის ნაკისრი – წამების წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულებას“.

„ცრუ დასმენის“ საქმე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც შეაფასა, როგორც „საშიში პრეცედენტი“. საიამ შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა: „ეჭვს იწვევს ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე ახალი ბრალის წაყენება და მის საფუძველზე პატიმრობის კვლავ შეფარდება. ყოველივე ზემოაღნიშნული ბადებს საფუძვლიან ეჭვს იმის თაობაზე, რომ პროკურატურის მხრიდან ადგილი აქვს მიზანმიმართულ მოქმედებას ოქროპირიძის პატიმრობაში დატოვების მიზნით“.

მეორედ შეკრებილი ნაფიცი მსაჯულები

მას შემდეგ, რაც პირველმა ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ გამოიტანეს გიორგი ოქროპირიძის მიმართ ვერდიქტი, საჭირო გახდა ნაფიცი მსაჯულების განმეორებით შეკრება. მსაჯულების ახალი შერჩევის სხდომა დაინიშნა 2015 წლის 10 ივნისს, ანუ პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებიდან ორ დღეში. მეორედ შეკრებილ 12 ნაფიც მსაჯულს შორის ერთ-ერთი, თანაც უფროსი მსაჯული, სავარაუდოდ იყო ის პირი, ვისაც ქართული კანონმდებლობით უფლება არ ჰქონდა ყოფილიყო ნაფიცი მსაჯული – ის, სავარაუდოდ, შს სამინისტროს თანამშრომელი იყო. აი, რა წერია 2016 წლის 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოდან სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის, ეკა ხუციშვილისთვის გაგზავნილ წერილში: „თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წელს განხილული იქნა გიორგი ოქროპირიძის სისხლის სამართლის საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით… ამასთან გაცნობებთ, რომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში ერთი პირი იყო აშშ-ს საელჩოს დაცვის თანამშრომელი“.

საგარეო საქმეთა სამინისტროდან კი დაკავებულის დედას, ცირა გოდერძიშვილს შემდეგი მისწერეს: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 23 მარტის #266 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი შესაბამისი ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთის საფუძველზე, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს დიპლომატიური მისიებისა და მათი ხელმძღვანელების რეზიდენციების დაცვას“.

წამება ბათუმის მესამე საპყრობილეში

გიორგი ოქროპირიძე დაკავებიდან მალევე, საიდუმლო ბრძანების საფუძველზე, ბათუმის მესამე საპყრობილეში გადაიყვანეს. ოქროპირიძის ადვოკატი წერს, რომ დაკავებული კატეგორიულ უარს აცხადებდა მაღალი თანამდებობის პირთა მიერ შეთავაზებულ პირობაზე, რა დროსაც მას უნდა დაებრალებინა სხვის მიერ ჩადენილი დანაშაული. „ასეთ პირობებში თბილისის #8 დაწესებულებაში მისი დაყოლიება ძნელი იქნებოდა და ამიტომ სახელმწიფო უწყებებმა ერთობლივად გადაწყვიტეს მისი თბილისიდან მოშორება 400 კილომეტრით დაშორებულ ბათუმის #3 დაწესებულებაში“.

ბათუმის მესამე საპყრობილეში სავარაუდო არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის „გამაოგნებელი“ გამოძიების შესახებ სახალხო დამცველის განცხადებას წინ უსწრებდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმადაც „გიორგი ოქროპირიძეს ჰქონდა „სისხლნაჟღენთები ორივე საფეთქლის პროექციაში, განვითარებული რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად“. ამის მიუხედავად, პროკურატურამ 2014 წლის 13 ოქტომბერს საქმე დახურა „დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო“.

რატომ მაინცადამაინც ოქროპირიძე

გიორგი ოქროპირიძე მკვლელობისთვის 2010 წელსაც გაასამართლეს. მას 13 წელი ჰქონდა მისჯილი. ის 2012 წელს ევროსასამართლოსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული მორიგების აქტით გათავისუფლდა.
საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ, როგორც მსჯავრდებულის დედა ამბობს, ოქროპირიძე ბიზნესადმინისტრირების სასერტიფიკატო კურსზე ჩაეწერა და 19 სექტემბერს სწავლას იწყებდა. ის აღადგინეს წყალბურთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც.

საპატიმრო დაწესებულების დატოვებიდან ორ თვეში, როგორც ოქროპირიძე აცხადებს, ვლადიმერ ბერძენიშვილმა ის ორჯერ შეახვედრა მაშინდელ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს. ოქროპირიძე ამბობს, რომ მას, როგორც ყოფილ პატიმარს, თანამშრომლობა, იგივე „ზონდერობა~ მოსთხოვა მინისტრმა. სწორედ ამაზე უარის შემდეგ დაემუქრნენ, რომ აუცილებლად დააბრუნებდნენ საპატიმრო დაწესებულებაში და ვინაიდან ის ერთხელ უკვე გასამართლებული იყო მკვლელობაზე, საზოგადოება მის მიერ ჩადენილ მეორე შემთხვევას მარტივად დაიჯერებდა.

ვლადიმერ ბერძენიშვილი კატეგორიულად უარყოფს ჭიკაიძესთან შეხვედრის ფაქტებს. ის აცხადებს, რომ ალექსანდრე ჭიკაიძის მამა ნამდვილად იყო მისი დის ნათლია, მაგრამ არც მინისტრ ჭიკაიძეს და არც მის უკვე გარდაცვლილ მამას არ იცნობდა.

განაჩენი

2015 წლის 26 დეკემბერს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, 12 ნაფიცი მსაჯულის შემადგენლობით, გიორგი ოქროპირიძის მიმართ ზოგიერთ წარდგენილ ბრალდებაზე გამოიტანა გამამტყუნებელი ვერდიქტი, ხოლო ზოგიერთ წარდგენილ ბრალდებაზე – გამამართლებელი ვერდიქტი. სასამართლომ გიორგი ოქროპირიძე უდანაშაულოდ ცნო იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარებაზე, ხოლო დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში და სასჯელის ზომად განუსაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა.

ოქროპირიძეები: ჩვენ მიმართ ტერორი ხორციელდება

2015 წლის 7 ივლისს ოქროპირიძეების კუთვნილ ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს. ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია. იმავე წლის 25 სექტემბერს ოქროპირიძეების სახლის ფანჯრებს ქვები დაუშინეს, 2017 წლის 27 მარტს კი ცირა გოდერძიშვილის სახლს `მოლოტივის კოქტეილი~ ესროლეს. ოქროპირიძის დედა ირწმუნება, რომ მის შვილს საპატიმრო დაწესებულებაში აიძულებენ გამოიტანოს საჩივრები ევროსასამართლოდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დედის მოკვლით ემუქრებიან, რომელიც ევროსასამართლოში მისი წარმომადგენელია.

გიორგი ოქროპირიძის სარჩელი ევროსასამართლომ სულ 5 მუხლით მიიღო წარმოებაში, მათ შორის წამების, არაეფექტური გამოძიებისა თუ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის მუხლებით. ამის დასტურად პატიმრის დედას ევროსასამართლოდან ოფიციალური წერილები აქვს მიღებული.

გიორგი ოქროპირიძე ამჟამად მეექვსე, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაშია მოთავსებული.

 

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ მაისის ნომერში
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან