დისკრიმინაცია თეატრალურში და კულტურის სამინისტროს სტრატეგია შშმ პირთა მიმართ

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წელს ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე მოსახვედრად, ერთ-ერთი პირობის თანახმად, აბიტურიენტს არ უნდა ჰქონდეს ფიზიკური ნაკლი, რაც ომბუდსმენის ოფისის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დისკრიმინაციულია. კულტურის სამინისტროში კი შშმ პირების კულტურულ გარემოში ადაპტაციისთვის მუშაობა ახლა დაიწყეს და შესაბამისი გზამკვლევის პირველი ვერსია დღეს წარმოადგინეს.

26 წლის ნუცა გოგალაძე, პროექტის “ქალები საქართველოდან” ერთ-ერთი გმირია. მან ბავშვობაში ერთ თვალში მხედველობა დაკარგა და ახლა პროთეზს ატარებს. ის ამბობს, რომ როდესაც პირველ ჯერზე აბარებდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, საშუალება არ მისცეს, თანაბარ გარემოში წარმოეჩინა თავისი შესაძლებლობები. შემდეგ წელს მისი ჯგუფში მოხვედრა აბიტურიენტებმა და მათმა მშობლებმა გააპროტესტეს მისივე ნაკლის გამო.

სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ თეატრალური უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტზე შესარჩევი კონკურსის მოთხოვნებში არსებული ჩანაწერი, რომლის თანახმად, I ტურში მოწმდება, აქვს თუ არა აბიტურიენტს გამოუსწორებელი ორგანული დეფექტი, რომელიც შეუთავსებელია პროფესიულ მოთხოვნებთან – დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და ასევე, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი ამბობს, რომ მას ამ კონკრეტულ ჩანაწერთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და მიიჩნევს, რომ სამინისტრო უნდა დაინტერესდეს დეტალებით.

სამინისტროში დღეს წარადგინეს კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში შშმ პირების თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის გზამკვლევი და შესაბამისი სამოქმედო გეგმის არსებული ბოლო ვერსია. დოკუმენტის ერთ-ერთ გამოწვევად კი კულტურის სფეროში ინკლუზიურ და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა სახელდება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ განათლების უფლების დაცვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენი­ჭება განათლების ხელმისაწვდომობის განვითარებას ინკლუზიური მო­დელის დანერგვის საშუალებით. ინკლუზიური განათლების მიზანი ყველა ბავშვის, მოზარდისა თუ ზრდასრულისთვის ხარისხიანი განათლების უზ­რუნველყოფაა, იმის მიუხედავად, თუ რა ფიზიკური, შემეცნებითი, მენტა­ლური, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური თუ სხვა მახა­სიათებელი გააჩნიათ მათ.

“ამდენად, საჭიროა მიზნობრივი მხარდაჭერა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის, თუმცა, ზოგადად, საგანმანათლებლო დასაწყისი პროგრამები მიზანშეწონილია იყოს საერთო ნებისმიერი შესაძლებლობის ადამიანისათვის,” – წერია გზამკვლევში.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დოკუმენტი მიზნად ისახავს კონცეპტუალური ჩარჩოსა და მექანიზმების შექმნას შშმ პირთა თანაბარი ინტეგრაციისთვის საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში.

საქართველოში, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლისათვის რეგისტრირებული იყო სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღები 125 004 შშმ პირი, რაც საქართველოს საერთო მოსახლეობის დაახლოებით 3%-ია.

სამინისტროს პრიორიტეტი შშმ პირებისათვის კულტურაზე ხელმისაწვდომობის ზრდა იქნება. კულტურის ხელმისაწვდომობა განიმარტება, როგორც მრავალი კომპო­ნენტის ერთიანობა. ერთ-ერთი კომპონენტია კულტურული სივრცეების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

“86 სსიპ-იდან, რომელიც შემოდის კულტურის სამინისტროს სისტემაში, სამწუხაროდ, მხოლოდ 20 არის ნაწილობრივ ან მთლიანად ადაპტირებული. ისეთი ელემენტარული საკითხი, როგორიც პანდუსია, რაც, ბუნებრივია, არ ფარავს საჭიროებების მთლიან სპექტრს, მაგრამ ასეთი ელემენტარული საკითხიც კი მხოლოდ 12-შია ამ 86-დან,” – ამბობს მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

2017 წელს სამინისტრო გეგმავს განახორციელოს თავის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების ინფრასტრუქტურის კვლევა და მათი შშმ პირთა საჭიროებებთან შესაბამისობის ანალიზი, რომელიც სხვა ფაქტორებთან ერთად შეაფასებს, რამდენად ადაპტირებულია გარემო უსინათლო და მცირემხედველიანი პირებისათვის.

"კულტურულ ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის გზამკვლევის" პრეზენტაცია სამინისტროში 20.06.17

“კულტურულ ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის გზამკვლევის” პრეზენტაცია სამინისტროში 20.06.17

კულტურის დაწესებულებების ტექნი­კური­ ადაპტირება შშმ პირთა საჭირო­ებებთან ავტომატურად არ ნიშნავს შშმ პირთა აქტიურ ჩართულობას კულტურულ ცხოვრებაში, ამიტომ გიორგაძე აღნიშნავს, რომ პროგრამის მთავარი მიზანი არა მხოლოდ სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობებისათვის პანდუსების დამატება იქნება, არამედ შშმ პირების კულტურულ სივრცეებში შინაარსობრივი გაწევრიანებაც.

ასევე სამინისტრო გეგმავს გაზარდოს ხელმისაწვდომობა კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული და შემოქმედებითი ინ­დუსტრიების პროდუქტსა და მომსახუ­რებაზე, ასევე, შემოქმედებითი ინდუს­ტრიების შესახებ ინფორმაციაზე.

გზამკვლევის თანახმად, კულტურაზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი კომპონენტი იქნება სახელოვნებო და, ზოგადად, კულტურის პროფესიული პრაქტიკის ხელმისაწვდომობა საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტექნიკური საშუალე­ბების გამოყენებით;

გზამკვლევის შემუშავების პროცესში სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვა სამინისტროებმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტმა, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, აჭარის ა/რ კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტრომ; ასევე, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ და ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივმა პროგრამამ „ადამიანის უფლებები ყველასათვის“. სამინისტრო სამუშაო ჯგუფებთან ერთად დოკუმენტზე გასული წლის ნოემბრიდან მუშაობს.

სამინისტროსთან ერთად გზამკვლევზე მუშაობის პროცესს დადებითაც აფასებს  “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”. მათი წარმომადგენელი, ქეთევან მარგალიტაძე აცხადებს, რომ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მომდევნო 2 წლის ხედვა სრულიად მისასალმებელია, თუმცა იმ გამოწვევებთან შედარებით, რომლებიც დღეს კულტურის სფეროს წინაშე დგას შშმ პირების ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით, ეს დოკუმენტი ზღვაში წვეთია.

“სამინისტროსთან ერთად ამ ინიციატივაზე ვმუშაობთ პირველივე დღიდან და მინდა აღვნიშნო, რომ ყველა შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნა სამინისტრომ განიხილა, რაც ძალიან კარგია. არც ერთი კითხვა, პრობლემა და შენიშვნა არ გამორჩენილა. რა თქმა უნდა, დარჩა საკითხები, რომლებიც ამ ეტაპზე დოკუმენტში არ არის. მაგრამ შეხვედრები იმავე ფორმატში აქტიურად გაგრძელდება და იმედი გვაქვს, რომ დოკუმენტი კიდევ უფრო დაიხვეწება,” – აცხადებს მარგალიტაძე.

გზამკვლევზე თანდართული 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს სხვადასხვა ტიპის აქტივობას. მასზე მუშაობა გრძელდება და, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, სამინისტრო მზად არის მიიღოს შენიშვნები და შეთავაზებები დოკუმენტის გასაუმჯობესებლად. გზამკვლევი სამინისტროს ერთიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც 2025 წლამდეა გაწერილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი