ახალი ამბები

ბურჯანაძე: კარგად ვიცით, როგორ აკონტროლებს მაჟორიტარების ხმებს ივანიშვილი

20 ივნისი, 2017 • 1588
ბურჯანაძე: კარგად  ვიცით, როგორ აკონტროლებს მაჟორიტარების ხმებს ივანიშვილი

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველოს მატყუარა ხელისუფლება ჰყავს – ასე გამოეხმაურა ის ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, მომავალი არჩევნები კვლავაც შერეული, მაჟორიტარული პრინციპის შენარჩუნებით ჩაატაროს.

„საქართველოს ჰყავს აბსოლიტურად უთავმოყვარეო და მატყუარა ხელისუფლება. დღეს გამოჩნდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების და ლიდერების სიტყვას აქვს ჩალის ფასი, მათ არ რცხვენიათ, თვეების განმავლობაში ილაპარაკონ ერთი და გადაწყვეტილების მიღების დროს გამოაცხადონ მეორე, ეს არის სამარცხვინო და თავმოყვარე ერი ამას არ უნდა იტანდეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე „ქართულ ოცნებას“ ვენეციის კომისიის მოტყუებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოპოზიციასთან 2-თვიანი მუშაობა კონსენსუსის მისაღწევად იყო ფარსი.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა ღირს თითოეული მაჟორიტარის ხმა და ძალიან კარგად ვიცით, როგორ აკონტროლებს ამ ხმებს ბიძინა ივანიშვილი. მაჟორიტარები, რომლებიც არაფერს აკეთბენ თავიანთი რეგიონისათვის და საპარლამენტო ტრიბუნასთან, ფაქტობრივად, არასდროს ჩნდებიან, მათ გაუწია ბიძინა ივანიშვილმა ანგარიში? მაშინ, როდესაც ჯიბეში ჰყავს ყველა მაჟორიტარი და ხელში უჭირავს მათი ბიზნესი, საერთოდ არ იყო პრობლემა მათი დაყოლიება პროპორციულზე გადასასვლელად“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

19 ივნისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები კვლავაც შერეული სისტემით ჩატარდება, ანუ მოსახლეობას ისეც მოუწევს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა, თუმცა კონსტიტუციური პროექტი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ, გათვალისწინებული იყო მხოლოდ პროპორციული არჩევნების ჩატარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი