წამლები. ფოტო: Emagineart – Flickr/Creative Commons

რატომ ღირს წამლები საქართველოში ორჯერ უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთში

თურქეთში თითქმის მესამედ ფასად შეიძლება საქართველოში ძვირადღირებული წამლების შესყიდვა. სპეციალისტების აზრით, ეს საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების მოგების მაღალი მარჟითაა გამოწვეული. გარდა ამისა, მნიშვნელოვან ფაქტორს ასრულებს მიდგომა ჯანდაცვის საკითხებისადმი ორი ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკაში.

ქობულეთში მცხოვრებ ჟუჟუნა დავითაძეს, რომლის შემოსავალი მხოლოდ 180 ლარი პენსიაა, თვეში 300 ლარის წამალი ესაჭიროება, რათა ქრონიკულ დაავადებებს გაუმკლავდეს. მისი შვილი, მზია დავითაძე ამბობს, რომ არც ეს თანხა ეყოფოდა, წამლების ნაწილს თურქეთში რომ არ ყიდულობდეს.

„სიმბიკორტი, რომელსაც რიზეში მაქსიმუმ 57 ლარად (84 ლირა) ვყიდულობ, საქართველოში 165 ლარი ღირს“, – ამბობს მზია დავითაძე, რომელიც ბოლო 10 წელია სტამბოლში მუშაობდა, თუმცა ახლა დედის მოსავლელად შინ დაბრუნდა და ქობულეთში ცხოვრობს.

„როგორც პენსიონერს, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში უფასოდ გადაუღეს ქობულეთის საავადმყოფოში. წამლებზე არანაირი დახმარება არ მიგვიღია“, – გვეუბნება მზია.

კიდევ ერთი რესპონდენტი გვიყვება, რომ თურქეთში მედიკამენტის ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც კანის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და დაუნიშნეს წამალი, რომლის შესაძენად საქართველოში ყოველთვიურად 20 580 ლარი დასჭირდებოდა, თურქეთში კი ამისთვის 7000 ლარს ხარჯავს. საუბარია პრეპარატ „ზელბორაფზე“, რომლის ერთ ფლაკონს საქართველოში, ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში 4,116 ლარი ღირს, თურქეთში კი – 2050 ლირა, ანუ 1388 ლარი. პაციენტი ამბობს, რომ თვეში ხუთი ასეთი ფლაკონი ესაჭიროება.

„ბათუმელებმა“ ქართულ და თურქულ სააფთიაქო ქსელებში კიდევ რამდენიმე მედიკამენტის ფასი შეადარა, ფასთა სხვაობის საილუსტრაციოდ. ცხრილში მითითებულია ფასები, რომლებიც გამოქვეყნებული აქვთ, ერთი მხრივ, საქართველოს სააფთიაქო ქსელებს თავიანთ ვებგვერდებზე და, მეორე მხრივ, თურქულ ვებგვერდს, სადაც თავმოყრილია თურქეთში გაყიდვაში არსებული მედიკამენტების ფასები:

1

ვის შემოაქვს წამლები საქართველოში

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე სამი დიდი კომპანია და რამდენიმე ასეული პატარა აფთიაქი ოპერირებს. წამლის ძირითადი იმპორტიორები სწორედ დიდი კომპანიები არიან, რომლებიც, თავის მხრივ, პატარა აფთიაქებს ამარაგებენ მედიკამენტებით.

სამი დიდი კომპანია, რომლებიც ძირითადად ინაწილებენ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს:

2

ნაილი შენგელიძე, მედიკამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი გვიხსნის, რომ საქართველოში კანონმდებლობით განსაზღვრულია მედიკამენტების რეგისტრაციის ორი რეჟიმი: აღიარებითი და ეროვნული. ეროვნული რეგისტრაცია შეეხება წამლის მწარმოებლებს ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელებს, ხოლო აღიარებითი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა აღიარებს იმ მედიკამენტებს, რომლებიც აღიარებულია მსოფლიოს მკაცრი მარეგულირებელი ქვეყნების მიერ გაცემული დადგენილებებით ამ პრეპარატზე.

შენგელიძის თქმით, ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების წილი საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე 13%-ია, დანარჩენი წამლები იმპორტირებულია და წარმოებულია ევროპაში, რუსეთში, ინდოეთში, ბელორუსში.

შენგელიძის ინფორმაციით, საქართველოს ბაზარზე გაცილებით მეტია აღიარებითი გზით შემოტანილი წამლების წილი.

აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის სარეგისტრაციო მოსაკრებელი 500 ლარია. მსოფლიო მკაცრი რეგულირების სისტემის მქონე ქვეყნების მიერ აღიარებული მედიკამენტის საქართველოში შემოტანის დროს მხოლოდ ადმინისტრაციული ექსპერტიზა ტარდება. 2009 წლამდე ყველა ტიპის მედიკამენტზე მოსაკრებელი იყო 2500 ლარი, როგორც აღიარებითი, ისე ეროვნული რეჟიმით.

„იმის გამო, რომ წამლის ფასი ყოფილიყო უფრო დაბალი და ბაზარზე გაჩენილიყო მეტი კონკურენცია, ეს სარეგისტრაციო მოსაკრებლები შემცირდა და ასევე შემოვიღეთ გამარტივებული წესით რეგისტრაციაც“, -ამბობს ნაილი შენგელიძე.

ამის მიუხედავად, წამლები საქართველოში კვლავაც გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე მეზობელ თურქეთში.

რა აძვირებს წამალს საქართველოში

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა იწვევს იმპორტირებულ მედიკამენტების ფასებს შორის ასეთ სხვაობას თურქეთსა და საქართველოში. ამისთვის ყველა ზემოთ აღნიშნულ დიდ სააფთიაქო კომპანიას დავუკავშირდით. მათ გვთხოვეს, წერილობით გაგვეგზავნა შეკითხვები, ასეც მოვიქეცით, თუმცა პასუხი მხოლოდ ერთმა კომპანიამ – PSP-მ გაგვცა.

„თქვენ მიერ დასმული კითხვების პასუხად შემიძლია გიპასუხოთ, რომ თურქეთში მედიკამენტების ღირებულების უდიდესი ნაწილის ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ ხდება. ამასთან, ბევრ მწარმოებელს აქვს თავისი ქარხანა თურქეთში, რაც მათი წარმოებული პრეპარატების ფასს ასევე ამცირებს. თქვენ მიერ მითითებული მედიკამენტების მწარმოებლებთან ხანგრძლივი და არაერთი მოლაპარაკების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება მოსაწოდებელი ფასების შემცირებაზე,“ – გვიპასუხეს PSP-ში.

„ქართული კომპანიების განმარტება, რომ ქართულ ბაზარზე წამლის სიძვირე გაყიდვაში არსებული წამლების მაღალი საწარმოო თვითღირებულებითაა გამოწვეული და თურქეთში მათი ფასი უფრო დაბალია, მთლად ობიექტურად არ ასახავს რეალობას“, – ამბობს ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე თინათინ ტურძილაძე ჩვენთან საუბარში და ამის არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ ქართული რეგულაცია მათ აძლევს მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელის ნებართვის გარეშე, პარალელური იმპორტის გზით, იაფი ბაზრებიდან წამლების შემოტანის შესაძლებლობას. როგორც წესი, ისინი სარგებლობენ ამ შესაძლებლობებით.

პარალელური იმპორტი საქართველოში 2009 წლიდანაა დაშვებული. ეს ნიშნავს, რომ თუ პრეპარატი რეგისტრირებულია ეროვნული ან აღიარებული რეჟიმით, მაგრამ იგივე მედიკამენტი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც დაშვებულია (მაგალითად, ინგლისში ინგლისური შეფუთვით, გერმანიაში გერმანული და ა.შ.), ნებისმიერ აქაურ დაინტერესებულ პირს შეუძლია უკვე რეგისტრირებულს დაამატოს განსხვავებული შეფუთვა და ასე შემოიტანოს პარალელური იმპორტით.

 ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო - EPA/JULIAN STRATENSCHULTE

ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო – EPA/JULIAN STRATENSCHULTE

სხვაობა თურქეთისა და საქართველოს მიდგომებში წამლის ფასების რეგულირების კუთხით

„დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ ქართულ ბაზარზე წამლების სიძვირე ძირითადად ქართველი ჰოლსეილერებისა და დისტრიბუტორების მაღალი მარჟებითაა განპირობებული,“ – ამბობს თინათინ ტურძილაძე, რომელიც ადასტურებს, რომ თურქეთთან შედარებით საქართველოში წამლები გაცილებით ძვირია.

„თურქეთს საქართველოსგან განსხვავებული რეგულირების მოდელი და ხარჯების შეკავების განსხვავებული სახელმწიფო პოლიტიკა აქვს,“ – ამბობს ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც ადასტურებს, რომ ფასთა ასეთი სხვაობა განსხვავებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია.

„დღევანდელი მდგომარეობით ფარმაცევტული კომპანიების 100% საქართველოში არის კერძო. არსებული კანონმდებლობითა და პოლიტიკით, ფასის ზღვრის დაწესება წამლებზე არ მოიაზრება. ფასებს განსაზღვრავენ კომპანიები თვითონ. ამიტომ არის რაღაც მიმართულებებში განსხვავებები იმავე მეზობელ თურქეთსა და ჩვენს ქვეყანაში არსებული მედიკამენტის ფასებს შორის. თურქეთი, თავის დროზე, როდესაც ჩვენ ტოტალურ გასხვისებაზე წავედით, ძალიან სტრატეგიულად მიუდგა ჯანდაცვას – მნიშვნელოვანი საპირწონეები დატოვეს სახელმწიფოს ჯანდაცვის მიმართულებით“, – აცხადებს სერგეენკო.

პროფესორი ისმეთ დინდარი, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორი, რომელიც თურქეთიდანაა და კარგად იცნობს იქაურ ჯანდაცვის სისტემას, ამბობს, რომ საქართველოს პრობლემა სუსტი ეკონომიკაა. მისი თქმით, თურქეთი სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს მოსახლეობის ჯანდაცვის სისტემას და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამებს.

„თურქეთში დღეს გამორიცხულია, რომ ადამიანი დაიღუპოს იმის გამო, რომ რომელიმე მედიკამენტი ვერ შეიძინა. ადრე ყოფილა ასეთი შემთხვევები, მაგრამ ბოლო წლებში, რაც რეფორმები გატარდა, ამის შანსი პრაქტიკულად აღარ არის“, – ამბობს ისმეთ დინდარი.

მისივე თქმით, ამას ხელს ისიც უწყობს, რომ თურქეთი დიდი ბაზარია და ფარმაცევტული კომპანიებიც დაინტერესებულნი არიან ამ ქვეყანაში ოპერირებით. იმავეს ამბობს თინათინ ტურძილაძეც:

„თურქეთი ევრაზიის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარამდე მოცულობის სააფთიაქო ბაზარია, ზრდის ძალიან მაღალი პოტენციალით. დიდია ამ ბაზრის მიმართ საერთაშორისო ე.წ. ტრანსნაციონალური ფარმაცევტული ინდუსტრიის ინტერესი: რამდენიმე ტრანსნაციონალური კომპანია თურქეთშივე უშვებს ამ რეგიონისთვის პროდუქციას“.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ თურქეთი შეუერთდა ე.წ. რეგიონულ გლობალურ შესყიდვას, რამაც მას საშუალება მისცა, ზოგ პროდუქციაზე 300%-ით შეემცირებინა ფასები.

„ჩვენი მოლაპარაკებები სწორედ ამ მიმართულებით მიდის, რომ გარკვეული ჯგუფის მედიკამენტებზე ჩვენც შევუერთდეთ ამ გლობალურ, კონსოლიდირებულ შესყიდვას. ეს ნიშნავს იმას, რომ რეგიონის რამდენიმე ქვეყანა ერთიანდება რაღაც ჯგუფის მედიკამენტების საყიდლად, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ფასებს“, – აცხადებს მინისტრი.

ტურძილაძის თქმით, თურქეთი 2009 წლიდან წამლებზე ფასებს არეგულირებს.

„მათ აქვთ ეტალონური ფასების რთული სისტემა, რომელიც მკაცრად ზღუდავს სადისტრიბუციო და სააფთიაქო მარჟებს, ასე ხელოვნურად შეკავებული ფასების სუბსიდირებით თურქეთი უზრუნველყოფს წამლებზე ხელმისაწვდომობას. ამ მოდელის გადმოღება ქართულ ბაზარზე დღევანდელი რეგულაციის პირობებში, ბიზნესს შეუქმნის საწარმოო თვითღირებულების შემცირების ხარჯზე მოგების შენარჩუნების მოტივაციას, ამიტომ გაუმართავი რეგულირების მოდელის პირობებში ფასრეგულაცია მხოლოდ ხარისხს დაწევს დაბლა“, – აცხადებს თინათინ ტურძილაძე.

წამლების კონტრაბანდა, როგორც გამოსავალი

მოქალაქეები, რომლებსაც ვესაუბრეთ, გვეუბნებიან, რომ თურქეთში წამლების საყიდლად ან პირადად გადადიან საზღვარზე და ახლომდებარე ქალაქებში, ძირითადად, რიზეს აფთიაქებში ყიდულობენ, ან აბარებენ ახლობლებს და ნაცნობებს, რომლებიც თურქეთში მუშაობენ და ყოველ სამ თვეში ერთხელ ჩამოდიან საქართველოში, რომ ჩამოუტანონ ან გამოუგზავნონ წამლები.

არსებობს სხვა გზაც, რასაც პატარა აფთიაქებმა მიაკვლიეს, რომლებიც ძირითადად აჭარის რეგიონში მუშაობენ. ჩვენ ერთ-ერთი ასეთი აფთიაქის წარმომადგენელს ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ მცირე რაოდენობით შემოაქვს თურქეთიდან მედიკამენტები იაფად, აქ კი შედარებით ძვირად ყიდის. თუმცა მის აფთიაქში ეს წამალი დიდ სააფთიაქო ქსელებთან შედარებით უფრო იაფი ღირს.

თინათინ ტურძილაძე ამბობს, რომ ეს ძალიან სახიფათო გზაა, რადგან არალეგალურად შემოტანილი წამლების მიღება ძალიან საშიშია, ვინაიდან არ არსებობს მათ უსაფრთხოებაზე, ეფექტურობაზე და საერთოდ, ნამდვილობაზე პასუხისმგებელი პირი:

„მსოფლიოში ფალსიფიცირებული და კონტრაფაქტული წამლების 200-მილიარდიანი შავი ბაზარი არსებობს, ეს წამლები ყველა ქვეყნის ბაზარზე აღწევს, მკაცრი რეგულირების მოდელის პირობებში მათი აღმოჩენა მალევე ხდება და იღებენ და ანადგურებენ. ჩვენნაირ ქვეყნებში, სამწუხაროდ, ეს აღმოჩენა ეფექტურად ვერ ხდება“.

 სარფის საბაჟო. ფოტო: თედო ჯორბენაძე

სარფის საბაჟო. ფოტო: თედო ჯორბენაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.