ახალი ამბები

საია: შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება დაუსაბუთებელია

20 ივნისი, 2017 • 2623
საია: შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება დაუსაბუთებელია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მიიჩნევს, რომ შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება აშკარად შეუსაბამო და არათანაზომიერი გადაწყვეტილებაა და  ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს.

საია მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა მოსწავლეების, მასწავლებლების, ადმინისტრაციის წარმომადგენლების განათლების, შრომის და პიროვნული განვითარების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

სკოლას ავტორიზაცია 2015 წლის 04 სექტემბერს მიენიჭა. ავტორიზაციამდე სკოლაში მიმდინარეობდა თურქულ ენაზე არაფორმალური სწავლების პროცესი, მაგრამ ვინაიდან სწავლების ფორმატი არ იყო შესაბამისობაში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, სკოლა არ გასცემდა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ განათლების დამდასტურებელ დოკუმენტს.

დოკუმენტების შესწავლის შედეგად საია აცხადებს, რომ თურქულენოვანი სექტორის არსებობას სკოლის ფარგლებში არ ესაჭიროებდა სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნებართვა, მაგრამ ავტორიზაციის მინიჭებისას სკოლას მიეცა რეკომენდაცია თურქულენოვანი სექტორის გაუქმებისა და მოსწავლეების ქართულენოვან სექტორზე გადაყვანის შესახებ.

“მიუხედავად იმისა, რომ სკოლას ჰქონდა უფლება, არ გაეუქმებინა თურქულენოვანი სექტორი, მათ იხელმძღვანელეს ავტორიზაციის საბჭოს რეკომენდაციით და სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით თურქულენოვანი სექტორი გაუქმდა”, – წერია საიას განცხადებაში.

2015 წლის 25 დეკემბერს ავტორიაზაციის საბჭომ განიხილა შაჰინის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხი, თუმცა ექსპერტთა მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე ავტორიზაციის საბჭომ ჩათვლა, რომ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს თურქულენოვან სექტორში ჩარიცხულ მოსწავლეებთან დაკავშირებით პრობლემა გადაჭრილი ჰქონდა, ამიტომ სკოლის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე შეწყდა.

2017 წლის 20-22 იანვარს სკოლაში განხორციელდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის არაგეგმური ვიზიტი, რის შედეგადაც მომზადდა დასკვნა.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტთა ჯგუფმა დაახლოებით ერთი წლის წინ თურქულენოვან სექტორიდან მოსწავლეების ქართულენოვან სექტროზე ჩარიცხვის პროცესი დადებითად შეაფასა, ამჯერად აღნიშნული დარღვევად ჩაითვალა. ასევე, კანონის უხეშ გადაცდომად იქნა მიჩნეული მიმდინარე სასწავლო პროცესში 5 მოსწავლისათვის მოსწავლის სტატუსის შეუჩერებლობა იმ მოტივით, რომ აღნიშნული მოსწავლეები არ მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში, აცხადებს საია.

შესწავლილ დოკუმენტებზე დაყრდნობით საია მიიჩნევს, რომ ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ ისე მიიღო, რომ სრულყოფილად არ გამოუკვლევია ფაქტობრივი გარემოებები. მაგალითად, ავტორიზაციის საბჭომ არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ თურქულენოვან სექტორთან დაკავშირებით ერთხელ არსებითად ნამსჯელი ჰქონდა და არსებობდა შესაბამისი გადაწყვეტილება, აცხადებს საია.

საიას მიაჩნია, რომ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ავტორიზაციის გაუქმება არ არის ადეკვატური და პროპორციული ზომა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბჭოს მიერ დარღვევებად მოყვანილი გარემოებები რეალურად არსებობს.

საიას უჩნდება  ეჭვი,  ხომ არ უკავშირდება მიღებული გადაწყვეტილება თურქეთის გენერალური კონსულის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შაჰინის სკოლა ტერორისტებს ზრდიდა.

საიას მიაჩნია, რომ თურქეთის დაინტერესებას აღნიშნული სკოლის ფუნქციონირების შეწყვეტასთან დაკავშირებით ადასტურებს ისიც, რომ თურქული მხარე საქართველოსგან მოითხოვს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის წარმომადგენლის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებას ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით.

მუსტაფა ემრე ჩაბუქს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.  გაიმართა აქციები მის მხარდასაჭერად, რადგან მიაჩნიათ, რომ თურქეთში მისი ექსტრადირება შესაძლოა საფრთხე იყოს ჩაბუქის სიცოცხლისთვის.

საია მოუწოდებს ქართულ მხარეს, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საექსტრადიციო პროცედურების განხილვისას იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და არ დაუშვას მისი თურქეთისათვის გადაცემა.

2017 წლის 3 თებერვალს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი