ახალი ამბები

დავით ბერძენიშვილი: ამ პარლამენტმა ვერაფერი გაბედა, სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობენ

20 ივნისი, 2017 • 2203
დავით ბერძენიშვილი: ამ პარლამენტმა ვერაფერი გაბედა, სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობენ

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ძალაუფლებას ჩააფრინდა და მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნა სურს. ეს განცხადება მან  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არგადასვლის კომენტირებისას გააკეთა.

დავით ბერძენიშვილის აზრით, 2020 წელს არჩევნების ჩატარება შერეული საარჩევნო სისტემით და 3-პროცენტიანი ბარიერით მხდალი ხელისუფლების ქმედებაა.

“ამ პარლამენტმა ვერაფერი ქნა, ვერაფერი გაბედა. ისევ ის სისტემა დატოვა, რომელიც ცოტა ხმებით ბევრი მანდატის მიღების საშუალებას გაძლევს. ეს არის იმის დადასტურება, რომ სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობენ. საქართველოში ასეთი ხისტი სისტემა ისეთ ვითარებას ქმნის, როცა ორი საინფორმაციო პოლიტიკური ბანაკი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდებიან და ერთი მეორეს შეელეწება, ან დალეწავს.  ეს არის მტრობის და კონფრონტაციის გზა. ასე იყო 2003 წელს, ასე იყო 2012 წელს”.

მისივე თქმით, ევროპული არჩევანი არის კონკურენციის და კოალიციების არჩევანი. ხოლო პოსტსაბჭოთა არჩევანი არის მტრობის, სიხისტის და სამკვდრო-სასიცოცხლოდ გამოსული ძალების არჩევანი.

“ესენი [ხელისუფლება] საბჭოთა კავშირში დარჩენილები არიან. ჯამში, თუ ოპოზიცია პროპორციული სისტემით მოიგებს, მაშინ ასეთი მედროვე მაჟორიტარები, რომლებიც ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში ხტუნაობენ, “ქართული ოცნებიდან” მაშინვე ხელისუფლებაში გადახტებიან, ისევე როგორც შევარდნაძიდან გადახტნენ სააკაშვილთან, ხოლო სააკაშვილიდან ივანიშვილთან არიან გადამხტარები. მთავარი არის საზოგადოებრივი განწყობა. თუ საზოგადოებრივი განწყობა იქნება ხელისუფლების მკვეთრად საწინააღმდეგო, ხელისუფლების მიერ ხელოვნურად ჩაჯიბული მანდატები მაინც იქცევა მის საწინააღმდეგო მანდატებად. ეს არის პოლიტიკის ლოგიკა.”

ბერძენიშვილის აზრით, “ქართული ოცნება” ძალაუფლებას ჩააფრინდა და მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნა სურს:

“პარტია, პოლიტიკოსი, რომელიც არ ემზადება იმისთვის, რომ ხელისუფლებიდან ოპოზიციაში წავიდეს და შემდეგ ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ის, როგორც წესი, ამთავრებს თავის პოლიტიკურ საქმიანობას, როცა ხელისუფლებიდან პანღურის კვრით გააგდებენ.”

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავი მოიჭრა ვენეციის კომისიის და  ევროპული სტრუქტურების წინაშე.

“ახლა რას იზამს ირაკლი კობახიძე? თუ პროპორციულ სისტემაზე არ გადავალთ, გადავდგებიო, რომ ამბობდა. ის სისტემა, რომლის ამოქმედება 2024 წლიდან უნდათ, უსამართლოა. ვფიქრობ, ასეთი ბონუსიანი სისტემა საქართველოში არ იქნება. როგორც ჩანს, მომდევნო პარლამენტში იქნება სერიოზული მსჯელობა და მცდელობა, რომ ჩვენ ნორმალური საარჩევნო სისტემა მივიღოთ პარტიების კონსენსუსის შედეგად.”

20 ივნისს “ქართულ ოცნებაში” გამართული კონსულტაციების შემდეგ პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 2020 წელს შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება, ხოლო საარჩევნო ბარიერი 5 პროცენტიდან 3 პროცენტზე ჩამოვა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ხელისუფლება 2024 წლიდან გეგმავს. 

ბონუსის სისტემა სამ პრინციპს მოიცავს და მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ 38-დან 44 პროცენტამდე მიიღო:

  • ზედა ზღვარი –  პირველ ადგილზე გასულ პარტიას ბონუსის გამოყენებით მანდატების რაოდენობა მაქსიმუმ 89 მანდატამდე შეევსება.
  • ფარდობითი ზღვარი – პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის სახით დამატებით  ვერ მიიღებს მის მიერ არჩევნბში დაფიქსირებული შედეგით  მოპოვებული მანდატების 35 პროცენტზე მეტს. დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება ბარიერგადალახულ პარტიებზე.
  • აბსოლუტური ზღვარი – პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსს ისეთ შემთხვევაში მიიღებს, თუ არჩევნებში მიღებული მანდატების რაოდენობით უბრალო უმრავლესობას ვერ აყალიბებს. ასეთ შემთხვევაში მას მანდატების რაოდენობა 76 მანდატამდე შეევსება.

მასალების გადაბეჭდვის წესი