ახალი ამბები

ზაალ უდუმაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

19 ივნისი, 2017 • 3628
ზაალ უდუმაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სახემ და 9- საათიანი კურიერის წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” დატოვა. ამის მიზეზი ისაა, რომ უდუმაშვილმა პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. უდუმაშვილი თბილისის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, როგორც  “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი.

“ეს არის ჩემი ბოლო მიმართვა მაყურებლისადმი, როგორც “კურიერის” წამყვანის. დღეს მე 25 -წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებ, თუმცა თქვენთან ურთიერთობას არა ეკრანიდან, არამედ უშუალო ურთიერთობით განვაგრძობ. ჩვენ ამიერიდან სატელევიზიო ეკრანი აღარ გაგვყოფს, მე მივიღე გადაწყვეტილება და მივდივარ პოლიტიკაში. როგორც ჟურნალისტი, მე თქვენი ყოველდღიური სტუმარი ვიყავი და გაწვდიდით ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა ახლა ვთვლი, რომ დადგა დრო, როცა თავად უნდა გავხდე პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და ჩემი წვლილი შევიტანო იმ ბრძოლაში, რომელიც ქვეყანაში ტოტალურ განუკითხაობას და ერთი კაცის მმართველობას დაასრულებს.

ბრძოლის გამოცდილება კი ნამდვილად მაქვს. გამოვიარე ძალიან საინტერესო წლები, როგორც ჟურნალისტმა, და ამავდროულად შევიძინე უზარმაზარი გამოცდილება, თუ როგორ უნდა ებრძოლო უსამართლობას. მე “რუსთავი 2″-ის გუნდთან და თქვენთან ერთად, ერთხელ უკვე გავიმარჯვე ამ ხელისუფლებასთან სრულიად უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა ქვეყანას მთავარი ბრძოლა წინ აქვს და მე ვაპირებ თქვენთან ერთად და თქვენი სახელით შევიდე ამ ბრძოლაში, კიდევ ერთხელ გავიმარჯვო და ამჯერად თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი”,- განაცხადა უდუმაშვილმა დღეს, 19 ივნისს 9-საათიანი კურიერის დასრულების შემდეგ.

ზაალ უდუმაშვილმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კიევში მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებს შეხვდა.

თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს ამჟამინდელი მერი დავით ნარმანია. ევროპული საქართველოს კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, ხოლო ქართული ოცნება კახა კალაძის კანდიდატურას უალტერნატივოდ განიხილავს. რესპუბლიკელებს და თავისუფალ დემოკრატებს კანდიდატად ალეკო ელისაშვილის დაყენება სურთ, თუმცა მას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი