ახალი ამბები

დეკანოზი ამბობს, რომ “ციანიდის საქმის” სცენარი სოსო გოგაშვილმა განახორციელა -ადვოკატი

19 ივნისი, 2017 • 3952
დეკანოზი ამბობს, რომ “ციანიდის საქმის” სცენარი სოსო გოგაშვილმა განახორციელა -ადვოკატი

დაკავებული დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გიორგი მამალაძე ამბობს, რომ ციანიდის სახელით ცნობილი საქმე პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის და ქორეპისკოპოსის იაკობის მიერაა დადგმულო, ხოლო სცენარის განხორციელებაში მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე იოსებ გოგაშვილი დაეხმარა.

ამის შესახებ იმ წერილშია საუბარი, რომელიც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საკნიდან მისივე ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ხელით გამოგზავნა:

“წერილში საუბარია, რომ არსებული სიტუაცია ნათლად აჩვენებს საქმის წინასწარ დაგეგმვას, რომლის სცენარის ავტორები არიან შორენა თეთრუაშვილი და მეუფე იაკობი, ხოლო სცენარის განმხორციელებელია სოსო გოგაშვილი, რომლის შვილის ნათლიაცაა იაკობი. ისინი ყოველმხრივ ცდილობენ, პატრირქმა არ იცოდეს სიმართლე, თუ ვინ და რისთვის მომიწყვეს ეს ყველაფერი”,- ამბობს მიხეილ რამიშვილი.

მისივე თქმით, ამ სცენარის აუცილებლობა დეკანოზი გიორგი მამალაძის ქონების მართვის სამსახურის დეპარტამენტის უფროსობას უკავშირდება, სადაც მან დარღვევები აღმოაჩინა.

2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი”. გამოძიების ცნობით, 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში.

“გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა. ამავდროულად, მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა საგრძნობლად გართულდებოდა ”, – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება, „ნატრიუმის ციანიდის“ შემცველი ფხვნილი.

თავად გიორგი მამალაძე ბრალდებებს არ აღიარებს. იგი ამბობს, რომ ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ შეუძენია, ციანიდი მის ბარგში არ ყოფილა და ჩაუდეს.

მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი