ახალი ამბებისამართალი

როდის დაიწყება გამოძიება “წითელი ცხვირების” საქმეზე?

19 ივნისი, 2017 • 5248
როდის დაიწყება გამოძიება “წითელი ცხვირების” საქმეზე?

საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში “წითელი ცხვირების” გაყიდვით შემოსული თანხების მითვისებაში ამ კამპანიის ორგანიზატორი თეონა ბაღდავაძე მისმა პარტნიორმა, აკა სინჯიკაშვილმა დაადანაშაულა.

უთანხმოება “წითელი ცხვირების” გაყიდვით შემოსული თანხების რაოდენობის სიზუსტესა და განაწილებას ეხება. თითოეული “წითელი ცხვირი” 5 ლარად იყიდებოდა და შემოსული თანხა, rednose.ge-ზე გამოცხადებული მიზნების თანახმად, უნდა მოხმარებოდა თავშესაფრის აშენებას, რაც აკა სინჯიკაშვილის იდეა იყო და ლეიკემიით დაავადებული პირის მკურნალობას.

ორივე მხარემ განაცხადა, რომ ამ საქმეზე გამოძიებას მიმართავდნენ.

ნეტგაზეთს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, რომ არც ბაღდავაძეს და არც სინჯიკაშვილს საჩივრით არ მიუმართავთ. განცხადება არც შსს-ში შესულა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განგვიცხადეს, რომ  სინჯიკაშვილის ან ბაღდავაძის განცხადება გამოძიების დაწყების მოთხოვნით არ არის რეგისტრირებული. რაც შეეხება პროკურატურას, აქ გვითხრეს, რომ წინასწარ უნდა ვიცოდეთ განცხადების ნომერი და შეტანის თარიღი, რათა მოიძიონ, დაიწყო თუ არა ამა თუ იმ განცხადებაზე გამოძიება.

იმის შესახებ, რომ თანხებთან დაკავშირებით გაუგებრობები იყო, საზოგადოებამ აკა სინჯიკაშვილის მიერ 16 ივნისს ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტიდან გაიგო.

სინჯიკაშვილს ბაღდავაძის მიმართ რამდენიმე პრეტენზია აქვს. იგი ეჭვობს, რომ გაცილებით უფრო მეტი “წითელი ცხვირი” გაიყიდა, ვიდრე ბაღდავაძემ მას უთხრა. კერძოდ, იგი ფიქრობს, რომ გაიყიდა 15 000 “ცხვირი” და შემოსული თანხა იყო 75 000 ლარი, საიდანაც მას რეალურად 35 000 ლარი გადასცეს. როგორც სინჯიკაშვილი ამბობს, ჩინეთიდან ორ პარტიად გამოიწერეს “ცხვირები” და მხოლოდ პირველ პარტიაში, რომელიც მთლიანად გაიყიდა, 20 000 “ცხვირი” იყო.  ასევე, სინჯიკაშვილის თქმით, თანხები შემოდიოდა მაისურების გაყიდვიდან და სპონსორობიდანაც. სინჯიკაშვილი ბაღდავაძეს შანტაჟშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ ამ პოსტის არდადების სანაცვლოდ ბაღდავაძე თანხას სთავაზობდა.

სინჯიკაშილი იმასაც მოითხოვს, რომ ბაღდავაძემ გაასაჯაროოს, ნამდვილად გადაურიცხა თუ არა “წითელი ცხვირის დღის” საერთაშორისო ფონდს შემოსული თანხის 1/3 დიდ ბრიტანეთში. მისი თქმით, ბაღდავაძის განცხადებამდე არ იყო ცნობილი, რომ შემოსული თანხის მესამედი საერთაშორისო ფონდში გადაირიცხებოდა.

თეონა ბაღდავაძე აკა სინჯიკაშვილის პასუხად კი აცხადებს, რომ  მოლაპარაკების თანახმად, შემოსული თანხა სამ ტოლ ნაწილად უნდა გაეყოთ, საიდანაც ერთი ნაწილი სინჯიკაშვილის ინიციატივისთვის ჩაირიცხებოდა, მეორე – ლეიკემიით დაავადებული პირის მკურნალობისთვის და მესამე სათავო ოფისისთვის. ბაღდავაძემ აკა სინჯიკაშვილი შანტაჟშიც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ფეისბუკზე პოსტის არგამოქვეყნების სანაცვლოდ 40 000 ლარი მოითხოვა. იგი აკა სინჯიკაშვილისგან მისთვის გადაცემული თანხის – 35 000 ლარის უკან დაბრუნებას მოითხოვს და თავად გეგმავს ამ თავშესაფრის აშენებას.

რაც შეეხება, თუ როგორ განიკარგებოდა შემოსული თანხა, 19 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თეონა ბაღდავაძემ მართლაც განაცხადა, რომ თანხის ნაწილი ჩაერიცხებოდა Red Nose Day-ს სათავო ოფისს:

“ჩვენი კამპანიიდან შემოსული თანხის ნაწილიც, იმიტომ, რომ ეს აუცილებლად ასე უნდა მოხდეს, მიემართება ამ საქველმოქმედო ფონდში. ეს არ არის დიდი თანხა იმიტომ, რომ ჩვენ ავუხსენით, რომ საქართველოშიც ძალიან დიდი საჭიროებები არსებობს. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ სიმბოლურად ვიღებთ მონაწილეობას ამაში, როგორც ყველა საერთაშორისო, დიდი წამოწყება, ესეც არის ერთ-ერთი პირობა,”- განაცხადა თეონა ბაღდავაძემ 19 აპრილს, როდესაც კამპანია  ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.

ის, რომ თანხის მესამედი ლონდონის სათავო ოფისს გადაეცემოდა, არ წერია საქართველოში მიმდინარე კამპანიის ვებგვერდზე, Rednose.ge-ზე – “წითელი ცხვირი 5 ლარი ეღირება, შემოსული თანხა კი აკა სინჯიკაშვილის ინიციატივის მხარდაჭერას და ლეიკემიით დაავადებული ნიკუშა დვალაძის მკურნალობას მოხმარდება.”

სათავო ოფისისთვის თანხის გადარიცხვის, საქართველოში შემოტანილი და გაყიდული “ცხვირების” შესახებ დოკუმენტები ბაღდავაძეს არ გამოუქვეყნებია. იგი ფეისბუკზე წერს, რომ ამ ყველაფერს გამოძიებას წარუდგენს.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, კონკრეტულად რომელ უწყებას მიმართავდა ბაღდავაძე. მან განგვიცხადა, რომ გამოძიების დაწყებამდე და სასამართლოში საქმის შეტანამდე, რასაც გარკვეული დრო სჭირდება, ამ “წითელი ცხვირების” საკითხზე მედიასთან კომენტარს არ გააკეთებდა, თუმცა დაგვიდასტურა, რომ ნამდვილად აპირებს ჩივილს საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, გამოძიების დაწყებას მოითხოვს, თუ სასამართლოში სარჩელს შეიტანს, ბაღდავაძემ გვიპასუხა, რომ ამას საზოგადოებას აცნობებენ:

“ჩვენ ამ თემაზე გავდივართ კონსულტაციებს და ყველა ინფომაციას მივაწვდი დაინტერსებულ საზოგადოებას ერთდროულად, რას და როგორ გავაკეთებთ,”- განაცხადა მან.

ნეტგაზეთი შეეცადა, აკა სინჯიკაშვილისთვისაც ეკითხა, როდის მიმართავდა გამოძიებას, თუმცა მასთან მობილური ტელეფონით და ფისბუკით დაკავშირება ვერ შევძელით.

განახლება:

სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეს შემდეგ პასუხი მივიღეთ Comic Relief-ისგან – ეს არის ორგანიზაცია, რომელიც Red Nose Day-ის ატარებს.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოში “წითელი ცხვირის დღის” კამპანიის მხარდასაჭერად თანხების მოსაგროვებად აქტივობები მიმდინარეობდა. ჩვენ საკითხს ვიძიებთ და ორგანიზატორტან ვთანამშრომლობთ,”- ასეთია Comic Relief-ის განცხადება, რომელიც ბრიტანეთიდან მოგვწერეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი