გია ჟორჟოლიანის თქმით, კონსტიტუციურ მონარქიაზე კომენტარები ნაჩქარევად გაკეთდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის და “სოციალ-დემოკრატების” ფრაქციის თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, კონსტიტუციური მონარქიის შემოღების საკითხზე არგუმენტები არ არსებობს.

გია ჟორჟოლიანის თქმით, ამ საკითზე დისკუსია არ გახსნილა. მისივე სიტყვებით, პატრიარქის მოსაზრების შესახებ კომენტარები ნაჩქარევად გაკეთდა:

“ეს იყო მოსაზრება, ცოტა აჩქარებული იყო კომენტარები, ეს მოსაზრება ადრეც გამოთქვა პატრიარქმა, შემდეგ ამას დიდი დისკუსია არ მოჰყოლია. რასაკვირველია, ყველა მოსაზრება იმსახურებს სერიოზულ განხილვას. მე შემიძლია გითხრათ ჩემი და ჩვენი პარტიის პოზიცია. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ არგუმენტს, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქია შემოვიღოთ. მეეჭვება, რომ არგუმენტები გამოჩნდეს. მიგვაჩნია, რომ საქართველოში ამისათვის არავითარი პირობა არ არსებობს,” – აღნიშნა ჟორჟლიანმა.

დეპუტატის განცხადებით,  იდეის მომხრეები იმის შესახებ ლაპარაკობენ, რომ შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში კონსტიტუციური მონარქიაა, თუმცა, მისივე აზრით, იქ აბსოლუტურად სხვა ვითარებაა:

“ამ მხრივ წყვეტა არ ჰქონიათ, ამ ინსტიტუტმა ძალიან დიდი როლი შეასრულა საზოგადოების ტრანსფორმაციის პირობებში სტაბილურობის თვალსაზრისით, ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნების თვალსაზრისით, როცა კლასობრივი და სოციალური დაპირისპირება მწვავე იყო. იქ საერთოდ სხვა ვითარებაა. მე ვერ ვხედავ საამისო არგუმენტებს საქართველოში.”

“კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში,” – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა 18 ივნისს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

“საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი,” -განაცხადა ილია მეორემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ილია მეორემ  კონსტიტუციურ მონარქიაზე ჭეშმარიტება თქვა.  ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხზე მომავალში პლებისციტი ჩატარდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.