ახალი ამბები

აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე დეპუტატები შს მინისტრს შეხვდებიან

19 ივნისი, 2017 • 1602
აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე დეპუტატები შს მინისტრს შეხვდებიან

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდებიან. ამის შესახებ ეკა ბესელიამ განაცხადა.

დღეს, 19 ივნისს,  ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობამ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა.

“კიდევ კონსულტაციები თუ გვჭირდება, ამისთვის მზად ვართ. გვინდა, რომ კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგში გვქონდეს. პარლამენტის აქტიური ჩართულობა ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი იქნება,” – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ეკა ბესელიას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა გამოძიების შედეგებზე ინფორმაციას შს სამინსიტროსგან და პროკურატურისგან მიიღებს. მისივე თქმით, უმრავლესობა გამოძიების პროცესს ძალიან სერიოზულად აკვირდება, რადგან ჟურნალისტის გატაცების საქმე  არის  ძალიან მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკური, სამართლებრივი, ადამიანის უფლებების, კონსტიტუციური უფლების დაცვისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კუთხით:

“ჩვენ შევხვდებით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვაპირებთ მისგან მივიღოთ პირველადი ინფორმაცია გამოძიების შედეგებზე, შემდეგ პროკურატურისგანაც მივიღოთ ეს ინფორმაცია. ამის შემდეგ გვექნება შიდა სამუშაო პროცესი, რომ დავგეგმოთ ის, თუ რა შეიძლება პარლამენტმა გააკეთოს. ამ პროცესში პარლამენტი ჩართული უნდა იყოს, როგორც მაკონტროლებელი ორგანო,  იმ ფორმით და იმ დოზით, როგორც რეგლამენტი და კანონი ამას ითვალისწინებს. ჩვენ ამას კარგად ვხედავთ და ვაცნობიერებთ. კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ, შიდა დისკუსიის შემდეგ გავარკვევთ,”- აღნიშნა ბესელიამ.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი