ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ მონარქიის საკითხზე პლებისციტი ჩატარდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, პატრიარქთან შეხვედრაზე, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და კონსტიტუციური მონარქიის შემოღების საკითხზე ისაუბრა.

“საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა ვისაუბრეთ მისი უწმინდესობის იდეაზე. ჩვენი პოზიციაა, რომ ეს არის ძალიან საყურადღებო იდეა, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს ამ იდეასთან კავშირი არ აქვს. ეს არის მომავლის იდეა, ამ საკითხზე დისკუსია, მსჯელობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ხალხთან საუბარი უნდა გაგრძელდეს. საბოლოოდ, ამ საკითხს მოსახლეობის ძალიან ფართო კონსენსუსი სჭრიდება და მისი უწმინდესობაც იზიარებს ამ პოზიციას. ეს არის ცალკე, დამოუკიდებელი პროცესი,”  – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

“ნეტგაზეთის” კითხვას, შესაძლებელია თუ არა ამ საკითხზე პლებისციტი ჩატარდეს, დეპუტატმა შემდეგნაირად უპასუხა:

“ალბათ. ჩვენი მოსახლეობის გამოკითხვის არც ერთი ფორმა უნდა გამოვრიცხოთ. თუ ვსაუბრობთ მომავალში კონსტიტუციური მოწყობის რაიმე ცვლილებაზე, ასეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ყოველთვის იღებს ხალხი. ამიტომ ხალხის აზრის გამოკითხვის ყველაზე კარგი ფორმებიდან არც ერთი უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ ჯერ საუბარია იმაზე, რომ ღია დისკუსია შეიძლება დაიწყოს საზოგადოებამ. კარგად უნდა გაცნობიერდეს, რა იგულისხმება ამ იდეაში, ბევრისთვის უცხო,ა რას გულისხმობს ეს იდეა, ბევრი მოხმრე ეყოლება და ბევრი მოწინააღმდეგე. პატრიარქისგან პირველად არ მესმის ეს, ადრეც მომისმენია და ძალიან საყურადღებოა ეს იდეა,” განაცხადა ბესელიამ.

“კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში,” – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა 18 ივნისს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

“საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი,” -განაცხადა ილია მეორემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ილია მეორემ  კონსტიტუციურ მონარქიაზე ჭეშმარიტება თქვა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.