აფხაზეთში მოკლეს ქალი, რომლის არასრულწლოვანი დის გაუპატიურებაში დეპუტატის ძმაა ბრალდებული

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატის, ალმაზ ჯოპუას ძმა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი 13 წლის გოგონას გაუპატიურებაშია ბრალდებული. არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტიდან რამდენიმე დღეში ცეცხლსასროლი იარაღით თავში გასროლის შედეგად დაზარალებულის და მოკლული იპოვეს.

1981 წელს დაბადებული ასტამურ ჯაპუას მიერ 2003 წელს დაბადებული არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება 2017 წლის 13 ივნისს დაიწყო.

არასრულწოვნის დედის მაშინდელი განცხადებით, მისი შვილი 12 ივნისის ღამით სოფელ ქვემო ეშერას მიტოვებული სპორტული ბაზის ტერიტორიაზე გააუპატიურეს. გამოძიების ცნობით, დეპუტატის ძმა, ასტამურ ჯაპუა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა. ოფიციალური ცნობითვე, ასტამურ ჯაპუა, რომელზეც რამდენიმე დღე ძებნა იყო გამოცხადებული, სამართალდამცავებს უკვე ჩაბარდა.

17 ივნისის საღამოს კი გაუპატიურებული არასწრულოვნის 23 წლის დის ცხედარი იპოვეს, რომელიც თავის არეში ცეცხლასროლი იარაღის გასროლით არის მოკლული. ოფიციალური ინფორმაციით, ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილია მამა, რომელიც ამ დროისთვის ოფიციალურად იძებნება. დაუდასტურებული ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტამდე დეპუტატმა ალმაზ ჯოპუამ ქალის მამას განუცხადა, რომ მისი შვილი მეძავია.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი დღეს, 19 ივნისს, ძალოვან სტუქტურებთან შეხვედრის დროს, გამოეხმაურა ორივე ფაქტს და განაცხადა, რომ ორივე დანაშაული ობიექტურად და კანონიერად უნდა იყოს გამოძიებული.

“არავის უნდა გაუჩნდეს აზრი, რომ  ვინმე ვინმეს დაცვას ცდილობს. არანაირი დაცვა არ იქნება. არსებობს დანაშაული, რომელიც უნდა იყოს გამოძიებული”, – განაცხადა ხაჯიმბამ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი