ენძელა მაჭავარიანი მონარქიაზე: როგორც ხალხი, პატრიარქი და უფალი გადაწყვეტს, ისე იქნება [ვიდეო]

“როგოც საზოგადოება, პატრიარქი და უფალი გადაწყვეტს, ისე იქნება,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა კონსტიტუციური მონარქიის შესახებ მიმდინარე დისკუსიის კომენტირებისას გააკეთა.

ენძელა მაჭავარიანის თქმით, ჯერ ამ საკითხზე არ უფიქრია და ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს:

“მე ვარ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და ამასთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება სუბიექტური იქნება, ეს ვერ იქნება პოლიტიკოსის ობიექტური განცხადება. ჩემი სულიერი მამის განცხადება ჩემთვის არის საფიქრალი და დავფიქრდები ამაზე. აქამდე მონარქიის აღდგენაზე არ მიფიქრია,” – აღნიშნა მაჭავარიანმა.

დეპუტატის თქმით, რახან პატრიარქმა თქვა, ამიტომ ეს იდეა უპირობოდ არ უნდა მივიღოთ:

“უპირობოდ მისაღები რომ ყოფილიყო, არც დავფიქრდებოდი. რადგან პატრიარქმა ბრძანა, მიმაჩნია, რომ უნდა ვიფიქროთ ამაზე. დანარჩენს, როგორც საზოგადოება, ხალხი, პატრიარქი და თავად უფალი გადაწყვეტს, ისე იქნება.”

“კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში,” – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა 18 ივნისს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

“საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი,” -განაცხადა ილია მეორემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ილია მეორემ  კონსტიტუციურ მონარქიაზე ჭეშმარიტება თქვა. ირაკლი კობახიძე ამ საკითხზე  პატრიარქთან შეხვედრას აპირებს. 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.