ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე და ეკა ბესელია ილია მეორეს შეხვდნენ

19 ივნისი, 2017 • 2528
ირაკლი კობახიძე და ეკა ბესელია ილია მეორეს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია ილია მეორეს შეხვდნენ. როგორც ნეტგაზეთს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, საუბარი საკონსტიტუციო რეფორმასა და კონსტიტუციური მონარქიის საკითხს შეეხებოდა.

“საუბარი შეეხო ზოგადად საკონსტიტუციო ცვლილებებს, კონკრეტიკაზე საუბარი არ ყოფილა, რადგან ამისთვის არც დრო იყო და არც ფორმატი. მათ სურდათ მოეხსენებინათ პატრიარქისთვის ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ. ამასთან ერთად, იყო საკითი, რომელიც შეეხებოდა საკონსტიტუციო მონარქიას”, – უთხრა დეკანოზმა ნეტგაზეთს. მისივე თქმით, კონსტიტუციური მონარქიის თემაზე პატრიარქმა და დეპუტატებმა მხოლოდ ზოგადად ისაუბრეს და კონკრეტიკა არ ყოფილა.

ტელეკომპანია იმედის ცნობით, შეხვედრა დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ზემოხსენებულ შეხვედრამდე განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კოსნტიტუციურ მონარქიაზე ჭეშმარიტება ბრძანა.

“ჩვენ აუცილებლად გვექნება შეხვედრა პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან და ამ შეხვედრის შემდეგ შეგვეძლება განცხადებების გაკეთება. ”

მისივე თქმით, კონსტიტუციური მონარქია პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობას გამორიცხავს:

“რაც უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებაა. საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა. ამასთან დაკავშირებით გვექნება შეხვედრა და შემდეგ შეგვეძლება კონკრეტული კომენტარის გაკეთება,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში,” – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა 18 ივნისს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

“საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი,” -განაცხადა ილია მეორემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი