ახალი ამბები

პატრიარქი გიორგი მამალაძის ოჯახთან შეხვედრას 21 ივნისს აპირებს

19 ივნისი, 2017 • 1985
პატრიარქი გიორგი მამალაძის ოჯახთან შეხვედრას 21 ივნისს აპირებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრას 21 ივნისს, 13:00 საათზე, აპირებს. დაგეგმილ შეხვედრას დეკანოზის ადვოკატები ვერ დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოში დაგვიდასტურეს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები თითქმის ერთ თვეა ითხოვენ პატრიარქთან შეხვედრას. თავდაპირველად, მათ ადვოკატებთან ერთად სურდათ ილია მეორესთან შეხვედრა, თუმცა ამაზე უარი ეთქვათ.

“უწმინდესთან შეხვედრა შემოგვთავაზეს მხოლოდ ოჯახის წევრებს, ადვოკატების გარეშე. მათ ეგონათ, რომ ამ შემოთავაზებას არ დავთანხმდებოდით და შემდეგ სათქმელი ექნებოდათ – ჩვენ შევთავაზეთ და თვითონ უარი თქვესო. ამ შემოთავაზების შემდეგ კვლავ ვითხოვდით უწმინდესთან შეხვედრას. მე არ ვიცნობ საქმის დეტალებს სრულად და ისე, როგორც მამაოს ადვოკატები, რომლებსაც გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი. ამიტომ გვსურდა მათთან ერთად უწმინდესთან შეხვედრა. თუმცა, ამის გარეშეც, რა თქმა უნდა, თანახმა ვიყავით შეხვედრაზე,” – ამბობს დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე.

დეკანოზის ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პატრიარქის მდივან–რეფერენტის შორენა თეთრუაშვილისა და ქორეპისკოპოსი იაკობის გუნდი ცდილობს, პატრიარქთან სწორი ინფორმაცია არ მივიდეს. ისინი დღემდე დარწმუნებული იყვნენ, რომ თავად ილია მეორე არ იყო ინფორმირებული იმის შასახებ, რომ დაკავებული დეკანოზის ოჯახის წევრებს პატრიარქთან შეხვედრის სურვილი ჰქონდათ.

“არ მჯერა, რომ პატრიარქამდე აქამდე მიეტანათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასთან შეხვედრა გვსურდა. თუკი ეს ინფორმაცია უწმინდესთან მისულია და ასეთ განსაცდელში მყოფ ოჯახს არ ღებულობს, მაშინ ძალიან ცუდად ჰქონია მთელ საქართველოს საქმე. დარწმუნებული ვარ, პატრიარქამდე ჩვენი ინფორმაციის 1%–იც კი არ მიაქვთ მის გარემოცვაში მყოფ ადამიანებს, რომლებზეც ვისაუბრე,” – განუცხადა ნეტგაზეთს თორნიკე მამალაძემ, სანამ პატრიარქის მდივანი გაავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ილია მეორე დეკანოზის ოჯახს შეხვდება.

ვრცლად დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე წაიკითხეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი