ახალი ამბები

კობახიძე: 2025 წლიდან მოსამართლეები უვადოდ დაინიშნებიან

19 ივნისი, 2017 • 1404
კობახიძე: 2025 წლიდან მოსამართლეები უვადოდ დაინიშნებიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიას შესთავაზეს, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ჩაიწეროს, რომ მოსამართლეები გამოსაცდელი ვადით 8 წლის შემდეგ, 2025 წლიდან აღარ დაინიშნონ.

ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 19 ივნისს პარლამენტში გამმართულ ბრიფინგზე გააკეთა. 16-17 ივნისს ვენეციაში ვენეციის კომისიის პლენარული სესია გაიმართა, რომელში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამაც მიიღო.

“დამატებითი კონსულტაციები გვქონდა ვენეციის კომისიასთან და შევთავაზეთ შემდეგი ინიციატივა: გარდამავალ დებულებაში ჩავდებთ, რომ მოსამართლეებისთვის მხოლოდ 2025 წლამდე იმოქმედებს პრობაციის პერიოდი. 2025 წლიდან სრულად გადავალთ მოსამართლეების უვადოდ გამწესების წესზე,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამჟამად მოსამართლეები 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი შეფასებას გაივლიან და შესაძლოა ისინი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნოს. საერთო სასამართლოების სისტემაში გამოსაცდელი ვადის გარეშე, უვადოდ მხოლოდ უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართულოს ყოფილი მოსამართლეები ინიშნებიან.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის კიდევ ერთ რეკომენდაცია ეხებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისას პარლამენტის როლის გამორიცხვას, თუმცა კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ ინიციატივას არ ეთანხმებიან და არ გაითვალისწინებენ:

“დღეს პარლამენტი ირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ პარლამენტი გამოირიცხოს ამ პროცედურიდან. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში არც ერთი სუბიექტი მიესალმება ამ ინიციატივას. ვფიქრობთ, რომ პარლამენტის როლი გამოკვეთილი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების პროცესში,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლს მოსამართლეობის კანდიდატებს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს, ხოლო პარლამენტი უმრავლესობით ამტკიცებს. წინა მოწვევის პარლამეტმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანიდიდატურები ჩააგდო, შედეგად, დღემდე არ არის სრულად დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლო.

საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის თანახმად, პრეზიდენტი სრულად გამოირიცხება პროცესიდან და პარლამენტს უზენაესი სასამართოს მოსაართლეობის კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი