14222121_330828373928860_6669012655698002719_n

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაფუძნდება

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის აკადემიური განვითარების გეგმას, აკადემიურ და კვლევით პროგრამებს, მმართველობითი სტრუქტურებისა და განვითარების გეგმას მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) სპეციალისტები ქართულ მხარესთან ერთად შეიმუშავებენ,

აღნიშნულ საკითხთან დაკავავშირებით  თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის დაფუძნებული ორგანიზაცია TUM International–ის მმართველმა დირექტორმა დანიელ გოტშალდმა დღეს, 19 ივნისს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

“სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავებისას, ასევე უნივერსიტეტის მართვისა და სამეცნიერო თუ ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში, გამოყენებული იქნება მიუნხენის უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სტანდარტები. მიუნხენის უნივერსიტეტის სპეციალისტები ქართველ არქიტექტორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების პროცესშიც გაუწევენ კონსულტაციებს”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაიაში.

თანამშრომლობის დეტალები იმ შეთანხმებაშია გაწერილი, რომელიც დღეს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის დაფუძნებულ ორგანიზაცია TUM International–სა და აიპ „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსს“ შორის გაფორმდა. პროექტის დაფინანსების შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფონდ „ქართუს“ შორის.

ადმინისტრაციის ცნობით, TUM International–თან გაფორმებული ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია ქუთაისის უნივერსიტეტის შემადგენლობაში ინოვაციების ცენტრის, კლასტერების ჰაბის და გამოყენებითი კვლევების ცენტრის ჩამოყალიბება და პოტენციური ბიზნესპარტნიორების მოძიება.

“ერთობლივად შემუშავდება კონცეფცია ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრების განვითარების მიზნით, რაც ქუთაისის უნივერსიტეტს ხელს შეუწყობს, გახდეს ცოდნისა და ინოვაციების ცენტრი რეგიონში. კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისში 140 ჰექტარზე გაშენდება. პროექტის ბიუჯეტი, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად აფინანსებს ფონდი „ქართუ”- ნათქვაია გავრცელებულს განცხადებაში.

წესდების მიხედვით რექტორის არჩევამდე, რექტორის მოვალეობას მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია შეასრულებს.

პროექტზე მმართველი საბჭო იმუშავებს, რომლის შემადგენლობაში მიუნხენის უნივერსიტეტის, ასევე – საქართველოსა და ბავარიის მთავრობის წარმომადგენლები იქნებიან.

მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM), რომელიც მე-19 საუკუნეში დაფუძნდა, 12 ფაკულტეტი აქვს, მათ შორის – საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების, სოფლის მეურნეობის, კვების ტექნოლოგიის და სამედიცინო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com