ახალი ამბები

საზოგადოებრივ მაუწყებელს კომუნიკაციების კომისიაში უჩივლეს

19 ივნისი, 2017 • 2380
საზოგადოებრივ მაუწყებელს კომუნიკაციების კომისიაში უჩივლეს

“თავისუფალმა დემოკრატებმა” და “რესპუბლიკელებმა” “საზოგადოებრივ მაუწყებელს” სოციალური რეკლამის განთავსების წესების დარღვევის თაობაზე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლეს. საჩივარი კომისიაში დღეს, 19 ივნისს შევიდა.

საჩივრის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში სარეკლამო ჭრის დროს გადის რეკლამა (სავარაუდოდ, სოციალური რეკლამის სტატუსით. მითითება, რომ რეკლამა არის სოციალური, არ არის), რომლის შინაარსია საქართველოში მიმდინარე საკონტიტუციო რეფორმა. კერძოდ, რეკლამაში ხაზგასმულია, რომ რეფორმის ფარგლებში საქართველო საპრეზიდენტო მმართველობიდან გადადის საპარლამენტო მმართველობაზე, ხოლო ევროპული საპარლამენტო მმართველობა გულისხმობს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესს. რეკლამა სრულდება შემდეგი ტექსტით: “გაიგე მეტი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე.” თუმცა მითითებული არ არის, მაყურებელმა სად და რომელი წყაროდან უნდა გაიგოს მეტი.

“თავისუფალი დემოკრატები” და  “რესპუბლიკელები” მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსებული სარეკლამო რგოლი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონის “მაუწყებლობის შესახებ” მე-2 მუხლის ჰ7-ე პუნქტით სოციალური რეკლამის განმარტებას:

“სოციალური რეკლამა  არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.”

მომჩივანები განმარტავენ, რომ რეკლამის კანონთან შეუსაბამობა ვლინდება შემდეგ გარემოებებში:

[checklist]

  • მართალია, რეკლამის შინაარსში მოხსენიებული არ არის მმართველი პოლიტიკური ძალა ან ხელისუფლება, მაგრამ რეკლამა შინაარსით არის სწორედ ამ პოლიტიკური გუნდის იდეების გაჟღერება.
  • რეკლამის შინაარსიდან არ იკვეთება არც საქველმოქმედო, არც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზანი. პირიქით, რეკლამა მიკერძოებულად და ცალმხრივად აწვდის მხოლოდ ერთი საკითხის შესახებ ინფორმაციას და მისი მიზანი არის საზოგადოების ქცევის შეცვლა მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების სასარგებლოდ.
  • 30-წამიან რეკლამაში საზოგადოება იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დახვეწილ ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტი არ აირჩევა პირდაპირი წესით, არამედ – პარლამენტის ან კოლეგიის მიერ. საპარლამენტო რესპუბლიკისთვის სხვა უმნიშვნელოვანეს დამახასიათებელ კრიტერიუმზე რეკლამაში “შეგნებული დუმილია”, რითაც მაყურებელი/საზოგადოება ხდება არაკეთილსინდისიერი მოპყრობის მსხვერპლი. ის შეჰყავთ შეცდომაში.

[/checklist]

“მითითებული გარემოებები ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას სურს ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე მისი ინტერესების სასარგებლოდ, რადგან საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩატარებული საყოველთაო განხილვისას საზოგადოებრივი აზრი მკაფიოდ, ნათლად გამოჩნდა (ანუ არ არსებობს ცალსახა კონსენსუსი) პრეზიდენტის არჩევის წესზე.

კერძოდ, მოქალაქეების ძალზე დიდი ნაწილი გამოხატავდა მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩეს პირდაპირი წესით. ამდენად, საზოგადოებრივ მაუწყებელში განთავსებული რეკლამის მიზანი არ არის კანონით დადგენილი მოთხოვნა “…საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო… რეკლამა”. პირიქით, აღნიშნული რეკლამა არაპირდაპირ არის პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი და მიზნად ისახავს საზოგადოების ქცევის ერთი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ, მისი ინტერესების შესაბამისად შეცვლას”,- აცხადებენ საჩივრის ავტორები.

მომჩივანები ასევე მიიჩნევენ, რომ მსგავსი შინაარსის რეკლამის გავრცელებით საზოგადოებრივი მაუწყებელი კარგავს მიუკერძოებელი, პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი მაუწყებლის სტატუსს, რითიც კანონს არღვევენ, რადგან  კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის … ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული სსიპ და მის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან.

“ცალსახაა, რომ კლიპი გამოხატავს მხოლოდ ერთი პოლიტიკური, მმართველი გუნდის (“ქართული ოცნების”) პოზიციას და სწორხაზოვნად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას იმ ფონზე, როდესაც ყველა პოლიტიკური პარტია, საზოგადოების დიდი ნაწილი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ამ სახით ცვლილებას. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს არის ხელისუფლების გავლენის ქვეშ და ახდენს იმ იდეების “პროპაგანდას”, რომელიც მხოლოდ სახელისუფლებო პოლიტიკური ძალისთვის არის მისაღები და ამ ფაქტით დასტურდება, რომ მაუწყებელი არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენისაგან”,- ვკითხულობთ საჩივარში.

მომჩივანები მოითხოვენ,  გაფრთხილება მიეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს და აღნიშნული რეკლამის გაშვება შეწყვიტოს.

კომისიაში აცხადებენ, რომ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებენ, რაც საჩივარს შეისწავლიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი