ახალი ამბები

მარგველაშვილი პარლამენტს კონსტიტუციური პროექტის პრეზიდენტის სასახლეში განხილვას სთავაზობს

18 ივნისი, 2017 • 2468
მარგველაშვილი პარლამენტს კონსტიტუციური პროექტის პრეზიდენტის სასახლეში განხილვას სთავაზობს

საქართვეოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის პრეზიდენტის სასახლეში განხილვას სთავაზობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის თქმით,  ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესი საკმაოდ რთულ ფაზაშია და იმისათვის, რომ რეალურად არ დავდგეთ ნულოვანი კონსენსუსის წინაშე, საჭიროა  რეალური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

“ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს ფართო ჩართულობას, პროცესის მაღალ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, მივესალმებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ერთობლივ მსჯელობასთან დაკავშირებით.  ვთავაზობთ, რომ აქ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და ბიზნესასოციაციები. ეს პროცესი იქნება ფართოდ გაშუქებული მედიის მიერ. ეს მსჯელობა იმისათვის არის საჭირო, რომ სახელმწიფო დოკუმენტი მივიღოთ არა ერთპარტიულად, არამედ ფართო კონსენსუსით,” – განაცხადა აბაშიშვილმა.

17 ივნისს “იმედის ქრონიკასთან” ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იგი მზადაა, პრეზიდენტთან ერთად სატელევიზიო ეთერით გააცნონ საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული ცვლილებების შინაარსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი