ახალი ამბები

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა აშშ დაამარცხა

18 ივნისი, 2017 • 4243
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა აშშ დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამერიკული ტურნეს მეორე მატჩში აშშ 17:21 დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა თამაში მეტოქეების შერკინებაში დაჩაგვრის ხარჯზე მოიგეს, ხელით თამაშსა და დერეფნებში აშშ-ის ეროვნული ნაკრები დომინირებდა. ურთიერთდაპირისპირების ისტორიაში ბორჯღალოსნებმა აშშ-ს სტუმრად პირველად სძლიეს.

თამაშის მეცხრე წუთზე ანგარიში მერაბ კვირიკაშვილმა ლელოთი გახსნა, თუმცა გარდასახვა ვეღარ გაიტანა (5:0). მეჩვიდმეტე წუთზე აშშ-ის ნაკრებმა ბორჯღალოსნებს ჯარიმით უპასუხეს (5:3). ოცდამესამე და ოცდამერვე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა (11:3). თამაშის მიწურულს ქართველმა მორაგბეებმა შერკინებაში მოწინააღმდეგეები რამდენჯერმე დააჯარიმეს. შედეგად, მსაჯმა ბორჯღალოსნებს საჯარიმო ლელო მიუთვალა, აშშ-ის ნაკრებიდან კი ერთი მორაგბე 10 წუთით გააძევა (3:21).

მეორე ტაიმის დასაწყისში მერაბ კვირიკაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა. ორმოცდამეჩვიტმეტე წუთზე რამდენიმეფაზიანი შეტევა აშშ-ის ნაკრებმა გარდასახული ლელოთი დააგვირგვინა (10:21). სამოცდამეხუთე წუთზე ქართველმა მორაგბემ მეტოქე ჰაერში შებოჭა, რის გამოც ამჯერად ბორჯღალოსნები დარჩნენ მოედანზე 14. სამოცდამეცამეტე წუთზე აშშ-ის ნაკრებმა კიდევ ერთი ლელოს გატანა შეძლო (17:21). დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ამერიკული ტურნეს პირველ მატჩში ქართველმა მორაგბეებმა კანადას 13:0 სძლიეს. ტურნეს ფარგლებში, ბოლო თამაშში 24 ივნისს ბორჯღალოსნები არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი