ახალი ამბები

‘რაკიას’ ცნობით, სასამართლომ გელა მიქაძის კომპანია დაავალდებულა, დაუბრუნოს მითვისებული მიწები

17 ივნისი, 2017 • 2378
‘რაკიას’ ცნობით, სასამართლომ გელა მიქაძის კომპანია დაავალდებულა, დაუბრუნოს მითვისებული მიწები

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტარი, “პატრიოტთა ალიანსის წევრი” გელა მიქაძე “რაკია ჯორჯიასთან” სამოქალაქო დავაში ლილო მოლის ფართების გასხვისებათან დაკავშირებით მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, ხოლო მუხროვანის ფართების გასხვისების ხელშეკრულებები ბათილად ცნო.

კომპანია რაკია ჯორჯიას ცნობით, სასამართლომ გელა მიქაძესთან დაკავშირებული კომპანია ‘’ჯორჯია გოლფ ენდ რეზორტი’’ დაავალდებულა. რაკია ჯორჯიას დაუბრუნოს მითვისებული მიწები და დაფაროს შესაბამისი ხარჯები.

კომპანიის ცნობით, საქმე ეხება 951 ჰა მიწის ნაკვეთს მუხროვანში, რომელიც მიქაძემ 2007 წელს რაკია ჯორჯიას დირექტორობის პერიოდში კომპანიას მისი ახლო პარტნიორისაგან 27 200 000 ლარად, რეალურ ღირებულებაზე დაახლოებით 10-ჯერ ძვირად აყიდინა, ხოლო პოსტის დატოვებამდე და დაპატიმრებამდე 2012 წლის ივლისში გააფორმა კონტრაქტი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ საკუთარ კომპანიასთან და რაკიას კუთვნილი 27 მილიონად ნაყიდი მიწები 2 მილიონად მიჰყიდა საკუთარ თავს და ეს თანხაც კი არ გადაიხადა.

კომპანიიის ცნობით, მოგვიანებით, თავისი კომპანიის წილების 2/3 თანამზრახველებზე, ხატერ მასაადსა და ალ სადექზე მხოლოდ 2$ – ად გაასხვისა.

“ეს ადასტურებს, რომ ეს სამი ადამიანი საერთაშორისო თაღლითური სქემით მოქმედებდნენ და მათ წინააღმდეგ საქმე არაერთ ქვეყანაშია აღძრული. უახლოეს დღებში რაკია ჯორჯია ქართულ საზოგადოებას მიაწოდებს ინფორმაციას იმ დამალულ ქონებებსა და კომპანიებზე, რომლებსაც ფლობს გელა მიქაძე და უმალავს საქართველოს საგადასახადო სისტემას”, – წერია კომპანიის განცხადებაში. 

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორი შეფასება მისცა მის საქმიანობას, ქართული კომპანიების დირექტორის თანამდებობაზე”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” კომპანიის ადვოკატმა ნათია წკეპლაძემ.

წკეპლაძის თქმით, მეორე დავა, რომელიც მიქაძის სასარგებლოდ დასრულდა, შეეხებოდა “თბილისი მოლის” ფართების გასხვისებას, რომელიც მიქაძემ რეალურად თავის თავს გაცლებით იაფად მიჰყიდა. წკეპლაძის თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ადვოკატი ამბობს, რომ გელა მიქაძის წინააღმდეგ “რაკია ჯორჯია” აწარმოებს ათეულობით სამოქალაქო დავას, რომელიც შეეხება მისი დირექტორობის პერიოდში რაკიას ქართული კომპანიების მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურებასა და ხელშეკრულებების გაუქმებას, ქონების უკან დაბრუნებას. ნათია წკეპლაძის თქმით, დავა ათეულობით მილიონ ამერიკულ დოლარს შეეხება.

პარლამენტარმა გელა მიქაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მას არ სურს დავების საქართველოში განხილვა და სასამართლო დავები გადააქვს ინგლისში, სადაც ბიზნესდავების განხილვის 300-წლიანი ტრადიცია არსებობს.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რაკია მის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს.

მიქაძის თქმით, ინგლისში მათ საქმე აქვთ მოგებული ანალოგიურ დავაზე, სადაც რაკია დააჯარიმეს დაახლოებით მილიონნახევარი დოლარით. ხოლო მეორე საქმე მოიგეს და ახლა სააპელაციო სასამართლოს უნდა მიმართონ.

“მეორე საქმე ჩვენ გვაქვს მოგებული, ზეგ გაიმართება აპელაცია. დარწმუნებული ვართ, რომ მოვიგებთ და, რაც მთავარია, ყველა პროცესი გადაგვაქვს ინგლისში. იმ სასამაართლოს, რომელსაც 3-საუკუნოვანი ისტორია აქვს და არანაირი ზეწოლა არ იქნება, ჩატარდეს ინგლისში ნეიტრალურ ტერიტორიაზე. მივცემთ საშუალებას ინგლისის სასამართლოს, მიიღოს გადაწვეტილება. ერთ პროცესზე [თბილისის მოლის ფართების გაყიდვის თაობაზე], რომელიც წააგეს არ გაავრცელეს ინფორმაცია. [თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესებზე] არც დავდივარ, არც მაინტერესებს. არ ვიცი, ადვოკატი დადის თუ არ დადის, არც მაინტერესებს. ყველაფერს ვაპირებთ ლონდონში”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გელა მიქაძემ.

“რაკია ჯორჯიას” განცხადებით, $17.2 მილიონი დოლარი, რომლის მითვისების გამოც ქართველ პარლამენტარს, გელა მიქაძეს გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა, არის მხოლოდ პატარა ნაწილი იმ სოლიდური თანხიდან, რომელიც მან თაღლითური გზით მიითვისა.

დეპუტატ გელა მიქაძის ადვოკატის, ქეთი ქვარცხავას განცხადებით, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში საქმის გამოძიება და სასამართლო სხდომა ისე წარიმართა, რომ მათთვის არაფერი უცნობებიათ. მისივე თქმით, გელა მიქაძეს ედავებოდა შეიხი, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარე და პროკურორის ოჯახის წევრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი