ახალი ამბები

მინერალური წყალი “ბორჯომი” ალუმინის ქილებითაც გაიყიდება

16 ივნისი, 2017 • 4721
მინერალური წყალი “ბორჯომი” ალუმინის ქილებითაც გაიყიდება

მალე ბაზარზე 0.33-ლიტრიან ალუმინის ქილებში ჩამოსხმული “ბორჯომი” გამოვა.  როგორც ნეტგაზეთს კომპანიაში განუცხადეს, ივლისიდან 0.33-ლიტრიანი ალუმინის ქილებში ჩამოსხმული ბორჯომი მაღაზიებში გაიყიდება და მისი ფასი 90 თეთრი იქნება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ბორჯომის პირველ ჩამომსხმელ ქარხანაში იტალიური კომპანია CFT-ის მიერ წარმოებული ჩამომსხმელი ხაზი გახსნა, რომელიც პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია ტექნოლოგიური სიახლეებით.

სამინისტროს ცნობითვე, კომპანიამ ინოვაციური პროექტი 5-მილიონიანი რეინვესტიციის საფუძველზე განახორციელა.

“IDS ბორჯომი საქართველოს” გენერალური დირექტორის, ზაზა კიკვაძის განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ ბაზარზე იყო მოთხოვნა ასეთ შეფუთვაზე:

“კვლევები, რომელიც ტარდება როგორც საქართველოში, ასევე საექსპორტო ბაზრებზე, ცხადყოფდა, რომ ბაზარზე მოთხოვნა იყო ასეთ შეფუთვაზე. ჩვენ ვუპასუხეთ მომხმარებლის მოლოდინებს და დღეს „ბორჯომი“ ალუმინის ქილაში უკვე წარმოებაშია. ალუმინის შეფუთვა გაცილებით ახალგაზრდა 20 – 30 წლის ასაკის მქონე მიზნობრივ აუდიტორიაზეა გათვლილი,”– ზაზა კიკვაძის კომენტარი ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი