ახალი ამბები

გრიგოლ გოგელია: “წითელი ზონა” და “ინტერview” კარგი გადაცემებით ჩანაცვლდება

16 ივნისი, 2017 • 5548
გრიგოლ გოგელია: “წითელი ზონა” და “ინტერview” კარგი გადაცემებით ჩანაცვლდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას განცხადებით, სალოემ ასათიანის “ინტერview”  და გოგი გვახარიას “წითელი ზონა” კარგი პროექტებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მაუწყებლის 2016 წლის საქმიანობის შესახებ ისმენენ ანგარიშს.

“სალომე ასათიანის პროექტი ჩვენს დროს განხორციელდა, ამ პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი მე ვიყავი. გავიგეთ, რომ არის კარგი ჟურნალისტი, ჰქონდა არაჩვეულებრივი  განათლება და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენი პოლიტიკა იყო ერთი ზოლი, სხვადასხვა ფორმატები, სხვადასხვა სახეები. ჩემთვის ამ სტრატეგიამ არ გაამართლა. ეს მანამ ვთქვი ბორდის სხდომაზე, სანამ ბატონი ვასილ მაღლაფერიძე მოვიდოდა ტელევიზიაში. ორ არხზე და რადიოზე გვქონდა 16 პროექტი, ამ რაოდენობის სოციალურ-პოლიტიკური გადაცემა “ბიბისიზე” არ არის,” – განაცხადა გოგელიამ.

მისივე თქმით, მაუწყებელი საკუთარი  ძალებით შექმნის რამდენიმე პროდუქტს და ეს იქნება სიღრიმისეული, ანალიტიკური და კარგი გადაცემა.

“რა გადაცემა დაიხურება და რა არა, ეს მენეჯმენტის გადასაწყვეტია და არა ბორდის. ამას ჩვენ მერე შევაფასებთ, შესრულდა თუ არა მენეჯმენტის მიერ აღებული ვალდებულებები.  ჩვენი პოლიტიკით, პოლიტიკური გადაცემები იწარმოება მხოლოდ ჩვენი რესურსით, სხვა ტიპის გადაცემებზე გამოცხადდა კონკურსი. ვიღაცას მოსწონს სალომე ასათიანი – ვიღაცას არ მოსწონს, ვიღაცას მოსწონს გოგი გვახარია – ვიღაცას არ მსოწონს, მაუწყებლის შენობის კიბეებთან სულ არის აქცია, ერთი ჯგუფი ერთს ითხოვს, მეორე – მეორეს. მაისში პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე კატეგორიულად გვთხოვდნენ გოგი გვახარიას გადაცემის დახურვას. ”

Update 20:30 სთ – გოგელიას არ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობდა “ერთ ჯგუფში”, თუმცა 2017 წლის 11 მაისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები სიძულვილით მოტივირებული განცხადებების გამო გურამ ფალავანდიშვილს დაუპირისპირდნენ და სხდომის დატოვებისკენ მოუწოდეს.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები საზოგადოებრივი მაუწყებლის 2016 წლის ანგარიშს განიხილავდნენ, რა დროსაც “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21”-ის წარმომადგენელი  გურამ ფალავანდიშვილი სიტყვით გამოვიდა და მაუწყებლის რამდენიმე გადაცემა გალანძღა.

13 ივნისს რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის ხელმძღვანელმა დავით კაკაბაძემ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ  მათ წერილობით მიიღეს შეტყობინება, რომ გოგი გვახარიას გადაცემა “წითელი ზონა” და სალომე ასათიანის “ინტერview” მაუწყებლის ეთერში აღარ გავა.  კაკაბაძის განცხადებით, გადაცემების დახურვის მიზეზად საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე რეორგანიზაცია სახელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი