ახალი ამბები

კახიძე: ბონუსი უსამართლოა, გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად უნდა გადანაწილდეს

16 ივნისი, 2017 • 1754
კახიძე: ბონუსი უსამართლოა, გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად უნდა გადანაწილდეს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული საარჩევნო ბონუსის სისტემა უსამართლოა.

“ეს ვერსია უფრო ნაკლებად უსამართლოა, ვიდრე ბონუსის თავდაპირველი ვარიანტი, როცა ყველა გადაუნაწილებელი მანდატი მიჰქონდა პირველ ადგილზე გასულ პარტიას, მაგრამ ესეც უსამართლოა.  89 მანდატამდე შევივსებთ და არჩევნებში მიღებული რაოდენობის 35 პროცენტზე მეტი არ იქნებაო, რატომ უნდა მიიღოს პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ, მით უმეტეს, მაშინ, როცა საარჩევნო ბლოკებს კრძალავენ? ეს უსამართლოა,” – ამბობს კახიძე.

დეპუტატის თქმით, ვენეციის კომისიამ “ქართულ ოცნებას” რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, პირველ რიგში კი, გადაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად გადანაწილება ყველა ბარიერგადალახულ პარტიას შორის:

“ჩვენ ვენეციის კომისიის ამ შემოთავაზებას ვუჭერთ მხარს. კომისიამ “ქართულ ოცნებას”, პირველ რიგში, ეს შესთავაზა და მიუთითა, რომ ხელისუფლების შემოთავაზებული ვერსია სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება,” – განაცხადა კახიძემ.

დღეს, 16 ივნისს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ვენეციის კომისიასთან საარჩევნო ბონუსის საკითხზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. დეპუტატების განმარტებით,  ბონუსის სისტემა სამ პრინციპს მოიცავს და მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ 38-დან 44 პროცენტამდე მიიღო:

  • ზედა ზღვარი –  პირველ ადგილზე გასულ პარტიას ბონუსის გამოყენებით მანდატების რაოდენობა მაქსიმუმ 89 მანდატამდე შეევსება.
  • ფარდობითი ზღვარი – პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის სახით დამატებით  ვერ მიიღებს მის მიერ არჩევნბში დაფიქსირებული შედეგით  მოპოვებული მანდატების 35 პროცენტზე მეტს. დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება ბარიერგადალახულ პარტიებზე.
  • აბსოლუტური ზღვარი – პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსს ისეთ შემთხვევაში მიიღებს, თუ არჩევნებში მიღებული მანდატების რაოდენობით უბრალო უმრავლესობას ვერ აყალიბებს. ასეთ შემთხვევაში მას მანდატების რაოდენობა 76 მანდატამდე შეევსება.

მასალების გადაბეჭდვის წესი