ახალი ამბები

შსს: გორის ვიცემერის ოჯახში ყაჩაღობის ინსცენირება ძიძამ მოაწყო

16 ივნისი, 2017 • 13064
შსს: გორის ვიცემერის ოჯახში ყაჩაღობის ინსცენირება ძიძამ მოაწყო

შსს-ს ცნობით, გორის ვიცემერის ოჯახში ყაჩაღობის ინსცენირებაში ბრალდებული ოჯახის მცირეწლოვანი ბავშვების ძიძაა.

გამოძიების ცნობით, მ. ჯ-მ, რომელიც დაახლოებით სამი წელია, გორის ვიცემერ გოგა რაზმაძის ოჯახში ძიძად მუშაობს, რამდენიმე თვის წინ აღნიშნული ოჯახიდან ფარულად წამოიღო ოქროს ნივთები. როგორც მან დაკითხვისას აღიარა, საძინებელ ოთახში მდგარი ტანსაცმლის კარადიდან გადმოიღო ჩანთა, სადაც მოთავსებული იყო ოქროს ნივთები, მათი ნაწილი ჩანთიდან ამოიღო, ხოლო დანარჩენი კარადის თავზე დამალა. ბინიდან წამოღებული ოქროს ნივთები მ.ჯ-მ ლომბარდში ჩააბარა. იმის გამო, რომ ლომბარდიდან ოქროს ნივთების გამოხსნა ვერ შეძლო, ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო.

შსს-ს ცნობით, 2017 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, მ.ჯ-მ საძინებელ ოთახში და ლოჯიაში მდგარი კარადებიდან იატაკზე გადმოყარა ტანისამოსი და სხვა ნივთები, შემოსასვლელ კართან კი ოქროს სამკაულის ნაჭრის პატარა ტომრები დაყარა. შემდეგ მისაღები ოთახის კედელს თავი დაარტყა, რა დროსაც შუბლის არეში დაზიანება მიიყენა, საძინებელ ოთახში გავიდა, იატაკზე, ბავშვების საწოლთან დაჯდა და ოჯახის დიასახლისის მოსვლას დაელოდა.

შსს-ს ინფორმაციით,  სახლში დაბრუნებულ დიასახლისს მ.ჯ-მ მოატყუა, თითქოს ყაჩაღები დაესხნენ თავს. პოლიცია აცხადებს, რომ მ.ჯ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

შსს-ს ცნობით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით, რაც გულისხმობს ყაჩაღობას ბინაში უკანონოდ, ჯგუფურად შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

პოლიციის ცნობით, უახლოეს პერიოდში საქმეზე მოხდება კვალიფიკაციის შეცვლა შესაბამისი მუხლით. გორის რაიონულ სამმართველოში აღნიშნულ ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი