ახალი ამბები

ბონუსის ზედა ზღვარი შესაძლოა არაუმეტეს 89 მანდატით განისაზღვროს

16 ივნისი, 2017 • 1786
ბონუსის ზედა ზღვარი შესაძლოა არაუმეტეს 89 მანდატით განისაზღვროს

საპარლამენტო უმრავლესობაში შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო ბონუსის ზედა ზღვარი უნდა განისაზღვროს. თუმცა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმულით დაანგარიშდება ბონუსის განაწილების საკითხი.

უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, ბონუსის ზედა ზღვარი 89 მანდატი იქნება:

“ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით ზედა ზღვარი დაწესდებოდა. დღეს ეს დაკონკრეტდა და საუბარია არაუმეტეს 89 მანდატზე. გამარჯვებული გუნდი ბონუსის ხარჯზეც კი ვერ მიიღებს ამაზე მეტ მანდატს. გამარჯვებულ გუნდს მყარი უმრავლესობა რომ ჰქონდეს, 89 მანდატი ოპტიმალურია,” – ამბობს კახიანი.

ეკა ბესელიას ინფორმაციით, მმართველი გუნდი ბონუსის დაანგარიშების სამ ფორმულაზე მსჯელობს, საიდანაც ერთს აარჩევენ:

“ამ მოდელებზე კონსულტაციები გვექნება, ვიმსჯელებთ,  თუ რომელი ვერსია იქნება უფრო სამართლიანი. რაოდენობას რაც შეეხება, ეს დამოკიდებული იქნება პარტიის მიერ მიღებული ხმების ოდენობაზე. ფორმულა, რომელზეც შევჯერდებით, იქნება სამართლიანი. ზედა ჭერის განსაზღვრა დააზღვევს იმ გამოთქმულ ეჭვებს, რაც ოპოზიციას და საზოგადოებას აქვს,” – აღნიშნა ბესელიამ.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შესაძლოა არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ 2024 წლის არჩევნებისთვის გაუქმდეს. “ქართულ ოცნებაში” ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ 14 ივნისს  განუცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი